Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სასურსათო კრიზისიდან გამოსავალს ეძებს


დღეს ვუბრუნდებით სურსათის გაძვირების პრობლემას, რომელიც მსოფლიოში მზარდ შეშფოთებას იწვევს და არა მარტო შეშფოთებას, არამედ საპროტესტო გამოსვლებს

და ადამიანის მსხვერპლს. მაგალითად, კამერუნში თებერვლის საპროტესტო გამოსვლების დროს - მათ მიზეზად ცხოვრების გაძვირებაც სახელდება - სულ ცოტა, 24 ადამიანი მოკლეს; ფასების ზრდა იყო დემონსტრაციების მიზეზი მოზამბიკშიც, იქ 6 ადამიანი დაიღუპა. 6 ადამიანი დაიღუპა ჰაიტიშიც, სადაც ბრინჯის გაძვირებით გამოწვეულ პროტესტს მთავრობის გადადგომა მოჰყვა. საპროტესტო ტალღამ გადაუარა სამხრეთ აფრიკას, არგენტინას, ინდონეზიას.

რა უნდა მოიმოქმედონ მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა? ამ საკითხზე ბოლოხანს ბევრს მსჯელობენ. ამ დისკუსიასთან დაკავშირებით გუშინ გააკეთა განცხადება მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის, გაეროს ლიდერმა.

ამ 8 წლის წინ გაეროს წევრი სახელმწიფოები შეთანხდნენ ცხოვრების დონის გაუმჯობესების კონკრეტულ მიზნებზე: რა წარმატებებს რა ვადებში უნდა მიაღწიონ მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის შედეგად. მიზნები ჩამოყალიბებულია გაეროს ე.წ. ათასწლეულის განვითარების გეგმაში, რომლის შესაბამისად, 2015 წლამდე მსოფლიოში სიღარიბის მაჩვენებელი უნდა განახევრდეს.

არადა, ბოლო წელია, საქმეს კარგი პირი არ უჩანს: ხორბლის ფასი ორჯერ გაიზარდა, მკვეთრად გაძვირდა ბრინჯი, რასაც აზიასა და აფრიკაში სასურსათო კრიზისი ახლავს.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი შიშობს, რომ ამჟამინდელი პროცესი გააბათილებს პროგრესს, რომელსაც უკვე მიაღწიეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში. [ბან კი მუნის ხმა] “თუ არ გადავსინჯეთ ჩვენი სტრატეგიები, თუ არ გავცდით სიტყვიერ განცხადებებს მზადყოფნაზე, გავაორმაგოთ ძალისხმევა - დაპირებებს არ შევუსრულებთ ჩვენი მსოფლიოს მილიონობით ღატაკს. როგორც ამ კვირაში გაგვაფრთხილა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა, მსოფლიოში სურსათის გაძვირებამ, შესაძლოა, ამაო გახადოს ჩვენი მუშაობის 7 წელი ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მივდივართ რისკზე, რომ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდებით.”

ბან კი მუნმა ეს სიტყვები წარმოთქვა აფრიკის კონტინენტზე - განაში, ვაჭრობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე და, როგორც მოისმინეთ, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ახსენა. ამ უკანასკნელმა, რობერტ ზელიკმა, მიმდინარე თვეში გაავრცელა ინფორმაცია საფრთხეზე, რომ სასურსათო კრიზისმა შესაძლოა, კიდევ უფრო გააღარიბოს 100 მლნ-მდე ადამიანი. ჯერ კიდევ თებერვალში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ დამატებით 500 მლნ დოლარი მოითხოვა მშივრების დასაპურებლად, ახლა ის კიდევ უფრო მეტს მოითხოვს - 750 მილიონს. ბრინჯის მკვეთრად გაძვირების შედეგად, შიმშილობა გაცილებით მეტ ადამიანს შეეხო, ვიდრე აქამდე ეხებოდა.

რა გასაკვირია, რომ მთავრობები გამოსავალს ეძებენ საკუთარ მოსახლეობათა დასაცავად და ამ გამოსავლად, ხშირ შემთხვევაში, ბრინჯისა და ხორბლის ექსპორტის შეზღუდვას მიიჩნევენ. ეს კი, გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, არასწორი ნაბიჯია, რადგან ხელს უშლის საერთაშორისო ვაჭრობას და, გრძელვადიან პერსპექტივაში, კიდევ უფრო გაამწვავებს სურსათის დეფიციტს. [ბან კი მუნის ხმა] “თუ სათანადო ზომებს არ მივმართეთ, ამჟამინდელ კრიზისს შესაძლოა სხვებიც მოჰყვეს და გადაიზარდოს მრავალ კრიზისში, იქცეს მრავალგანზომილებიან პრობლემად, რომელიც გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, სოციალურ პროგრესზე და მსოფლიოში პოლიტიკურ უსაფრთხოებაზეც კი”.

ჩვენს გადაცემებში უკვე არაერთხელ გვქონია საუბარი ამჟამინდელ კრიზისზე და გვითქვამს, რას მიიჩნევენ ექსპერტები მის მიზეზებად - ეს არის მსოფლიო ბაზარზე სარეკორდოდ გაძვირებული საწვავი, სურსათზე მზარდი მოთხოვნა ჩინეთსა და ინდოეთში, უხიერო მოსავლის შედეგად გაღარიბებული რეზერვები. ასახელებენ რამდენიმე სხვა მიზეზსაც - როგორც გაეროს გენერალურმა მდივამნა აფრიკაში, განაში კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, ის საგანგებო ჯგუფს ჩამოაყალიბებს ყველა ამ მიზეზის შესასწავლად და კრიზისის მოგვარების ხელშესაწყობად.

უმაღლეს დონეზე ამ კრიზისზე მსჯელობა მომავალ კვირაში გაგრძელდება, როცა შვეიცარიაში შეიკრიბებიან გაეროს სააგენტოების, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ლიდერები.
XS
SM
MD
LG