Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ზაზა ფირალიშვილი რადიო "თავისუფლების" თხოვნით,

განვლილი კვირა დღიურებში ასახა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა.



ნეკროლოგი, curriculum vitae, რეკომენდაცია და რადიო “თავისუფლებისათვის” განკუთვნილი დღიურები ერთ ჟანრის ნაწარმოებებია და ეს ჟანრი მიზნად ვიღაცის, ამ შემთხვევაში კი საკუთარი ცხოვრების გამართლებას ისახავს. რომელიღაც ზეციური ძალების განგებით ბოლო სამის დაწერა ამ კვირაში მომიწია და სერიოზულად დავფიქრდი, რამეს ხომ არ მიმანიშნებენ-მეთქი. თუმცა, შორს, ბნელი და ეჭვიანი ფიქრები. მაშ ასე, დავიწყოთ.

24 თებერვალი, კვირა
გაციებულმა დღის პირველი ნახევარი ლოგინში გავატარე. რუსულ ტელეარხ “კულტურას” ვუყურებდი. კულტურის მემკვიდრეობითობის როგორი განცდაა! ჩვენში ყოველი ახალი თაობა ძველი თაობის დანატოვარის დანგრევასა და ისტორიის ხელახლა დაწყებას ლამობს. ამიტომაც, თითქმის წაშლილია ის პირობითობები, რომლებსაც უნდა დავყრდნობოდით. ამიტომაც ვერ გაუგია ქართველ კაცს, ვის მიენდოს - მავან პოსტლიბერალ ცინიკოსს, ერთხელ რომ "ჰომო ენჯეოტიკუსი" ვუწოდე, თუ იმას, ვისთვისაც ეროვნული ცხოვრება ნაციონალისტური მოთქმა-გოდების რაღაც ნაირსახეობაა. არადა, ჩვენი ცხოვრების უცნაური დიალექტიკით პირველი გარდუვალად გადაიქცევა მეორედ. ხომ ზუსტად ასე გადაიქცნენ ბოლშევიკები ნაციონალ-ფეტიშისტებად?!
საღამოს მე და ლელა მეგობრის ქალიშვილის ქორწილში აღმოვჩნდით. ჩვენს გვერდით ჰოლანდიელი ბიზნესმენები ისხდნენ და ცდილობდნენ, ჩემგან გაერკვიათ, რა ხდება საქართველოში. მეც ვცდილობდი, ამეხსნა, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაც უფრო შორს მივდიოდი ჩემს განმარტებებში, მით უფრო ვიბნეოდი, თუმცა კი ბრძნული გამომეტყველებით ვმალავდი ამას. ეს ჩვენი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ჩინოვნიკებისგან ვისწავლე: ყველაზე ბრიყვული გადაწყვეტილება ისე უნდა მიიღო და ყველაზე ბრიყვული რამ ისე უნდა თქვა, თითქოს შენი სიტყვების მიღმა რაღაც უზენაესი და გამოუთქმელი სიბრძნე იმალება. ამას ცოტა მოწყალე ღიმილიც უნდა დავუმატოთ - აი, ისეთი, როდესაც ვცდილობთ, ბავშვს რთული რაღაცეები, ვქვათ, ადამიანის გაჩენა, ავუხსნათ, დაბოლოს ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ ცოდნა იმისა, თუ როგორ და როდის უნდა გადავიტანოთ სხვა თემაზე საუბარი.. მოკლედ, ამოცანას თავი გავართვი, თუმცა ჰოლანდიელები კიდევ უფრო დაბნეულები ჩანდნენ.
არა უშავს. რაც მთავარია, ჩვენ ხომ გვესმის, რა ამბავიცაა ჩვენს თავს?!

25 თებერვალი, ორშაბათი
უკეთ ვარ და შევეცადე, ჩვეულ რეჟიმს დავბრუნებოდი. დილით ექვსი საათისათვის ფეხზე ვიყავი და ბუხარს ვანთებდი. მერე დილის პირველი ჭიქა ყავა და თამბაქო. ეს არის დაახლოებით ოცდაათი წლის განმავლობაში შემუშავებული რიტუალი. დილის ორი საათი მე მეკუთვნის და ეს ჩემი ოჯახის წევრებმა იციან. არსებობს რამდენიმე საქმე რომელსაც ამ დროს ვაკეთებ - 6-დან 8 ან 9 საათამდე. ათიოდე წუთი რაიმე თემას ვიაზრებ, მერე კი ნაფიქრი კომპიუტერში შემაქვს. დარჩენილი დროის განმავლობაში ვკითხულობ.
მთელი დღე მუშაობაში გავატარე. სამი მეცადინეობა მქონდა. ისე დავიღალე, რომ რაღაც სისულელეს თუ არ გავაკეთებდი ან ვიტყოდი, ტვინი ჭრიალს დაიწყებდა. ბედად ჩემს სანახავად მეზობელი შემოვიდა, რუსიკო დიდიძე, ძალიან კარგი კარდიოლოგი. შემოვიდა თუ არა, სერიოზული და საზეიმო გამომეტყველებით მივულოცე, რომ, თურმე, მის სახელზე მუხათგვერდში უბანი გაუხსნიათ და რომ მესაფლავეებმა მისი სახელობის დღესასწაული დააარსეს და რომ გაზაფხულიდან ყოველ მეასე მიცვალებულზე პრემიასაც მისცემენ. ჯერ ვერ მიხვდა, რას ვეუბნებოდი. მერე იმერულად ქოქოლა დამაყარა და ჩემ ცოლთან ერთად სამზარეულოში ჩაიკეტა. იქაც ერთ ხანს ქოთქოთებდა ჩემზე.
ცოტა ამოვისუნთქე.

26 თებერვალი, სამშაბათი
დილით ჩემს საქმეებს მოვრჩი თუ არა, მერაბ ღაღანიძისათვის წერილის შეთხზვას შევუდექი. მერაბი რომშია და საქართველოზე ოცნებობს. ვწერდი, რომ ჩვენ ძველებურად ვართ, პოლიტიკურმა ქაოსმა იქამდე მიმიყვანა, რომ ქუჩაში ლამის ლამაზ ქალებსაც აღარ ვაქცევ ყურადღებას და თუ ვაქცევ, უმალ, მათი პოლიტიკური პლატფორმის ამოცნობას ვცდილობ. არადა, ხომ იცი-მეთქი ქართველი კაცის მარადი ნიღაბი?! ისეთი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს, თითქოს ვინმეს გაუპატიურების ზღვარზე იყოს და მოწმეების სიმრავლე და პატრულის გამართული მუშაობა რომ არ უშლიდეს ხელს, ბუმბულს გააყრევინებდა ყველა მდედრობითი სქესის არსებას. კიდევ ვწერდი, რომ ამდენმა საქმემ ისე დამღალა, ვვოცნებობ ჩემს ერთადერთთან და განუმეორებელთან ერთად საღამოობით ტელევიზორის ვეყურო, ჩაი ვწრუპო და “ლადუშკი-ლადუშკი” ან “დურაჩკა” ვითამაშო. ვწერ, დამღალა-მეთქი დიდმა ქონებამ, სახელმა და დიდებამ, დამიჯერე, თურმე, არც მათ მოაქვთ ბედნიერება!
მერაბს საქართველო ენატრება. გამომიცდია, როგორი ძნელია, როდესაც შენს ქვეყანაში უშენოდ ამდენი რამ ხდება. და მაინც, ვწერ: ვიცი და მესმის ეს ირაციონალური გრძნობა-მეთქი. არა უშავს, ჩამოხვალ და პირველივე გამვლელი უმისამართო დედის გინებით ფეხებში სიგარეტს მოგიგდებს თუ არა, სამშობლოს ხსოვნას უცებ აღიდგენ. საქართველოში ყველაზე მძაფრ გრძნობებს ხომ დედის გინებით გამოხატავენ, ხოლო საკუთარი სიმართლის დასტურად ე.წ. რეფლექსური გინებების კლასიც შემუშავდა (ჩემი დედა და სხვ.). ვპირდები, რომ მეგობრები არ მივატოვებთ და ადაპტაციური კრიზისის გადალახვაში დავეხმარებით. მერე გავერთე და ისიც მივწერე, რომ უცხოეთში ნამყოფი ყველა ქართველისათვის ისეთივე სარეაბლიტაციო ცენტრები უნდა შევქმნათ, როგორებიც ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის არსებობს-მეთქი. დარეკავ და ანონიმურად შეჩივლებ შენს გასაჭირს.
საღამოს დაღლილმა ქალაქში გავიარე. მეტროში ჩავედი. თბილისური სურათი: ვაგონში ჩემს სიახლოვეს ორნი იდგნენ. ბიჭი 20-25 წლისა იქნებოდა, ქალი - გაურკვეველი ასაკისა - 30-დან 50 წლამდე, სიმსუქნისაგან უკვე ფორმები ჰქონდა დაკარგული. დეზერტირების ვაჭრებს ჰგავდნენ, ქალაქში გასეირნება რომ გადაწყვიტეს. ორივეს თურქეთიდან ჩამოტანილი რაღაცეები ეცვათ. ქალს ლურჯი კეპიანი ქუდი კეფაზე მოექცია და დაუფარავად და ტლანქად კეკლუცობდა. ორივემ იცოდა, რა უნდოდათ ერთმანეთისაგან. მოწოლილი გრძნობებისაგან ორივეს სახე მორღვეოდა. ბიჭი ნასვამი ჩანდა. სკამებზე ჩამწკრივებული მგზავრები მათკენ ფარულად აპარებდნენ იბერიის სასწაულებრივად გამაბრწყინებლის მოლოდინით დაქანცულ მზერას.
ვიღაცას გაზეთი გაეშალა. თვალი მოვკარი, რომ მთავრობას 500 მილიონი დოლარი უსესხია. ღმერთო ჩემო, კიდევ კარგი, ჩემი ვალები დავფარე და აღარ მიწევს, მლიქვნელური ღიმილით ვხვდებოდე მოვალეებს, პირიქით, მათი თანდასწრებით საკუთარი აზრის გამოთქმასაც ვბედავ.
ჰო, კიდევ გაზეთში პატარკაციშვილის სურათს მოვკარი თვალი. მდაა... ჩემსა და პატარკაციშვილს შორის ისეთივე მიმართება იყო, როგორც პროვინციული რესტორნის დამკვრელსა და მოცარტს შორის. სალიერის როლიც ხომ ვიღაც სხვამ შეასრულა?! ასეა, სადღაც დიდი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაა, სადღაც ისტორიას ცვლიან და მთელი კაცობრიობის ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას, სადღაც დიადი იდეები იბადება და ადამიანთა ბედნიერებას ეწირებიან; სადღაც კი ხელფასს ელიან მუდმივი, მოსაწყენი, თავმოყვარეობის შემლახავი მოლოდინით და საკუთარ თავზე რეკომენდაციებს თხზავენ.

27 თებერვალი, ოთხშაბათი
დილიდან ამეკიდა აზრი, რომ ჩვენი უბედურება არისტოკრატიზმის დეფიციტია. არისტოკრატიზმი, ცხადია, არ ნიშნავს წელზე ჩამოკიდებულ ქამარ-ხანჯალს ან საჯიშე ხარის გამომეტყველებით სიარულს. არისტოკრატიზმი მთელი სამყაროს მიმღებლობის, უზნეობისა და უგუნურების არდაშვების უნარია. ასეთად ჩამოყალიბდა იგი ქრისტიანულ სამყაროში.
ლელა დილიდან ჩხუბობს, საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოში კანდიდატები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა შეარჩიონო, ანუ პოლიტიკურმა კლასმა, და საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები დანაშაულებრივად პასიურობენო. მალე მეექვსე გრძნობით, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს მიმართ საყვედურის ნოტებიც ვიგრძენი (როგორც წესი, ბრალდებათა საბოლოო ობიექტი მე ვარ ხოლმე) და სასწრაფოდ დავეთანხმე. ამან გაჭრა, ოჯახური ჰარმონია აღდგა და გუგულებივით შეხმატკბილებული ვაგინებდით მთელს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
ორი საათის განმავლობაში რაღაც წიგნს ვეძებდი. ჩაპეკის არ იყოს, წიგნი, რომელიც გჭირდება, ეს ეს არის, აქ იყო, ახლა კი არსად ჩანს. მოკლედ, მივმართე ჩემთვის ცნობილ ყველა ხერხს. ჯერ ყველაზე რაციონალურით დავიწყე და თაროები თანამიმდევრულად შევისწავლე. მერე შემთხვევითი შერჩევის მეთოდს მივმართე. არც ამან მიშველა. გავმწარდი და უკვე ჩემთვის ნაცნობ ჯადოსნური შელოცვები გავიხსენე, “ჭია ჭია მაპოვნინეთი” დაწყებული და ზემოტუნგუსური რიტუალური ღიღინით დამთავრებული, მაგრამ ეს ყოვლადძლიერი ხერხიც ამაო აღმოჩნდა. ბოლოს ჩუმად სანთელიც დავანთე და რწმენით აღსავსემ ხელახლა ჩამოვუარე თაროებს, თან მოწყალე, ნათელ ღიმილს ვაფრქვევდი ირგვლივ. და სწორედ მაშინ, როდესაც ლამის იყო უმძიმეს ცოდვაში - სასოწარკვეთაში უნდა ჩავვარდნილიყავი, წიგნი სამზარეულოს კარადაზე აღმოვაჩინე ალუმინის ძველ ქვაბსა და ტარმოტეხილ ჭიქას შორის.
არავის და არაფერს არ ძალუძს იმის ახსნა, თუ როგორ მოხვდა იგი აქ. ჩანს, ჩემს მიერ გამოყენებული რაციონალური და ირაციონალური ხერხების ერთობლიობამ იგი დაკარგვის წიაღიდან გამოიტანა.
საღამოს ჩემმა შვილმა, პაპუნამ შემოირბინა ეკასთან და ნენესთან ერთად. მერე კარგა ხანს ტელევიზორს ვუყურებდით მე და ლელა. არსებობს კერძო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ტელევიზიები. მე ამ არხს ხალხურს ვუწოდებდი. წამყვანს ერთ-ერთი უკვე კარგად მივიწყებული, მაგრამ ოდესღაც ცნობილი პოლიტიკოსი ჰყავდა მოწვეული, მთელს მოსახლეობას ყველაზე რადიკალური ქმედებებისაკენ მოგვიწოდებდა. სწორედ მაშინ, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ფეხებით ჩამოკიდებით თუ რაღაც მსგავსით დაემუქრა, “ვაი, დედა,” ჩუმად წამოსცდა წამყვანს. მაგათ ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ, აბობოქრდა ოდესღაც ცნობილი, ამჟამად უკვე ნაკლებად სახელოვანი ეროვნული მოღვაწე. რა საინტერესო შეფასებაა, ფლეგმატურად ჩაილაპარაკა წამყვანმა.
ლელამ იმდენი იცინა, რომ კინაღამ ცუდად გახდა.
მერე, უკვე სხვა არხზე, ხელისუფლების ერთ წარმომადგენელს ვუსმინეთ. მისი ძირითადი თეზისი ასეთი იყო: როგორ ბედავს, ოპოზიცია, ამტკიცოს, რომ ყველაფერი ძალზე ცუდადაა, როდესაც ყველაფერი ძალზე კარგად არისო. მერე ისეთი მარგალიტი შემოგვთავაზა, რომ, დარწმუნებული ვარ, ამგვარი ლოგიკური ფიგურა არისტოტელეს არც დაესიზმრებოდა: ნატოში იმიტომ შევდივართ, რომ მშვიდად უნდა მოვიქცეთო.
არაჩვეულებრივია. ამან ლელას ერთ-ერთი ბებიის თეზისი გამახსენა: ზამთარი იმიტომ არის, რომ თბილად უნდა ჩაიცვაო.

28 თებერვალი, ხუთშაბათი
უნივერსიტეტში კვლავ საკუთარი მეცნიერული ღვაწლის ჩამონათვალი, ე.წ. CV მოგვთხოვეს. ეს უკვე დაკითხვას ჰგავს, აი, გამომძიებელი დროგამოშვებით ერთი და იგივე კითხვას რომ გიმეორებს, სანამ პასუხებში შეუსაბამობას არ აღმოაჩენს, ან კიდევ იმას, ვიღაც გამუდმებით რომ გაიძულებს საკუთარი ნეკროლოგი შეთხზა და ამით დარწმუნდე შენს არარაობაში.
სხვა რა გზაა. ვქმნი ამ ჩამონათვალს. სწორედ რომ ვქმნი და ამ შემოქმედებას უცნაური დიალექტიკა აქვს: იწყება პანიკური შიშით, რომ არაფერი არ გაგიკეთებია და რომ მალე “დარიდურით” მოგიწევს გამვლელ-გამომვლელის გართობა, ან “ბიძიებო, დეიდებოთი”, ან, შესაბამის გადაზიდვის საშუალებას თუ იშოვნი ბავშვის ეტლის სახით, შენი ვოკალური მონაცემები “ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებს” უნდა მიუსადაგო. ამას ძველ ჩანაწერებში და პუბლიკაციებში ქექვა მოჰყვება, მერე აღმოაჩენ, რომ საქმე არც ისე ცუდად არის, თანდათან მოგწონს საკუთარი თავი და ბოლოს... შენ თვალწინ იკვეთება სახე მხცოვანი მეცნიერისა, რომელმაც მთელი თავისი ძალა და ღონე ეროვნული სულის გაბრწყინებას მიუძღვნა. საოცარი მეტამორფოზაა! თავს სამეცნიერო პარადიზის მოქალაქედ გრძნობ და თავდაბლად არჩევ თბილისის მრავალრიცხოვან პანთეონებს შორის შენი მარადიული განსვენების ადგილს. მერე მთელს ამ შემოქმედებას დეკანატში გადასცემ და თავს კვლავ იმ უშნო ქალად გრძნობ, ივა კუზანოვთან სხეულის კორექციით რომ მოუსურვებია ნიკოლ კიდმანად გადაქცევა. გადასცემ და ელი განაჩენს.

29 თებერვალი, პარასკევი
საზოგადოებრივი ტელევიზიის ერთ-ერთ შემეცნებით გადაცემაში ასეთი მარგალიტი მოვისმინე: დაიანა აფროდიტას ბიბლიური სახელია. სამი შეცდომა შემეცნებითი გადაცემის ერთ წინადადებაში. მოხერხება უნდა! თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ ვიყოთ კარგად!
ახალგაზრდობაში ელექტრონულ გამომთვლელ მანქანაზე ვმუშაობდი. თექვსმეტი კაცი ვემსახურებოდით მანქანას, რომელსაც დღევანდელი კომპიუტერის მემილიონედი არ შეეძლო. ერთხელ ერთმა არაბმა ასპირანტმა ამოცანა ჩაგვაბარა. მეორე დღეს პასუხს მოაკითხა და უარით გავისტუმრეთ. იგივე განმეორდა მესამე დღესაც. მეოთხე დღეს ევროატლანტიკურად განსწავლული არაბი აღშფოთდა და სულ ფრანგულ-ინგლისურად დაგვაყარა საყვედური. ჩემმა მეგობარმა კიაზომ ერთხანს უყურა. მერე გაუღიმა, ხელკავი გაუყარა და გაასეირნა, არა გრცხვენია შე კაცო, ჩვენ ვიყოთ კარგად და ჯანდაბას ყველა ამოცანაო. განრისხებულ არაბს თანდათან სახე ეცვალა და თვალნათლივ ვხედავდი, როგორ იღვიძებდა მასში ლაღი ბედუინი. სულ მალე ერთმანეთს ხელებს ბეჭებზე უპარტყუნებდნენ.
ასეა. ჩვენ, ქართველებს მთელი ზედმეტი პირობითობებისაგან მთელი სამყაროს გათავისუფლება შეგვიძლია, თუ მოვინდომეთ.
კიდევ კარგი, არ გვინდა.

1 მარტი, შაბათი
დილიდან საკუთარ თავზე რეკომენდაციას ვწერ, ანუ, თუ შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის სარეკლამო წარდგენას ვახდენ. ყალბი თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს ის ჟანრია, რომელშიც საკმაო წარმატებას მივაღწიე. ჩემი ოსტატობა ისე დაიხვეწა, რომ ბოლო თხზულება მიქაელ-გაბრიელთან წარსადგენადაც გამოდგება, თუმცა, ალბათ, მისი რეალური ადრესატი არც წაიკითხავს, ხოლო თუ წაიკითხავს, წარბსაც არ შეიხრის, ისე ჩატენის რომელიმე უჯრაში, საიდანაც, ალბათ, მსგავსი რეკომენდაციების სასოწარკვეთილი ხმები გაისმის. ეს პროცესი რაღაცით უიმედო შინაბერას მცდელობას ჰგავს, როგორმე ვინმეს კლანჭი გამოსდოს.
...დავწერე და მერე ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ქმნის ჩემი ცხოვრების უწყვეტობას, რა აკავშირებს უაზროდ მსრბოლავ დღეებს ერთმანეთთან. ამაღლებული განცდები და ფიქრები? კეთილშობილი მისწრაფებები? ახლობელთა სიყვარული ან ღალატი? არა. ყველაფერი ეს ხან არის, ხან არა. ის ერთადერთი კი, რაც მუდმივი და უცვლელი რჩება ჩემი ცხოვრების ამ მდინარებაში, არის ხელფასის მოლოდინი, წუწკი, სულმოკლე და მოუთმენელი მოლოდინი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG