Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის 2007 წლის მოხსენების პრეზენტაცია


28 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2007 წლის




მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებათდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ის ფაქტი, რომ ამ მოხსენებით დღეს თქვენ წინაშე გამოვდივარ და არა პარლამენტის წინაშე, თვალნათლივ მიუთითებს საქართველოში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობასა და ამ უფლებებისადმი სახელმწიფოს მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე“, –განუცხადა სოზარ სუბარმა პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს.

საქართველოს სახალხო დამცველის 2007 წლის მოხსენება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევას რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აღწერს. მათ შორისაა: საკუთრების უფლების უხეში ხელყოფის ფაქტები, მასმედიაზე - კერძოდ, ტელეკომპანია „იმედზე“ - განხორციელებული თავდასხმა, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევა და აქციის დაშლისას გამოყენებული სასტიკი მეთოდები, რომლებშიც აშკარად იკვეთება კანონდარღვევები. 28 მარტს სასტუმრო ”თბილისი–მარიოტში” გამართულ წარმომადგენლობით თავყრილობაზე სოზარ სუბარმა ისაუბრა ასევე სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე, თავისუფალი სასამართლოს უფლების შეზღუდვასა და ადამიანის უფლებების კიდევ სხვა მრავალ დარღვევაზე – მათ შორის, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ითქვა ისიც, რომ ამ დარღვევების გამოუძიებლობისა და დამნაშავეების დაუსჯელობის შემთხვევაში, საზოგადოებას ძნელად ექნება კარსმომდგარ საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობისა და ობიექტურობის იმედი.

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“ მიუხედავად იმისა, რომ რაზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა, ყველაფერი ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, მაინც შთამბეჭდავი იყო, იმიტომ რომ მან მოახერხა ამ მცირე დროში ჩამოეყალიბებინა და აქცენტები დაესვა სწორედ იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების მიმართულებით არის საქართველოში. ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დაირღვეს ადამიანის უფლებები და შეიზღუდოს ის, მაგრამ როცა არსებობს ორი გარანტია - ერთი ის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ არის და არის გარანტია, რომ დაისჯება ადამიანის უფლებების დამრღვევი და, მეორე, რომ იარსებებს არბიტრი, სასამართლო, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ ადამიანის უფლებები თვითნებურად არ დაირღვეს, ასეთი სახელმწიფო გვინდა შევქმნათ ჩვენ და ასეთი სახელმწიფო ჩვენ არ გვაქვს.“(სტილი დაცულია)

გვითხრა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ. არასამართლებრივი სახელმწიფოს, უფრო სწორად, სისტემური დარღვევების წამქეზებელი სახელმწიფოს კრიტიკისას კი საქართველოს სახალხო დამცველი, თავის მხრივ, საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის მიერ მისი საანგარიშო მოხსენების განუხილველობაზე, დროის უქონლობის მომიზეზებით:

[სოზარ სუბარის ხმა]“ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში და მე გადავწყვიტე, საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი ხედვები, რომელთა მოსმენა არ ინება პარლამენტმა. პარლამენტს რომც მოესმინა, რა?! წინა მოხსენება მოისმინა და თქვა, რომ მიიღო ცნობად. თუ არ ვახდენთ რეაგირებას, ცნობად მიღებას რა აზრი აქვს. მაშინ ვთქვათ, რომ მოხსენებაში რაც წერია, ტყუილია. ამას ვერ იტყვიან, იმიტომ რომ ყველა ფაქტის უკან დოკუმენტი დგას. მაშინ ”მივიღოთ ცნობად” რას ნიშნავს, ვიცხოვროთ ბოლომდე ამ მართლა რეპრესიულ რეჟიმში? არ შეიძლება, ხო?! ამიტომ რაღაც უნდა შევცვალოთ. და არ შეიცვლება, თუ სიმართლეს თვალს არ გავუსწორებთ, თუ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ.“

მწარე სიმართლე გაისმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ იმ ტენდენციების შეფასებაშიც, რომელთაც მოხსენებაში ასახული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოავლენს. მკაცრია დასკვნაც: „როდესაც მოქალაქე მარტოა დარჩენილი პოლიტიკურ–ადმინისტრაციული რეპრესიული აპარატის წინაშე, რომლისთვისაც კანონი არაფერს ნიშნავს, ცხადია, ზედმეტია საუბარი ადამიანის უფლებების დაცულობაზე.“

[გიორგი ხუციშვილის ხმა] “ეხლა, როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნები მაინც სასწაულს ვერ მოახდენს, ამ სისტემას ვერ შეცვლის და სისტემა, ალბათ, მაინც დარჩება იგივე, მაგრამ საზოგადოებამ უნდა ისწავლოს ბრძოლა, უნდა ისწავლოს მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მართლა ცივილიზებულ სახელმწიფოდ გადავაქციოთ. ამას დასჭირდება წლები, მაგრამ ეს სამუშაოები არ უნდა შეწყდეს.“(სტილი დაცულია)

ბრძანა სახალხო დამცველის 2007 წლის საანგარიშო მოხსენების პრეზენტაციის შემდეგ კონფლიქტოლოგმა გიორგი ხუციშვილმა. ჩვენ კი შევნიშნავთ, რომ საზოგადოების გააქტიურების ხელშეწყობა ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიისა, რომლის სამოქმედო ვადა სამი წლით განისაზღვრა და რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია შეამციროს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბები. ბოლოს კი გთავაზობთ კომენტარს, რომელიც ჩამოვართვით საქართველოში ვატიკანის ელჩს კლაუდიო გუჯეროტის. შეკითხვა ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილ ტენდენციებს შეეხებოდა.

[კლაუდიო გუჯეროტის ხმა]“ დიპლომატების რეაქცია, მართლაც, მძაფრია. ისინი შეეცდებიან საქართველოს მთავრობასთან საუბარში გაუმჯობესებასა და შედეგს მიაღწიონ. თუმცა მთავარია პოლიტიკური ნება, რათა რეალურ ცვლილებებს მიაღწიოთ. პოლიციის სისტემა ახლა, მაგალითად, გაცილებით უკეთესია, ვიდრე წლების წინათ იყო. იგივე ნება უნდა გამოვლინდეს სასამართლოში და სხვა სფეროებში. თუ მოისურვებთ, წარმატებას მიაღწევთ, თუ არა, ვერ მიაღწევთ.”



XS
SM
MD
LG