Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“არ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რომლის გამოც რუსეთთან ურთიერთობა მძიმე უნდა დარჩეს”: ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან


საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას, ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა ვიზიტის მიზნებზე

და უპასუხა შეკითხვებსაც, რომლებიც თბილისში ნოემბრის მოვლენებს, თუ რუსეთთან ურთიერთობას ეხებოდა.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ხოლო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე “საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლადო გურგენიძის კანდიდატურა წარადგინეს (ეს კი 16 ნოემბერს მოხდა, როცა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა) გურგენიძისთვის მალევე ნათელი იყო, რა თემები მოექცეოდა ყურადღების ცენტრში ბრიუსელში ვიზიტის დროს.

[ლადო გურგენიძის ხმა] “ეს ვიზიტი ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი შეიტყონ იმის შესახებ, რაც მოხდა და - რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - იმის შესახებ, თუ რა მოხდება: ეს ეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რის ჩატარებაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი; ეს ეხება დამოკიდებულებას სოციალური საკითხებისადმი, რომლებმაც, ალბათ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია ბოლო თვეების მოვლენები. და ისინი (ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები) მოისმენენ დემოკრატიისადმი, ისევე როგორც რადიკალური რეფორმებისადმი ჩვენი უცვლელი და ურყევი ერთგულების შესახებ”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სოციალური პრობლემები, სოციალური დაძაბულობა მიაჩნია ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების მთავარ მიზეზად. იმის საილუსტრაციოდ, რომ ბევრ ადამიანს უჭირს საქართველოში, გურგენიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის მეოთხედი, ანუ 1 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა.

ამასთან, გურგენიძემ აღიარა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა 7 ნოემბერს დემონსტრაციის დაშლისას, როცა პოლიცია უხეშად გაუსწორდა საპროტესტო აქციების მონაწილეებს. [ლადო გურგენიძის ხმა] “იმავდროულად, საჭიროა ერთმანეთისაგან განასხვავო - ერთი მხრივ ტაქტიკური გადაწყვეტილება და ჩემი აზრით, 7 ნოემბერს გონივრული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - და მეორე მხრივ მეთოდები, რომლებიც მათი განხორციელებისას გამოიყენეს. ვიტყოდი, რომ ისინი აშკარად არ ყოფილა უნაკლო”.

ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში ლადო გურგენიძეს არ გაუმახვილებია ყურადღება რუსეთის როლზე ნოემბრის საპროტესტო აქციებში - როლზე, რომელზეც ხელისუფლება ბევრს და ხშირად ლაპარაკობდა დემონსტრაციების დარბევის დღეს, ისევე რგოორც მომდევნო დღეებში. პრემიერ-მინისტრის რწმენით, საქართველოში მთავრობის მთავარი წარმატება იყო და იქნება კიდეც დაკავშირებული სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირებასთან. ხოლო სანამ ეს სოციალური პრობლემები არსებობს, საქართველოში მიმდინარე მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები ყოველთვის გამოიწვევს უკმაყოფილებას - გულწრფელს, თუ მანიპულირებულს.

მაგრამ რუსეთს საუბარი, რასაკვირველია, მაინც შეეხო.
[ლადო გურგენიძის ხმა] “საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია, გართულდა. ეს მძიმე ურთიერთობაა, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რომლის გამოც ეს ურთიერთობა რთული და მძიმე უნდა დარჩეს. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში აღვადგენთ ნორმალურ, მეზობლურ, პრაგმატულ, ერთმანეთისთვის სარგებლის მომტან ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის: ორი პირობით - რუსეთმა ცალსახად პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ცალსახად პატივი სცეს დამოუკიდებელ არჩევანს, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა ევროატლანტიკური მიმართულებისა და მისწრაფებების შესახებ”.

ყველაფერი დანარჩენი, დასძენს ახალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში, შეიძლება იყოს განხილვის, დისკუსიის საგანი. ამასობაში კი გრძელდება დისკუსია ნატოსთან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის პირველივე დღეს, ოთხშაბათს შეხვდა ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოფ სხეფერს. ლადო გურგენიძე გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს მიიწვევენ ნატოში - “ადრე თუ გვიან”. ის, რომ საქართველოს 2000-კაციანი კონტინგენტი ჰყავს ერაყში, არავის უნდა ეგონოს მისთვის “მაპ”-ის (ანუ, ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის) მიღების პირობად.

[ლადო გურგენიძის ხმა] “ჩვენი მონაწილეობა ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში არანაირ პირობებს არ უკავშირდება და ასე იყო ყოველთვის”.
XS
SM
MD
LG