Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


ეკა ბესელია განვლილი კვირის მანძილზე

დღიურს რადიო "თავისუფლების" თხოვნით წერდა პოლიტიკური მოძრაობის - "ერთიანი საქართველოსთვის" - გენერალური მდივანი, ადვოკატი ეკა ბესელია.



2 მარტი, კვირა
დღიურების წერას ვიწყებ. ბავშვობაში სულ დღიურებს ვწერდი. ხანდახან გაყვითლებულ ფურცლებს რომ ჩავხედავ, წარსული მიცოცხლდება და იქ ვბრუნდები. კარგი იყო - დატვირთული, მაგრამ ხალისიანი. დღიურებს ვმალავდი, რომ არავის ენახა. ახლა მითხრეს, რომ ეს ჩანაწერები მარტო ჩემი საკუთრება არ იქნება?! ალბათ, წერის პროცესში ეს მაინც დამავიწყდება, რადგან ხელოვნური და ყალბი არაფერი მიყვარს, მით უფრო - წერა.
გაზაფხულდა. საგრძნობლად დათბა. კვირაა. როგორც წესი, ჯვრის მონასტერში წირვას უნდა დავსწრებოდი, მერე მამა კონსტანტინეს შევპირდი, შენთან ერთად წამოვალ გამარჯვებაში-მეთქი. ყველიერის კვირა იწყება ორშაბათიდან და ერთად უნდა გვეტრაპეზა.
ზარმა გამაღვიძა. მამა კონსტანტინემ დამირეკა. ღამე თითქმის გავათენე, რატის გამო სანერვიულო შემხვდა და ადრე ვერც გავიღვიძე და არც მოვინდომე, რადგან სახლში ჩემი ყოფნა საჭირო იყო.
ზარი გამიხარდა. მამაომ მახარა, მეუფე იობს დაგალაპარაკებ, დაგლოცავსო. გავგიჟდი სიხარულით! იცის, როგორ მიყვარს მეუფე. ამას წინათ ავტოავარიაში მოხვდა და გადარჩა ღვთის წყალობით. მეუფემ დამლოცა და მომიკითხა. შევთანხმდით, რომ ამ დღეებში ვნახავ.
მერე ვილოცე. ნანა ჩაჩუა მომენატრა და დავურეკე. საღამოს უნდა ვნახო ჩემი სულის მესაიდუმლე. ერის სინდისია ეს ქალბატონი!
ახლა პარტიის ოფისში უნდა წავიდე, შეხვედრები მაქვს, თეო ტლაშაძე მელოდება, ახალგაზრდულ ფრთას უნდა დაველაპარაკოთ. ტაქსით წავედი. მძღოლმა მიცნო. "რევოლუციონერი" გამოდგა და "მიწაში ჩადო" ხელისუფლება, სულ "სატანისტები" ეძახა. "არ უნდა მოგვშორდნენ?" - მკითხა ისეთი სახით, კარგი დედის შვილი იყავი და სხვა რამე გეპასუხა! აი, საპარლამენტო არჩევნები მოდის და ეგ არის გამოსავალი-მეთქი - მრავალჯერ გამეორებული ფრაზა მოვიხმე. "გზებს გვამადლიან და შუქს," - განაგრძო ტაქსისტმა - "თითქოს ჩვენ პაპუასები ვიყოთ და ეს უნდა გვიკვირდეს". თან ამ საუბარში ისეთ გადათხრილ ქუჩას მივადექით, რომ ერთმანეთს ვასწრებდით ხელისუფლების ლანძღვას. ფულს არ მახდევინებდა, ძალით დავუტოვე. ყველამ თავისი შრომის საზღაური უნდა მიიღოს-მეთქი.
პოლიტიზებულია ქვეყანა და პოლიტიკაში ჩემი ჩართვა მართლა გაუკვირდა ვინმეს?
წავედი.

3 მარტი, ორშაბათი
დედის დღეა. დედაჩემს მივულოცე. არა, მართლა არავისა ჰყავს ასეთი დედა! მთელი ცხოვრება უსაყვედუროდ და ერთგულად მომყვება. რა, არასოდეს დამიმსახურებია საყვედური? რამდენიც გინდა, მაგრამ იცის, რომ მე მის დუმილში ვგრძნობ სათქმელს. მიყვარს ეს ფრაზა: "ჩემი დუმილი მიითვალე შენდამი ლოცვად".
ლიზიმაც მომილოცა; რატიმ - ტაატით. ბიჭები ემოციებში "ხელმომჭირნეები" არიან. მინდოდა მიმელოცა ქ-ნი ნანა ჩაჩუასთვის (ქალიშვილს მეძახის), მაგრამ ღამის პირველ საათამდე ვერ გავთავისუფლდი.
რთული მისიაა დედობა, ყველაზე საპასუხისმგებლო. მიუხედავად იმისა, რომ სულ საზოგადო საქმეებში ვარ ჩართული და პირადი ცხოვრებისთვის პრიორიტეტი არასოდეს მიმინიჭებია, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ დედობაზე დიდი საქმე არ დაუკისრებია უფალს. შვილები უნდა გაზარდო ქართული მენტალიტეტით, უფლის სიყვარულით და სიკეთით. რატი 15 წლისაა, ლიზი - ოთხის. მთელი დღე ტელეფონით ვუკავშირდები. ლიზი უკვე აპროტესტებს ჩემს დაგვიანებას, რატი არაფერს ამბობს, მაგრამ მეშინია, ამ დაძაბულ დროში, გარდატეხის ასაკში, რაიმე მაპროვოცირებელი გარემოება არ შეუქმნან. ეს შიში შემომეჩვია. დედის ლოცვას ვკითხულობ და დედა-ღვთისმშობელს შევავედრებ, რომ დაიფაროს.

4 მარტი, სამშაბათი
დღიურის წერამ აზრი დაკარგა, რადგან მთელ დღეს "მაესტროს" "ღია კარის" გადამღები ჯგუფი იღებდა. ძალიან არაკომფორტული იყო კამერის თანხლებით სიარული, საუბარი, მაგრამ ვეცადე, ესეც ბუნებრივი გამომსვლოდა. კვირას იქნება ეთერში. სასაცილო ის იყო, რომ საღამოს 7 საათისთვის ოპერატორი დაიღალა, ჩემი ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი კი ღამის 12 საათამდე არ დამთავრდებოდა. არადა, გადაღება სახლში მისვლით უნდა დამთავრებულიყო. გამოსავალი ვიპოვე, წავედით სახლში, გადავიღეთ ჩემი მისვლა, ოჯახის წევრები და ვუთხარი: შენ შეგიძლია დაისვენო, მე კი დღის მეორე ნაწილს ამის მერე გავაგრძელებ- მეთქი. გაუკვირდა, მაგრამ...
სამსახურში დავბრუნდი... მერე შეხვედრაზე წავედი. ეროვნული საბჭოს სხდომა გვიანობამდე გაგრძელდა...

5 მარტი, ოთხშაბათი
წარმოუდგენელი რამ მოხდა... მიჭირს ამაზე საუბარი... არ მინდა ვიფიქრო, მაგრამ ეს უფრო ღალატს ჰგავს. გამაოგნა დღეს იმ ადამიანების ქმედებამ, ვისაც სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ვენდობოდი... ნდობაზე კი ვსაუბრობ, მაგრამ ეს პოლიტიკას ეხება მაინც!
ყოველთვის მესმოდა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და შინაგანად არ ვეთანხმებოდი. სწორადაც. მას შემდეგ, რაც - ჩემთვისაც მოულოდნელად - შუა პოლიტიკურ ქარ-ცეცხლში აღმოვჩნდი, დავინახე, რომ პოლიტიკა იმგვარ "ელფერს" იღებს, როგორი ადამიანებიც ქმნიან მას. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკას გულწრფელი, მართალი, პატრიოტი ადამიანები სჭირდება, ვისაც მართლა უყვარს ქვეყანა და ხალხი. არ არის ეს ხმამაღალი ნათქვამი, ყველაზე მინიმუმია, რაც უნდა "გჭირდეს", პოლიტიკაში როცა ხარ.
ისეთი ვერაგული "კომბინაციების" მოწმე გავხდი ჩემს ირგვლივ, რომ ელდა მეცა. ძალიან განვიცადე. შინაგანად გამიჭირდა. მართლა რთულია, პირდაპირ და გულწრფელი განწყობით იყო დღეს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ მაინც ასე სჯობს. მეტი ტკივილი შემხვდება, მეტი იმედგაცრუება, მაგრამ მთავარია, მე არ ვუმუხთლო ჩემს თავს, მოლოდინი არ "გავუცრუო". შინაგანი სიმართლე ხომ ის ძალაა, რომელიც ყველა ვითარებაში შეგეხიდება! დედა მარიამმა მომწერა, სოლომონ მეფეს ბეჭედი ეკეთა, რომელზეც ეწერა, "ყველაფერი გაივლისო". მართალია სოლომონის "ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაოა" მეგზურივით დამყვება, მაგრამ ახლა ბეჭედზე ამოტვიფრული სიმშვიდის მომტანი ფრაზა უფრო მჭირდება, რომ გავინაპირო...

