Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ”კომპრომატების ომი”, ”ვიდეოგადატრიალება და აუდიოთავდასხმა”, ”დაიწყება თუ არა პოლიტიკური

რეპრესიები საქართველოში” - ასეთი სათაურები აქვს სტატიებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მოვლენებს ეხება. ინტერნეტგამოცემა ”გაზეტას” ვარაუდით, ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული სკანდალი, როგორც ჩანს, საქართველოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ძირითადი ინტრიგა იქნება. გაგაცნობთ რუსეთის პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.

”ვიდეოგადატრიალება და აუდიოთავდასხმა” - ასეთი სათაურით აქვეყნებს დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა” სტატიას ბადრი პატარკაციშვილის ირგვლივ განვითარებული სკანდალის შესახებ. გამოცემის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებას - ამ ჩანაწერის თანახმად, დევნილი ოლიგარქის საარჩევნო შტაბის უფროსი ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციის მოწყობის დეტალებს აცნობს - წინ უსწრებდა ბადრი პატარკაციშვილის მიერ გამოქვეყნება აუდიოჩანაწერისა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება ოპონენტის თავიდან მოშორებას ჩეჩენი მებრძოლების ხელით გეგმავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩანაწერის მიხედვით, ერთ-ერთი ქართველი ჩეჩენ მებრძოლს, უვაის ახმედოვს, პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესაძლებლობებზე ესაუბრება. ”საქართველოს ხელისუფლება ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურა უკვე შეუდგა პატარკაციშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებების გამოძიებას”, - წერს ”გაზეტა” და განაგრძობს: ” პატარკაციშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ჩეჩენი სეპარატისტები. ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე თვითგამოცხადებული ”კავკასიური ემირატის” სახელით გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ”სანდი-ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატია ანტიჩეჩნურ პროვოკაციად არის შეფასებული. განცხადების თანახმად, უვაის ახმედოვი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა აჰმედ ზაკაევმა, რომელმაც ჩანაწერი ბორის ბერეზოვსკის გადასცა. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, ჩანაწერი ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.” შეგახსენებთ, სტატიას, სათაურით ”ვიდეოგადატრიალება და აუდიოთავდასხმა”, დღევანდელი ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა” აქვეყნებს.
თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კიდევ ერთ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩეჩნური ფაქტორის როლს ეხება. პუბლიკაციის ავტორი პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის თანამშრომელი სერგეი მარკედონოვია. ის აანალიზებს დეკემბრის დასაწყისში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფ რუსეთის სამშვიდობო ნაწილებში ჩეჩნეთის სპეცნაზის წარმომადგენლებიც მსახურობენ. მართალია, ეს ინფორმაცია უარყო როგორც აფხაზურმა მხარემ, ისე რუსეთმა, მაგრამ, ავტორის აზრით, რეალობა სხვაგვარია და, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის პრეზიდენტის კადიროვის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში მართლაც იმყოფებიან ჩეჩნური სპეცნაზის წარმომადგენლები. ციტატა პუბლიკაციიდან: ”კადიროვის ინაუგურაციას წელს, აპრილში, დაესწრო თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში. მაშინ კადიროვმა განაცხადა, რომ აუცილებელია ჩეჩნეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის გახსნა. უფრო ადრე, ვიცე-პრემიერობისას, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის მზად არის აქტიურად დაიცვას ცხინვალი.” გამოცემის აზრით, საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის წარმოებით ჩეჩნეთის ახალი პრეზიდენტი კრემლისადმი ლოიალურობის დამტკიცებას ცდილობს, თუმცა, მეორე მხრივ, ჩეჩნური სპეცნაზის ჩართვა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირებაში ნიშნავს რუსეთის ჩართვას კონფლიქტში არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ გაცილებით სერიოზულ მოთამაშეებთან - ვაშინგტონსა და ევროკავშირთან. ხოლო ეს, ”პოლიტკომის” აზრით, სერიოზულ პოლიტიკურ გართულებებსა და იზოლაციასაც კი მოუტანს რუსეთს.
XS
SM
MD
LG