Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენიელ ფრიდი: "სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ". ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდი რადიო “თავისუფლებისთვის" მოცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოზე საუბრობს.

მოსაზრებებს გამოთქვამს სომხეთში საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე, საქართველოს შანსზე ნატოსთან დაახლოების პროცესში და აზერბაიჯანისა და შეერთებული შტატების ურთიერთობის პერსპექტივაზე. გაგაცნობთ საყურადღებო ფრაგმენტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის ინტერვიუდან.

დავიწყოთ ინტერვიუს იმ მონაკვეთით, რომელიც უკავშირდება საქართველოს და მის სწრაფვას ნატოსკენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებასაც იხსენებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს გაწევრიანებით ალიანსში მოგებული დარჩება ორივე მხარე. სხვა საკითხია, მიაჩნია თუ არა ვაშინგტონს, რომ საქართველო უკვე მზად არის გახდეს ალიანსის წევრი:

[დენიელ ფრიდის ხმა] "საქართველოს სურს იყოს ნატოს წევრი და ამ სურვილს ჩვენ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. საქართველო ჯერ არ არის მზად გახდეს ნატოს წევრი... მაგრამ ჩვენ მოუთმენლად მოველით წინსვლას ამ პროცესში, როგორც ეს პრეზიდენტმა ბუშმა გუშინ განაცხადა."

რადიო “თავისუფლების” შეკითხვაზე, რას მოუტანს ნატოს ბუქარესტის სამიტი საქართველოს და რამდენად რეალურია შანსი ქვეყანამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს, დენიელ ფრიდს ასეთი პასუხი აქვს:

[დენიელ ფრიდის ხმა] "ალიანსი ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას ბუქარესტში მიიღებს. ჩვენი მხრიდან, ძნელია უარი უთხრა გაწევრიანების მსურველ ახალ დემოკრატიას, რომელიც ნატოს საკუთარი სუვერენობის გარანტად განიხილავს, ამ ალიანსს უყურებს როგორც საერთო ფასეულობების მქონეთა ბასტიონს. ნატოს გაფართოება უაღრესად წარმატებული ნაბიჯი გამოდგა. მან ხელი შეუწყო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა აუცილებელია ამ წარმატების გაღრმავება. ნატოს წევრი ქვეყნები ამ საკითხზე ინტენსიურად მსჯელობენ და ბუქარესტში კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების მზადყოფნით მივემგზავრებით."

საქართველოსგან განსხვავებით, მეზობელ სომხეთს ნატოში გაწევრიანების სურვილი არასოდეს გამოუხატავს. ვაშინგტონისთვის პრობლემას არც ის წარმოადგენს, რომ ერევანს მოსკოვთან განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სომხეთისა და ამერიკის ურთიერთობას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს არის გაზიარებულ ფასეულობებზე დამყარებული ურთიერთობა.

ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სულერთი არ არის, თუ როგორ ვითარდება და განვითარდება მოვლენები სომხეთში. 1 მარტს მომიტინგეთა დარბევისა და სისხლისღვრის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან აღარ იმოქმედებს. თუმცა სომხეთში კვლავაც რჩება ეჭვი, რომ სამოქალაქო საზოგადოება სრულყოფილ ამოქმედებას ვერ შეძლებს; კვლავაც აქტუალურია პატიმრების თემა და შეკითხვა – რა ბედი ეწევათ მათ. ამ თემაზე, რადიო “თავისუფლებასთან” საუბრისას, ყურადღებას დენიელ ფრიდიც ამახვილებს:

[დენიელ ფრიდის ხმა] "ჩვენ მივესალმებით საგანგებო მდგომარეობის მოხსნას, მაგრამ არის სხვა პრობლემები, რომლებიც ყურადღებას მოითხოვს. დაკავებული ადამიანები, რომლებსაც არეულობასა და ძალადობაში ედებათ ბრალი, ეს ერთი საკითხია... მაგრამ ისინი, ვინც საეჭვო მიზეზების გამო დაიჭირეს, უნდა გათავისუფლდნენ. აუცილებელია სიტუაციის ნორმალიზება, აუცილებელია დიალოგი ოპოზიციასთან. ეს არის სიტუაცია, რომელიც სომხეთის მეგობრებში შეშფოთებას იწვევს."

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთ ქვეყანას, აზერბაიჯანს, და მის ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დენიელ ფრიდი გამოხატავს ვაშინგტონის სურვილს იხილოს აზერბაიჯანი ძლიერ ქვეყნად... სახელმწიფოდ, რომელსაც არ ეშინია თავისუფალი სიტყვის:

[დენიელ ფრიდის ხმა] "ჩვენთვის ძვირფასია აზერბაიჯანთან მეგობრობა, მაგრამ ეს მეგობრობა, საბოლოო ანგარიშით, გაზიარებულ ფასეულობებს უნდა ემყარებოდეს. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანის მთავრობა თავისუფლების ხარისხის ზრდისკენ იმოძრავებს და არა საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლო ურთიერთობისთვის. მეტიც: ჩემი აზრით, ძლიერი ქვეყანა - და ჩვენი სურვილია, აზერბაიჯანი ძლიერ ქვეყნად ვიხილოთ - არის სახელმწიფო, რომელშიც ძლიერი ინსტიტუტები მოქმედებს, თავისუფალი პრესის ჩათვლით. ძლიერ მთავრობებს არ ეშინიათ პრესის თავისუფლებისა - ისინი მას მიესალმებიან."

დენიელ ფრიდი მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას: მისაღებია ქვეყნებს შორის ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც ძალდატანებისა და დაპყრობის პოლიტიკაზე არ არის აგებული. სახელმწიფო მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალ - ამჟამად თავისუფალ და დამოუკიდებელ - ქვეყნებს (მათ შორის, სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას), თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ და თავად უნდა შეარჩიონ მოკავშირეები.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG