Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 წელი 1978 წლის 14 აპრილიდან - ვის ახსოვს და როგორ ახსოვს საქართველოში საფრთხე, რომელსაც ქართული ენა გადაურჩა


ზუსტად 30 წლის წინ, ქართული ინტელიგენციისა და სტუდენტობის ძალისხმევით,

ჩავარდა გეგმა, რომელიც, 30 წლის წინანდელი მოვლენების აქტიური მონაწილის თამარ ჩხეიძის აზრით, ქართველი ერის რუსეთთან ასიმილაციას ითვალისწინებდა. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საბჭოთა ეპოქისთვის უცხო, გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. მაშინ ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა და დღეს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ყოველი 14 აპრილი ქართული ენის, დედაენის დღეა. მინდა გავიხსენო 1978 წლის 14 აპრილი და გესაუბროთ იმაზე, თუ ვის და როგორ ახსოვს საქართველოში საფრთხე, რომელიც 30 წლის წინ საქართველოსა და ქართულ ენას დაემუქრა...

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მაშინ ედუარდ შევარდნაძე იყო... კრემლმა საბჭოთა რესპულიკებში სახელმწიფო ენად ერთი ენის - რუსულის - გამოცხადება გადაწყვიტა... იდეის ავტორი, შევარდნაძის თქმით, საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი და ბრეჟნევის თეორეტიკოსი მიხეილ სუსლოვი იყო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა მას პირადად განუმარტა, რომ საქართველოში იდეის რეალიზაცია სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევდა. ”კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენების განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება.. ” - იყო პასუხი...შევარდნაძე მაშინ ბრეჟნევსაც შეხვდა. ბრეჟნევი მას შეჰპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში საქმეში ჩაერეოდა. ”დავბრუნდი და პირადად მე მოვახდინე ინიცირება კონსტიტუციის პროექტის შესწავლის”, - გაიხსენა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ მის ინიციატივას პირველები მწერლები გამოეხმაურნენ. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მიიჩნევდნენ დამღუპველად ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მოხსნას, თუკი, სუსლოვის დაპირებისამებრ, კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა, რომ პარტია იზრუნებს ქართული ენის განვითარებაზე. ასეთები იყვნენ, მაგრამ იყვნენ სხვებიც და დაიწყო სერიოზული მოძრაობა ქართული ენის სტატუსის გადასარჩენად. ამ მოძრაობის ავანგარდში უნივერსიტეტი იყო და 14 აპრილს, როცა საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საბჭოს უნდა დაემტკიცებინა კონსტიტუცია, რომელშიც გამქრალი იყო მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ, რუსთაველის პროსპექტზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი.... ამ ადამიანებს შორის იყო თბილისელი დავით კობახიძეც.

[დავით კობახიძის ხმა] ”10 საათისთვის, თითქოს შადრევანმა ამოხეთქაო, აქ, ზემელზე, შეიკრა უნივერსიტეტიდან წამოსული ხალხი, პოლიტექნიკურიდან და ზემოდან, კონსერვატორიიდან, შეკრებილი ხალხი და ეს ხალხი უცბად იქცა მდინარედ. ”

ზღვა ხალხი მაშინდელი კომპარტიის უმაღლესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა. კომპარტიის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციას ამტკიცებდა. შევარდნაძეს ინფორმატორებისგან ცნობა ცნობაზე მისდიოდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა გარეთ.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ” უკვე მესმოდა: დედა ენა! დედა ენა! მაშინ მე თავი გავწირე, გამოვაცხადე, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნების შესახებ. მიკროფონი ხომ ჩართული იყო, მაგრამ ბავშვებს ეს არ სჯეროდათ. ”

[დავით კობახიძის ხმა] ”კაკო ბაქრაძე გამოვიდა და თქვა, მოსკოვიდან მოვიდა მიმართვა და კონსტიტუციაში დარჩება მუხლი მშობლიური ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებო. მაინც არ სჯეროდა არავის, სანამ შევარდნაძე არ გამოვიდა თვითონ. ”

1987 წლის 14 აპრილის საპროტეტსო აქციის მონაწილე დავით კობახიძე იხსენებს, როგორ მოწესრიგებულად მოქმედებდნენ მომიტინგეები, რამდენად ძლიერი იყო მათში სულისკვეთება დაეცვათ ქართული ენის სტატუსი. აქციის აქტიური მონაწილე იყო თამარ ჩხეიძე.. იმდენად აქტიური , რომ კგბ-ს წარმომადგენლებმა მის სახლში ჩხრეკა 14 აპრილამდე ჩაატარეს... 30 წლის წინანდელ მოვლენებს თამარ ჩხეიძე ასე იხსენებს:

[თამარ ჩხეიძის ხმა] ” თუკი, ზოგადად, ასეთი რამ არ ჩანდა და შეშინებული იყო საზოგადოება, დადგა მომენტი, როცა შიში განაგდეს და გონივრულად განახორციელეს ეს აქცია და მიიღეს კიდეც შედეგი და ეს შედეგი გავრცელდა სხვა რესპუბლიკებზეც.”


საქართველო კარგა ხანია დამოუკიდებელი რესპუბლიკაა და უკევ გაიზარდა თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია ... ამ თაობის წარმომადგენლებმა (ყოველ შემთხვევაში, იმათ, ვისაც მე თბილისის ქუჩაში გავესაუბრე) არ იციან რა მოხდა 30 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს , ანუ რატომ არის 14 აპრილი ქართული ენის დღე ....

[სტუდენტების ხმები} ” არ ვიცი”, ”არაფერი გამიგია”,
”საერთოდ არაფერი ვიცი”.


ამ ახალგაზრდებისთვის გაუგებარია რატომ უნდა დამუქრებოდა საფრთხე ქართულ ენას, ისევე როგორც გაუგებარია რა მოვლენა იყო საბჭოთა კავშირი. 30 წლის წინანდელი სტუდენტებისგან განსხვავებით, ისინი სხვა რეალობაში და სხვა ინტერესებით ცხოვრობენ, მაგრამ 14 აპრილი საქართველოში ქართული ენის დღედ რჩება.
XS
SM
MD
LG