Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები განხორციელდა გასული წლის მანძილზე


ფასების ზრდა, ლარის კურსის გამყარება და მაღალი ინფლაციური ფონი გასული წლის ძირითადი ეკონომიკური

მახასიათებლებია. ფასების მატება, ძირითადად, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის, შაქრისა და საწვავის გაძვირებამ გამოიწვია. ლარის კურსის გამყარება მოჭარბებული უცხოური ინვესტიციების დამსახურებაა. მაღალი ინფლაციური ფონი კი ყოველივე ამის შედეგია. გასულ წელს სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება, ახალი საბაჟო ტარიფების სრულფასოვანი ამოქმედება, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა და ახალი სოციალური პოლიტიკის გამოცხადება.

გასულ წელს ფასების მატებით საქართველოს მოსახლეობაში გამოწვეულმა უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. პოლიტიკოსთა და ექსპერტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ 2 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სწორედ ფასების ზრდით, ინფლაციით და სხვა სოციალური პრობლემებით უკმაყოფილო მოქალაქენი ჭარბობდნენ. თბილისის ქუჩებში გამვლელთა გამოკითხვისას მეც გამიჭირდა კმაყოფილი მოქალაქის პოვნა.

[მოქალაქეთა ხმა] ”ყველა საყოფაცხოვრებო მომსახურება, მარილიდან დაწყებული, ყველაფერი გაძვირდა. საერთოდ, ძნელია, ხალხს უჭირს...”

მთავრობა ცდილობდა მოსახლეობისთვის აეხსნა, რომ ფასების მატება და ინფლაცია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებითაა გამოწვეული. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ვერაფერი ნუგეში აღმოჩნდა, ისევე როგორც სტატისტიკური ცნობები იმის თაობაზე, რომ საქართველოში ეკონომიკა არნახული ტემპებით იზრდება. მიუხედავად რუსეთის მხრიდან დაწესებული ბლოკადისა, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 12 პროცენტით გაიზარდა. ამ რიცხვით მოხიბლულმა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს დახმარების პროგრამაც კი აღარ გააგრძელა. სავალუტო ფონდის მისიის წევრის რობერტ ქრისტიანსენის კომენტარი:

[რობერტ ქრისტიანსენის ხმა] ”მისიის მიზანი იყო მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს სწრაფად განვითარებას. ჩვენი აზრით, წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 12-13 პროცენტის ფარგლებში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია.”

აღსანიშნავია, რომ ქრისტიანსენმა ეს განცხადება 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ გააკეთა. მისი აზრით საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდა, ძირითადად, უცხოური ინვესტიციების დიდი რაოდენობით შემოდინების დამსახურებაა. სხვადასხვა გაანგარიშებით, 2007 წლის მანძილზე ინვესტიციების მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

რატომ არ აისახება ეკონომიკის ასეთი ზრდა რიგითი მოქალაქეების ყოფაზე? ამ კითხვაზე პასუხი ეკონომიკის ექსპერტს ნიკო მეჭედლიშვილს ვთხოვე.

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”მისასალმებელია, მაგრამ თვითონ ბაზა ეკონომიკური ზრდის არის ძალიან პატარა. ანუ როცა ძალიან ცოტას აწარმოებ და მერე 9 პროცენტს მოუმატებ, ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის დიდს არაფერს ნიშნავს.”

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკამ მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საქართველო, ბიზნესის წარმოების თავისუფლების მხრივ, 178 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზე აღმოჩნდა. თუ რა არის ამის მიზეზი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი განმარტავს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ მიერ გატარებულ ყველა რეფორმას ერთი პრინციპი ედო საფუძვლად - გამოირიცხოს წლების მანძილზე დამკვიდრებული სახელმწიფოს ჩარევა კერძო ბიზნესში. დამკვიდრდეს თამაშის მარტივი, ყველასათვის გასაგები და თანაბარი წესები. და უზრუნველყოფილი იყოს ამ წესების დაცვა.”

ეკონომიკის 12 პროცენტით ზრდის მსგავსად, ეს ეკონომიკური მიღწევაც რიგითი მოქალაქეებისთვის ნაკლებად ხელშესახები აღმოჩნდა.

[მოქალაქის ხმა] ”რეალური არ მგონია, იმიტომ რომ ისრაელის და გერმანიის წინ რომ დააყენებენ საქართველოს, არა მგონია, რეალური იყოს.”

[ონერი ძოძუას ხმა] ”ბიზნესის დაწყება, კი ბატონო, დაიწყე, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. იმიტომ რომ კანონები იცვლება ყოველ წუთს, ყოველ წამს და არავინ იცის, რა იქნება დღეს დაწყებული საქმის მომავალი.”

გასულ წელს მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა რთვლის მიმდინარეობის პროცესსაც. საქართველოს ბაზარი მოუმზადებელი აღმოჩნდა, წინა რთველთან შედარებით ყურძნის თითქმის გაორმაგებული მოსავალი შეესყიდა. მევენახეები ყურძნის დაბალ ფასსა და ხელისუფლების უყურადღებობას უჩიოდნენ:

[მევენახეების ხმა] ”ვენახი არის ზარალი, პურის ფული აღარ რჩება, იმას რომ მოუარო...”
[მევენახეების ხმა] ”სად ჩავაბარო? 30 თეთრად რომ ჩავაბარო, მე ხო უფრო მეტი მიჯდება და ვალში გადავდივარ, ის ვალი ვინ უნდა ამინაზღაუროს?...”

ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ზოგიერთმა მევენახემ ვაზის აჩეხაც კი გადაწყვიტა. ერთ-ერთმა ეს საჯაროდ, ტელეკამერების წინაც კი გააკეთა, თუმცა ხელისუფლებამ მაინც უარი თქვა ყურძნის ჩაბარების სუბსიდირებაზე.

სამაგიეროდ, ნოემბრის ცნობილი მოვლენების წინა პერიოდში სოციალური დახმარებებისთვის, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, 100 მილიონ ლარიანი სუბსიდია გამოიყო შეშის ფქვილისა და ელექტროენერგიის ვაუჩერების დასარიგებლად. გაიზარდა პენსიები და მასწავლებელთა ხელფასები, ხოლო 2-7 ნოემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო უმუშევართა დასაქმების პროგრამა. მასში მონაწილეობისთვის 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა რეგისტრაცია 2008 წლის თებერვლამდე შეეჩერებინა და უკვე აღრიცხული უმუშევრების დასაქმებაზე ეზრუნა.

სოციალური ვითარების გაუმჯობესების ლოზუნგით მოვიდა მთავრობაში ახალი პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე. მან ზურაბ ნოღაიდელი ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ შეცვალა.

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ამ ეტაპზე ნამდვილად არის საშუალება, არის იმის სახსრები, რომ ჩვენ გავამახვილოთ აქცენტები სოციალურ პოლიტიკაზე და გავუწოდოთ დახმარების ხელი სოციალურად დაუცველ ფენებს.”

პრემიერ-მინისტრს ამ მიზნის განხორციელება, პენსიებისა და ხელფასების გაზრდასთან ერთად, იაფი კრედიტების გაცემით წარმოუდგენია. 2008 წელს სწორედ ეს იქნება საქართველოს მთავრობის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი.

დაბოლოს, გასული წლის კიდევ ერთი მთავარი ეკონომიკური მოვლენაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყება. ეს ფაქტი სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს - პრეზიდენტებმა მარაბდის ველზე აღნიშნეს.


საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს ჩიხიდან გამოიყვანს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ დღეს აქ ვხსნით რკინიგზის მშენებლობას. ეს არის საუკუნის პროექტი. და ეს არის პროექტი, რომლის ფუნქციაც არის თბილისი და მთელი საქართველო დაუკავშირდეს პირდაპირი რკინიგზით, ბოსფორის გავლით, ევროპას.”

რკინიგზა, ევროპასთან დაკავშირების გარდა, საქართველოს უამრავ სამუშაო ადგილს მოუტანს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და განვითარებასაც წაადგება. გარდა ამისა, პროექტს აქვს უფრო გლობალური მნიშვნელობაც: მისი მეშვეობით ცენტრალური აზია და ჩინეთი ტვირთებს ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით გადაიტანს.

XS
SM
MD
LG