6 მარტი, ხუთშაბათი
ეროვნული საბჭოს სხდომაა. როგორც წესი, ჟურნალისტები ეზოში იცდიან. კომენტარს ვაკეთებ და შევრბივარ დავითაშვილის ოფისში. პოლიტიკოსები ხუმრობენ ,,აქ ყველაზე კომფორტულია ყოფნა, ცხელი ხაჭაპურებით გვიმასპინძლდებაო” სხდომის დამთავრებამდე გავდივართ სოფიკო ჭიაურელის დაკრძალვაზე მე, გუბაზი და ზვიად ძიძიგური. გაჩეჩილაძე, კუკავა და სხვები უკვე იქ არიან... ზღვა ხალხია... ძალიან მატკინა გული ქ-ნი სოფიკოს გარდაცვალებამ... დიდებული ქალბატონი იყო... ამას მოკრძალებით ჟურნალისტებთანაც ვამბობ.
ხალხი სიყვარულით გვხვდება, თვალებში გადმოდის თანადგომა, მადლიერება, სითბო. გული მევსება, მით უფრო - ამ დღეებში ძალიან ნატკენი გული.
"გაიხარეთ და გაძლიერდით", "თქვენთან ვართ და არ დაიხიოთ უკან", "როდემდე იქნებიან ეს მოძალადეები?" რა გინდა უპასუხო?
როდემდე? უფალმა იცის.
ერთი ქალბატონი მანქანასთან დაგვეწია მე და ძიძიგურს, მოგვეფერა და ცრემლები მოერია, ტირილი მინდებაო. ზვიადმა გადმომილაპარაკა, ვიდრე ხალხს ჩვენს დანახვაზე ტირილი უნდება, არაფერი გამოგვივაო. გულიანად გამეცინა! ეროვნული საბჭოს სხდომაზე დავბრუნდით. ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ჩემს გულწრფელ ემოციას ცოტა სიმკაცრე შეეპარა...
ხალხთან გავედით. ეჭვით იყურებიან. ეს მაგიჟებს. ხელისუფლების ოინებმა გარკვეულწილად იმუშავა. დიალოგის დაწყებამ ხალხი დააბნია, ჰგონიათ, რომ ოპოზიცია გარიგებაში შევიდა. ღმერთო ჩემო, არასოდეს გადამიდგამს მუხანათური ნაბიჯი. "ნუ დარდობთ, ხალხი ყველაფერს გრძნობს, იცის, ვის დაუჯეროს და ვინ ფარისევლობს." თითქოს ნაფიქრი გამოიცნო! ეს ქ-ნი ლია ხიდაშელია. მიტინგებზე გავიცანი. საოცარი ქალია! ღირსებამ გამოიყვანა გარეთ. არაფერი უჭირს, მაგრამ ქვეყანაა გასაჭირში და ვერ ჩერდება. ყველა აქციაზე ვხედავ. მომეშვა. ლიზი მომიყვანეს, ბაღში უნდა მივიყვანო. ცოტა ხნით დედა უნდა ვიყო - გავიქეცი. იქიდან გლდანში მივდივარ - მოსახლეობასთან შეხვედრაა. ლიზის სახლში დატოვებას ვერ ვასწრებ და აქციაზე მიმყავს. ყველა ოქრუაშვილის ინტერვიუს თაობაზე მეკითხება. მოლოდინი დიდია.
ლიზის თვალები გაუფართოვდა, ხალხის რეაქცია რომ დაინახა. ტაშით შემხვდნენ. ვერ ვმალავ, რომ მიხარია, ხალხის სიყვარულს რომ ვგრძნობ. ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია. ლიზი მთხოვს, ლევან გაჩეჩილაძე მაჩვენეო. მისთვის საქართველოს პრეზიდენტი ლევანია. ასე დაასკვნა არჩევნების შემდეგ!
ლევანი ვერ მოვიდა. დავპირდი, მერე გაჩვენებ-მეთქი. არა, როგორ მოახერხა, რომ 4 წლის ლიზიც მისი ამომრჩეველია?
მეუფე იობთან მივდივართ მე და თეო. აქ წერა არ შემიძლია.

7 მარტი, პარასკევი
დილიდან ოქრუაშვილის ინტერვიუ განიხილება. ანალიტიკური და ძალიან დამაფიქრებელი იყო. მასთან სახლში ვუყურე პოლიტმეგობრებთან ერთად. დაძაბული ვიყავი, იურისტის და პოლიტიკოსის თვალით ვუყურებდი. ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა, ამ დღეების მონაწილე ვიყავი. თუმცა, ამაზე - მემუარებში...
გამომცემლობასთან ჟურნალისტი შიმშილობს. სოლიდარობა გამოვუცხადეთ. ეროვნული საბჭო მივიდა. მე ბრიფინგი უნდა ჩამეტარებინა, მერე სასამართლო პროცესზე ვიყავი. გიორგი ალიმონაკის საქმე იხილება. ურთულესი მკვლელობის საქმეა. არ შემიძლია ამ ბავშვის მიტოვება, შევპირდი. 19 წლისაა და 19 წელი მიუსაჯეს. მჯერა, რომ უდანაშაულოა. გამართლდება - ასე მგონია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
სასამართლო დარბაზიდან გულნატკენი გამოვედი. კიდევ ერთხელ დავინახე, როგორ დღეშია სასამართლო ხელისუფლება. უმნიშვნელო საკითხს ვერ წყვეტენ კანონიერად. სწორედ ამან წამიყვანა პოლიტიკაში. ყველაზე მეტად რაც მიყვარდა, ადვოკატის პროფესია, იმაზე ვთქვი უარი და არ დავბრუნდები, ვიდრე ქვეყანაში სასამართლო სასამართლოს არ დაემსგავსება. ეს ხალხიც ქუჩაში უსამართლობამ გამოიყვანა. ქართველი ყველაფერს აიტანს, მაგრამ ღირსების შელახვას და უსამართლობას - არა.
ამიტომ, ისევ ცდებით, ბ-ნო მიხეილ, ლოზუნგით "საქართველო სიღარიბის გარეშე". ხალხს სამართალი უნდა უპირველესად, და არა პური.
"ამირანში" ჯაჭვლიანის ფილმის, "სვანის" პრემიერაა. დავაგვიანე. ულამაზესი სვანეთი... მძიმე სიუჟეტია... რეალური. დავითრგუნე, ადრე წამოვედი. ზურა მელოდება. არ მინდა ინერვიულოს, ეს დღეები ვერ დაველაპარაკე გულიანად. მომენატრა. არადა, მასზე დიდი მეგობარი, მრჩეველი და გულშემატკივარი ვინა მყავს?

8 მარტი, შაბათი
დედაჩემის დაბადების დღეა. დილით ადრე გავედი, რომ ყვავილები და საჩუქარი შემერჩია. გაეხარდა. ბოლო დღის დასაწერად დავჯექი, მაგრამ არ დამცალდა. კობა დავითაშვილმა დამირეკა, თვალის კლინიკის ექიმებს საავადმყოფოდან ყრიან და იქნებ გახვიდეო. მე და ზურა გავიქეცით. ბიძინა გუჯაბიძეც მოვიდა. იქ ამბავი იყო! აი, როგორ ექცევიან ხალხს...
ახლა რადიო "თავისუფლებაში" მელოდებიან, ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ "როცა ქვემეხები ისვრიან, მუზები დუმან". რას ვიზამთ, ბრძოლაში ვართ... მემუარებს სიბერეში დავწერ, თუ მივაღწიე... მიყვარხარ, საქართველო!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG