Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესის საგანგებო ყურადღების ცენტრში სომხეთი მოექცა, ქვეყანა, რომელიც ასეთი ყურადღებით ნამდვილად არ არის განებივრებული.

ინტერესის ტალღა მოჰყვა 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აგორებულ პროტესტის მძლავრ ტალღას, რომელიც 1 მარტს დემონსტრაციის დარბევით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და 8 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. Dდასავლეთის პრესა მსჯელობს ფაქტზე, რომელიც ჯიუტია: სომხეთის ხელისუფლებამ ოპოზიციის მომხრე მომიტინგეებს, რომლებსაც ერევანი შეთქმულების მოწყობის მცდელობაში ადამაშაულებს, ტყვია ესროლა.

პატარა და რთული სომხეთი, სადაც ადამიანებს ძნელად გამოსათქმელი სახელები აქვთ, დიდი ხანია არ მოქცეულა მსოფლიო ახალი ამბების ძირითად ნაკადში, - დაახლოებით ასე იწყებს კრიტიკით აღსავსე პუბლიკაციას ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გამოცემა “ეკონომისტი”. 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის მიერ მოპოვებულ დაახლოებით 53%-იან გამარჯვებას პუბლიკაციის ავტორი არაობიექტური მედიისა და, ნაწილობრივ, ყალბი ბიულეტენების დამსახურებად მიიჩნევს. აქვეა მოსაზრება, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარების პირობებში სარქისიანს, უკეთეს შემთხვევაში, არ ასცდებოდა მეორე ტური.

თუმცა რეალური სურათი სულ სხვაგვარად დაიხატა და ოპოზიცია, მომხრეებთან ერთად, ქუჩაში გავიდა. ხალხი ითხოვდა პრეზიდენტად დასახელებულიყო ლევონ ტერ-პეტროსიანი, სომხეთის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც 19 თებერვლის არჩევნებზე, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 21,5 პროცენტის მოპოვება შეძლო. “ეკონომისტი” წერს, რომ არც ტერ-პეტროსიანია “დემოკრატი ანგელოზი”. მეტიც, სომხეთში უმეტესობა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა 1996 წელსაც, როცა ტერ-პეტროსიანი მეორე ვადით იყრიდა კენჭს.

ამჟამად ხალხის მხრიდან მის მიმართ გამოხატულ ასეთ ძლიერ მხარდაჭერას “ეკონომისტი”, ძირითადად, ხელისუფლებისადმი სიძულვილით ხსნის. ხალხი ასე დაუპირისპირდა ადგილობრივ მაფიას, კორუფციასა და უმუშევრობას, რაც ახლა უკვე ბოლო პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის, სახელთან ასოცირდება.

1 მარტს დაღვრილ სისხლზე “ეკონომისტი” პასუხისმგებლობას ერთმნიშვნელოვნად სომხეთის ხელისუფლებას აკისრებს თუნდაც იმიტომ, რომ დაუშვა სიტუაციის ქაოსამდე გაუარესება.

მომხდარს ხელისუფლების ლიდერებს აბრალებს “ნიუ-იორკ ტაიმსიც” სტატიაში, სათაურით “ბნელი დღეები სომხეთში”. გაზეთის აზრით, პრეზიდენტმა ბუშმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა გარკვევით უნდა აუხსნან ერევანს, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და რომ ეს საფრთხის ქვეშ აყენებს სამომავლო ურთიერთობებს. აუცილებელია სასწრაფო მოქმედება, რათა შეჩერდეს სომხეთის დაქანება ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე სომხეთში სიტუაცია პოსტსაბჭოთა ტირანიებთან – ბელორუსიასა და უზბეკეთთან – შედარებით ოდნავ უფრო უკეთ გამოიყურება.

ასეთი შეფასების მიუხედავად, “ნიუ-იორკ ტაიმსი” სომხეთში მიმდინარე მოვლენებს არ აღიქვამს სუფთა დემოკრატიული სიკეთის ბრძოლად სუფთა ავტორიტარულ ბოროტებასთან. ლევონ ტერ-პეტროსიანს ძველ ცოდვებს ამ პუბლიკაციის ავტორიც უხსენებს. საუბარია კვლავ გასული საუკუნის 90-იან წლებზე, როცა მაშინდელმა პრეზიდენტმა ტერ-პეტროსიანმა საპროტესტო მიტინგის დასაშლელად ქუჩაში ჯავშანმანქანები გამოიყვანა. თუმცა აქვე დავამატოთ, რომ სომხეთში ლევონ ტერ-პეტროსიანს ბევრმა დაუფასა, რომ ის 1998 წელს პოსტიდან სწორედ ხალხის მღელვარების მიზეზით გადადგა. პოლიტიკაში ის 10-I წლის შემდეგ დაბრუნდა.

5 მარტის “ვაშინგტონ პოსტი” თავად ლევონ ტერ-პეტროსიანის წერილს აქვეყნებს. სომხეთის ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი, ქოჩარიანისა და სარქისიანის ტანდემის გარდა, მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთსაც იმ სიჩუმისთვის, რაც პირველი მარტის სისხლისღვრას მოჰყვა. უკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ეუთოს, რომელმაც, საერთო ჯამში, დადებითად შეაფასა 19 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნები. ლევონ ტერ-პეტროსიანი აღშფოთებულია დასავლეთის დუმილით მაშინ, როცა სომხეთის ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედროები გამოიყვანა, როცა დაიღუპნენ ადამიანები.

“ჩვენ აქ, სომხეთში, ვცდილობთ გავარკვიოთ საფუძველი, რატომ მოჰყვა ასეთი გულგრილობა ქოჩარიან-სარქისიანის რეჟიმის მიერ ჩვენთვის დემოკრატიის წართმევას”, - წერს 1 მარტის შემდეგ უკანონო შინაპატიმრობაში მყოფი ტერ-პეტროსიანი და იქვე გამოთქვამს ვარაუდს, რომ რიგ გავლენიან ორგანიზაციებს მსოფლიოში - ძირითადად, ევროპაში - მიაჩნიათ, რომ მცირედი გაუმჯობესების შექება, დიდი ცოდვის გაკრიტიკების სანაცვლოდ, სტიმულს აძლევს კარგ საქციელს. “მაგრამ ვინც ახლოს გაიცნო ეს რეჟიმი, მიხვდა, რომ ასეთი მიდგომა აბსურდულია”, – აცხადებს ლევონ ტერ-პეტროსიანი “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ წერილში. მას ასევე ამაოდ მიაჩნია რწმენა ხალხისა, ვინც ფიქრობს, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარება შეუძლია მხოლოდ იმ ლიდერს, ვინც თავად ამ რეგიონიდან არის წარმოშობით. საუბარია ქოჩარიანსა და სარქისიანზე, რომლებსაც სომხეთში ეგრეთ წოდებული “ყარაბახის კლანის” წარმომადგენლებად მოიხსენიებენ. ტერ-პეტროსიანი ცდილობს დაამტკიცოს, რომ 10-წლიანი მმართველობის მანძილზე ხელისუფალთა ამ წყვილმა თითქმის არაფერი გააკეთა კონფლიქტის დარეგულირებისთვის. სხვათა შორის, მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესა შეშფოთებით წერდა იმის შესახებაც, რომ ერევნის სისხლისღვრიდან რამდენიმე დღეში ტყვია ერთმანეთს დიდი ხნის წინ გაყინული კონფლიქტის მხარეებმაც ესროლეს. ეს იყო პირველი ყველაზე სისხლისმღვრელი შეტაკება სომხეთისა და Aაზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ბოლო ათი წლის მანძილზე. მშვიდობის საკითხს რეგიონში ჯერ ისევ დიდი კითხვის ნიშანი უკავშირდება.

დავუბრუნდეთ წერილს ”ვაშინგტონ პოსტში”, სადაც დასავლეთით უკმაყოფილო ლევონ ტერ-პეტროსიანი იმავე დასავლეთს უხსნის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სომეხი ხალხის ნდობა და კეთილგანწყობა დაიმსახუროს. ჩამონათვალში შედის: სომხეთის ხელისუფლების საქციელის კატეგორიული დაგმობა, ოპოზიციონერი ლიდერების დევნის აღკვეთა, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვების სასწრაფოდ მოხსნა და 19 თებერვლის არჩევნების შედეგების გამოძიება, რაც გარდაუვალს გახდის ხელახალი არჩევნების ჩატარებას. თუკი ეს ნაბიჯები არ გადაიდგმება, ტერ-პეტროსიანის მტკიცებით, სომხები არასახარბიელო დასკვნებს გამოიტანენ და იფიქრებენ, რომ "პოლიტიკური ბრძოლის მშვიდობიანი და კანონიერი გზები არაეფექტიანი და უაზროა, ხოლო დასავლეთი დემოკრატიას მხოლოდ მაშინ იცავს, როცა ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია."
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG