Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 746-ე გემოშვება

ბიძინა რამიშვილი:

ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავი აღნიშნეს; 9 მაისს ზეიმი გაიმართა რუსეთშიც, სადაც, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, სულ უფრო მეტად შემოდის მოდაში საბჭოთა სიმბოლიკა; გესაუბრებით კასპიის ენერგომატარებლების საქართველოს გავლით ევროპაში ალტერნატიული ტრანსპორტირებას პერსპექტივები; გადაცემას დაასრულებს სიუჟეტი კინომსახიობ მარინა ვლადიზე, რომელსაც 10 მაისს 70 წელი უსრულდება.
ამ და სხვა თემებზე გვექნება დღეს საუბარი მეათე სტუდიაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავი აღნიშნეს

ბიძინა რამიშვილი:
მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ყოველი წლის 9 მაისს დიდი სამამულო ომის დასრულებას აღნიშნავს. ამ მხრივ გამონაკლისი არ საქართველოა, სადაც ომის ვეტერანები ტრადიციულად წელსაც გამარჯვების პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების დასრულება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს, თუმცა ვიდრე ვეტერანები საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მილოცვებს მიიღებდნენ, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ძალისხმევით უკრაინიდან საქართველოში გადმოასვენეს სამამულო ომის გმირისა და გვარდიის მაიორის, ჭიჭიკო ბენდელიანის ნეშტი. ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან შეიტყობთ იმას, თუ როგორ აღინიშნა თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი და რა შინაარსის წერილი გაუგზავნეს ქართველმა ვეტერანებმა რუსეთის პრეზიდენტს.


ჯიმშერ რეხვიაშვილი:
63 წლის წინ, 1945 წლის 9 მაისს, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლეობამ რადიოს საშუალებით შეიტყო, რომ დასრულდა დიდი სამამულო ომი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა..

[იური ლევიტანის ხმა] „ლაპარაკობს მოსკოვი! აქტი უპირობო კაპიტულაციის შესახებ! გერმანიის შეიარაღებული ჯარების უპირობო კაპიტულაცია...“.

უნდა ითქვას, რომ ომის დასრულებით გამოწვეულმა სიხარულმა ბოლომდე ვერ გაანელა ის ტკივილი, რომელიც კაცობრიობას რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის დაღუპვამ დაუტოვა. სხვა ქვეყნების მსგასად, ომს გვერდი ვერ აუარა საქართველომ, საიდანაც საერთო ჯამში 700 ათასზე მეტი ადამიანი იქნა მობილიზებული. ამათგან, როგრც ისტორიის მეცნიერებთა დოქტორი, მერაბ ვაჩნაძე ამბობს, თითქმის ნახევარი ბრძოლის ველზე დარჩა.

[მერაბ ვაჩნაძის ხმა] „თითქმის ყველა ფრონტზე დაიღუპნენ ქართველები. მაგრამ განსაკუთრებით ბევრი დაიღუპა ყირიმში, ყველასათვის ცნობილაი ქერჩის ტრაგედია, პროცეტულად, მოსახლეობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი ბელორუსი დაიღუპა, ყოველი მეოთხე... იქ პარტიზანული ომები იყო და ასე შემდეგ... მაგრამ ჯარში გაწვეულებიდან ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა“.

დაღუპულთა შორის იყო გვარდიის მაიორი, სამხედრო მფრინავი ჭიჭიკო ბენდელიანი, რომელმაც, ვიდრე 1944 წლის 20 ივლისს გმირულად დაიღუპებოდა, ოთხასზე მეტი საბრძოლო ფრენა განახორციელა, მონაწილეობა მიიღო 85 საჰაერო ბრძოლაში და გაანადგურა მოწინააღმდეგის 32 თვითმფრინავი. ოჯახის წევრებთან ერთად, ჭიჭიკო ბენდელიანის ნეშტის გადმოსვენებაში აქტიურად მონაწილეობდა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯანდრი უბირია.

[ჯანდრი უბირიას ხმა] „ჭიჭიკო ბენდელიანი იყო საბჭოთა კავშირის გმირი. სიცოცხლეშივე ჰქონდა ეს წოდება მინიჭებული. ის იყო საკმაოდ ახალგაზრდა, 30 წლის, როდესაც დაიღუპა გმირულად და პრაქტიკულად საბჭოთა კავშირში კუთხე არ არსებობს რომლის საჰაერო სივრცესაც ის არ იცავდა. ქოლოს ის იბრძოდა უკრაინაში, სადაც არათანასწორ ბრძოლაში დაიღუპა. მას გმირის ვარსკვლავის გარდა, მიღებული აქვს სამი „დიდების ორდენი“ და ოენინის სამი ორდენი“.

ჯანდრი უბირიას თქმით, რომ არა ოჯახის, უფრო ზუსტად კი ჭიჭკო ბენდელიანის ქალიშვილის, ჯულიეტა ბენდელიანის ძალისხმევა, უკრაინის მთავრობა არ დათანხმდებოდა ეროვნული გმირის საქართველოში გადასვენებას.

[ჯულიეტა ბენდელიანის ხმა] „უკანასკნეოი ოთხი წლის მანძილზე გაორმაგებული ძალებით ვიბრძოდი, რათა ეს საქმე ისე დამემთავრებინა, როგორც ჩემი მამიკოს დამსახურებას შეეფერება და რაც ქართველი ხალხისა და სამშობლოს სიყვარულში გამოიხატებოდა“.

[გალობის ხმა]

ქაშუეთის ეკლესიაში პანაშვიდის გადახდის შემდეგ, სამამულო ომის გმირის ნეშტი, 8 მაისს, საბურთალოს სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს, 9 მაისს კი საქართველოში მცოვრებმა ვეტერანებმა, რომელთა რაოდენობა ათი ათასს არ აღემატება, ფაშიზმზე გამარჯვების 63-ე წლისთავი აღნიშნეს.

[მამაკაცის ხმა] „დიდება სტალინის ჯარისკაცებს! დიდება გამარჯვების ჯარისკაცებს! ვაშა! ოფიცერთა კავშირი აჯილდოვებს ომის ვეტერანებს. პოლკოვნიკი ჯოხარიძე! გთხოვთ ამობრძანდეთ...“

[საზეიმო მარში]

[პოლკოვნიკ ჯოხარიძის ხმა] „ომი რომ დაიწყო, ფრონტზე ვიყავი ბელორუსიაში, უკვე ვმსახურობდი, პირველი ჭრილობა 23 ივლისს მივიღე, ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, გერმანელები უკვე მოსკოვთან იყვნენ მოსულები. დთაკომპლექს ჩვენი სამხედრო ნაწილი და გადაგვისროლეს მოსკოვის ფრონტე...“

პოლკოვნიკი ზაქარია ჯოხარიძე ამბობს, რომ არ ნანობს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რომ სწირავდა მოსკოვისთვის, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იწონებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საქციელს. საქმე ის არის, რომ ქართველმა ვეტერანებმა 9 მაისს რუსეთის საელჩოში მიიტანეს წერილი, რომლის ადრესატი, არც მეტი არც ნაკლები, რუსეთის პრეზიდენტია. 91 წლის ვეტერანი მოსე მდინარაძე განმარტავს.

[მოსე მდინარაძის ხმა] „დაძაბულობა უნდა მოიხსნას, ყველამ თავის სახლსა და მიწას მიხედოს. ჩვენ არც რუსეთთან, არც აფხაზეთთან და არც ოსებთან გასაყოფი არაფერი გვაქვს. ერთადერთი ჩვენი სათხოვარი ის იქნება, რომ ელჩმა ვიაჩესლავ ევგენის ძე კოვალენკომ გადასცეს პრეზიდენტს ჩვენი თხოვნთ, რომ შევრიგდეთ, მეტი სხვა ჩვენ არაფერი გვინდა, შევრიგდეთ!

თუმცა, ვიდრე მთავრობები შერიგდებიან, საქართველოშიც და რუსეთშიც ვეტერანები ერთად აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულს, რომელიც, ვეტერანებისავე თქმით, წარმოუდგენელია დავით ტუხმანოვის სიმღერის, „გამარჯვების დღის“ გარეშე.

[ისმის სიმღერა „გამარჯვების დღე“]

[ვეტერანის ხმა] „ეს მუსიკა არასოდეს მოკვდება. ამ მუსიკამ ჩვენი ხალხი გამარჯვებამდე მიიყვანა. ეს მუსიკა იცოცხლებს მანამ, სანამ კაცობრიობა იქნება“.


რუსეთი: საბჭოთა კავშირი კვლავ მოდაშია?

ბიძინა რამიშვილი:
პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე - 9 მაისი - მძიმე სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებითა და გრანდიოზული აღლუმით აღნიშნეს. ამაში, ალბათ, მოულოდნელი არაფერი იყო, თუკი გავითვალისწინებთ, რომ წელს გამარჯვების დღე კრემლში ხელისუფლების ისტორიულ გადაცემას დაემთხვა. თუმცა ბევრმა ეს აღლუმი უფრო ფართო პროცესების ნაწილად აღიქვა. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ, მსოფლიოში საკუთარი იმიჯის გამყარების მიზნით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს საბჭოთა წარსულის სიმბოლიკის აქცენტირებას:

[სამხედრო ორკესტრის ხმა]

სალომე ასათიანი:
მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 63-ე წლისთავი წითელ მოედანზე სამხედრო ქვეითი და საჰაერო ტექნიკის შთამბეჭდავი დემონსტრირებითა და გრანდიოზული აღლუმით აღინიშნა.

აღლუმზე მწყობრით ჩაიარა, დაახლოებით, 8,000-მა ჯარისკაცმა. გამოტანილი იყო ტანკები და ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები. ლენინის მავზოლეუმის წინ აღმართული ტრიბუნიდან საზეიმო აღლუმს თვალს ქვეყნის ლიდერები ადევნებდნენ - მათ შორის, ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ოთხშაბათს დატოვა, და ახალი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი.

მედვედევმა ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და შემდეგ საზეიმო სიტყვა წარმოთქვა. მის გამოსვლაში პირდაპირი გაფრთხილება გაისმა იმ ქმედებების მიმართ, რომლებიც რუსეთის და მისი მოკავშირეების საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს აღქმული:

[მედვედევი] ”რასობრივი თუ რელიგიური სიძულვილის დათესვის, იდეოლოგიური ტერორისა და ექსტრემიზმის გაღვივების, სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩარევის და, მით უფრო, საზღვრების გადახედვის მცდელობებს უაღრესად სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.”

გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულია. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული თითქმის 27 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცის გახსენებასთან ერთად, ამ დღეს ქვეყანა საკუთარი შთამბეჭდავი სამხედრო არსენალის დემონსტრირებას ახდენს ხოლმე.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წლევანდელი აღლუმი ყველაზე გრანდიოზული იყო. ბევრმა ეს რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის მხრიდან ერთგვარ გამოსამშვიდობებელ ჟესტად აღიქვა. მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, 7 მაისს, ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და ახლა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში განაგრძობს მუშაობას. პუტინის პრეზიდენტობის ორი ვადის განმავლობაში რუსეთმა პოსტსაბჭოთა ქაოსიდან გამოსვლა და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ენერგეტიკულ ძალად ქცევა შეძლო.

5 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომელსაც პუტინი უკანასკნელად დაესწრო პრეზიდენტის რანგში, მან გამარჯვების დღის განსაკუთრებული პომპეზურობით აღნიშვნის გადაწყვეტილება ასე ახსნა:

[პუტინი] ”ეს არ არის იარაღის ჟღარუნი. ჩვენ არავის ვემუქრებით და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებთ. თავს არავის არაფერს ვახვევთ. ჩვენ ყველაფერი საკმარისად მოგვეპოვება. მაგრამ ეს თავდაცვის სფეროში ჩვენი მზარდი შესაძლებლობების დემონსტრაცია იქნება. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სიმდიდრე - ამ უკანასკნელის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განვიცდით.”

თუმცა ბევრი აღლუმს მაინც კომუნისტურ წარსულში დაბრუნების ერთგვარ მცდელობად აღიქვამს - წარსულში, როდესაც მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაცემულ სამხედრო აღლუმებს.

დმიტრი ორეშკინი, რუსი პოლიტოლოგი, ფიქრობს რომ წლევანდელი აღლუმი საბჭოთა წარსულის აქცენტირების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი იყო:

[ორეშკინი] ”ის ამ საბჭოურ ოცნებებს სრული გამოვლინების საშუალებას აძლევს. სამხედრო ტრადიციებით აღზრდილი ადამიანების რიცხვი ძალიან დიდია. ისინი სამყაროს ისე აღიქვამენ, თითქოს დასავლეთს მათი დამონება სურდეს. შესაბამისად, განცდა, რომ რუსეთს მოულოდნელად ტანკები არ ყოფნის, ამ ადამიანებისათვის ძალიან მტკივნეულია. ჰოდა, რატომაც არ ვუჩვენოთ ამ ადამიანებს ტანკები? რატომ არ გამოვიყვანოთ ისინი წითელ მოედანზე? ნახონ, ერთი-ორი ცრემლი გადმოაგდონ და დამშვიდნენ.”

აღლუმისთვის რეპეტიციების გასავლელად მოსკოვის გარეუბანში წითელი მოედნის ზუსტი ასლი ააგეს. სახელმწიფო ტელევიზია გამუდმებით გადასცემდა რეპეტიციებზე ტანკების და რაკეტებით დატვირთული მანქანების გადაადგილების კადრებს.

აღლუმზე გამოსულ, დაახლოებით, 8,000-ს ჯარისკაცს ახალი უნიფორმა ეცვა. მოდელის ავტორი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერია. უნიფორმა, რომელიც როგორც საბჭოთა, ისე იმპერიული წარსულის ელემენტებს შეიცავს, ვლადიმირ პუტინმა პირადად ჩაიბარა.

პუტინს, რომელმაც კარიერა სუკის აგენტობით დაიწყო და რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის ”უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას”უწოდებს, საბჭოთა ეპოქის მიმართ დადებითი დამოკიდებულება არასოდეს დაუმალავს.

2000 წელს, მისი ინიციატივით, საბჭოთა ჰიმნი აღადგინეს - სიტყვები შეუცვალეს მხოლოდ. 2005 წელს მან მოსკოვის გამგებლებს ნება დართო ქალაქში ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი დაედგათ - ადამიანის, რომელიც სუკის წინამორბედი ორგანიზაციის, ჩეკას, დამაარსებლად არის ცნობილი.

თუმცა პუტინის ამ ინიციატივებს ფართო მხარდაჭერა ჰქონდა. მართალია, რუსეთში დროდადრო ისმის კრიტიკული ხმები - რომ, მაგალითად, პუტინმა რუსეთი საბჭოთა კავშირის ერთგვარ კარიკატურად აქცია - დიდი უმრავლესობა ამ ყველაფერს დადებითად ხვდება. პუტინის მსგავსად, რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავაც შენარჩუნებული აქვს საბჭოთა წარსულის მიმართ ნოსტალგია. მაგალითად, საინტერნეტო გვერდები, რომლებსაც დაბოლოებად საბჭოთა ”სუ” აქვთ, კვლავ მოდაშია - ამ წლის განმავლობაში ასეთ ვებგვერდებზე რეგისტრაცია უკვე 45 პროცენტით გაიზარდა.

ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც სოჭში უნდა გაიმართოს, სიმბოლოდ კვლავ ”მიშკას” დააწესებენ - დათვს, რომელიც 1980 წელს მოსკოვში გამართული თამაშების ემბლემა იყო.

საბჭოთა წარსულის მიმართ ნოსტალგია რუსეთის მოსახლეობასა და პოლიტიკოსებში კავშირის დაშლის შემდეგ ყოველთვის იგრძნობოდა. მაგრამ, ლევადას კვლევით ცენტრში მომუშავე სოციოლოგ ბორის დუბინს თუ დავუჯერებთ, ამჟამინდელი სურათი მაინც უპრეცედენტოა:

[დუბინი] ”ეს ტენდენცია პუტინის მმართველობის ორი ვადის განმავლობაში გამძაფრდა. ყველა ეს სიმბოლო იმას მოასწავებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა საბჭოთა წარსულის მიმართ დადებით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. ეს საერთოდ არ ახასიათებდა ელცინის პირველ პერიოდს - და დიდად არც გორბაჩოვისეული პერესტროიკა გამოირჩეოდა ამით.”

პუტინმა და მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა ქვეყანას მასშტაბური ეკონომიკური და სამომხმარებლო ბუმი მოუტანეს და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი საბჭოთა სისტემის ყველა ასპექტის აღდგენას ელტვოდნენ.

ანალიტიკოსების აზრით, დღევანდელ კრემლს საბჭოთა სისტემის ეკონომიკური საფუძვლები ნაკლებად აინტერესებს. მთავარი, რაც მას ამოძრავებს, საბჭოთა სისტემის ნგრევით გამოწვეული იდეოლოგიური ვაკუუმის შევსების მცდელობაა ისტორიული სიმბოლოების გამძაფრებით.

დღევანდელ რუსეთში ბევრს აქვს დადებითი დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ - მისი ძალადობრივი ასპექტების ჩათვლით.

ერთ-ერთი მათგანია აზირხან ფაშაევი, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში მცხოვრები პენსიონერი, რომელმაც სამი წლის წინ იოსებ სტალინის მუზეუმი გახსნა.

ფაშაევი, რომელიც ამაყობს, რომ საბჭოთა დიქტატორთან გარეგნული მსგავსებაც აერთიანებს, ამბობს, რომ მის მუზეუმს ბევრი მნახველი ჰყავს:

[ფაშაევი] ”ეს ჩვენი ისტორიაა, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა. ისტორია არ უნდა დავივიწყოთ და ის ახალგაზრდა თაობებს უნდა ვასწავლოთ. აქ მასწავლებლებს სკოლის მოსწავლეები მოჰყავთ. ჩვენ აქ დაბადების დღეებს აღვნიშნავთ ხოლმე. სტალინის ხსოვნის დღეს აქ 40, 50 ვეტერანს ვპატიჟებ ხოლმე და მათთვის საზეიმო ღონისძიებებს ვაწყობ.”

მოსკოვის ცენტრში, არბატზე, ათობით სუვენირების მაღაზია მუშაობს.

მათი მფლობელები ამბობენ, რომ უცხოელი ტურისტები, ძირითადად, მჭახე ფერებში შეღებილ ”მატრიოშკებს”, პუტინის გამოსახულებიან მაცივარზე მისაკრავ მაგნიტებს და კალაშნიკოვის ავტომატის ფორმის ბოთლებში ჩამოსხმულ არაყს ყიდულობენ.

მაგრამ, მაღაზიის მფლობელთა თქმით, რუსეთის მოქალაქეები ამავე მაღაზიებში სხვა საქონელს ეძებენ. ისინი უფრო მეტად საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ ნივთებს ყიდულობენ - იქნება ეს საათები, ფოტოაპარატები, პლაკატები, ფოტოსურათები თუ სხვა.

არბატზე გასულმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა 42 წლის კოლექციონერი ვადიმი გაიცნო, რომელმაც იმ დღეს საბჭოთა კავშირში ფართოდ გავრცელებული ჩაის ჭიქების ლითონის სადგამები შეიძინა:

[ვადიმი] ”ამ პერიოდმა არც ისე დიდხანს გასტანა - სულ რაღაც 70 წელიწადი. და ამ 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ბევრი რამ გაკეთდა. სამწუხაროდ, ის ეპოქა დამთავრდა. რაღაც ნივთები შემოგვრჩა, მაგრამ არც ისე ბევრი. ამიტომაც ეს ძალიან საინტერესოა. მით უფრო, რომ ჩემმა ახალგაზრდობის წლებმა იმ პერიოდში ჩაიარა.”

საბჭოთა იერსახეების გამძაფრებასთან ერთად, პუტინმა რიგი რევოლუციამდელი სიმბოლოებიც აღადგინა.

1998 წელს რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ მეორის, და მისი ოჯახის გადასვენების გრანდიოზული ცერემონია შედგა. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მთელი ოჯახი წმინდანებად შერაცხა.

სამეფო ოჯახის გარდა, პუტინის მხარდაჭერით, რუსეთში სხვა ისტორიული ფიგურებიც გადაასვენეს, რომლებიც თავის დროზე ბოლშევიკურ რევოლუციას უცხოეთში გაექცნენ და იქ გარდაიცვალნენ.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის გრანდიოზული წარსულის სახელით ცარისტული და საბჭოთა სიმბოლოების ამგვარი ხელოვნური დაკავშირება არა მხოლოდ აბსურდული, არამედ ზიანის მომტანი პროცესია. სოციოლოგი დუბინი, მაგალითად, ამას უწინარესად ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად აღიქვამს:

[დუბინი] ”ყოველივე ეს, ცხადია, უწყინარი მაგალითები არ არის. ეჭვგარეშეა, რომ მთელი ეს სიმბოლიკა, მთელი ეს რიტორიკა მოდერნიზაციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. მოდერნიზაციის პოტენციალის გარეშე კი რუსეთში რეფორმების განხორციელების სურვილი სუსტი იყო - და ასეთადაც რჩება. მოსახლეობის დიდი ნაწილი რწმუნდება, რომ არაფერი იცვლება და არც უნდა შეიცვალოს.”

[რუსეთის ჰიმნი]



კასპიური ენერგომატარებლების საქართველოს გავლით ევროპაში ალტერნატიული ტრანსპორტირების პერსპექტივები

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ორი პროექტის განხორციელების შემდეგ შედარებით იკლო საუბარმა რუსეთის ალტერნატიულ ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. მდგომარეობის შეცვლა თავად რუსეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია. ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, მოსკოვმა მაინც შეძლო ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან სეპარატული პროექტების წამოწყება. ასეთ ვითარებაში რა პერსპექტივა შეიძლება გააჩნდეს საქართველოს გავლით ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის მშენებლობის იდეას?

კახა მჭედლიძე:
ჯერ კიდევ 1 წლის წინ ”ნაბუკოს” პროექტი ევროპაში რუსეთის ალტერნატიული გაზის ალტერნატიული გზებით მიწოდებას ითვალისწინებდა. მაგრამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა და რუსეთმა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსთან გაზის მიწოდების ახალი პროექტები წამოიწყო. ამის გარდა, ”ნაბუკოს” პროექტს ისიც აფერხებდა, რომ მას არ მოეპოვებოდა ბუნებრივი აირის საკმარისი წყარო.

დაახლოებით ერთი თვის წინ თბილისში, ”ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე” ("GIOGIE – 2007"), გაირკვა, რომ ”ნაბუკოს” პროექტს აქტუალობა არ დაუკარგავს და იდეის ავტორებმა გამოსავალი იპოვეს. ამ გამოსავლის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი საუბრობს:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] ”რადგანაც ”ნაბუკოს” პროექტის განვითარებას ძალიან აფერხებდა ის საკითხი, რომ საკმარისი მოწოდების წყარო არ არსებობდა, მიიღო მენეჯმენტმა გადაწყვეტილება, რომ დივერსიფიკაცია მოახდინოს მოწოდების წყაროების, მათ შორის, რუსეთის ჩართვა. ეს, ერთი მხრივ, ”ნაბუკოს” პროექტისთვის ძალიან წარმატებულია, მაგრამ, მეორე მხრივ, თითქოს ეწინააღმდეგება იმ ფილოსოფიას, რომელიც ჩადებული იყო ამ მილსადენის მშენებლობაში, რომ ეს უნდა ყოფილიყო რუსეთის გვერდის ავლით აშენებული მილსადენი.” (სტილი დაცულია)

რუსეთის გარდა, ნაბუკოს გაზის წყაროდ შეიძლება იქცეს ეგვიპტე, ერაყი, ირანი და, რა თქმა უნდა, კასპიის რეგიონის ქვეყნები. არადა, ამ პროექტს ევროპისთვის, რუსეთის გვერდის ავლით, მხოლოდ კასპიის რეგიონის ქვეყნების გაზი უნდა მიეწოდებინა, რაც ევროპის ბაზარზე რუსეთის გაზის 30 პროცენტიან ალტერნატივას შექმნიდა. მაგრამ რთული აღმოჩნდა როგორც ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობა, ასევე ამ პროექტში სათანადო მოცულობის გაზის მოძიება როგორც თურქმენეთში, ასევე ყაზახეთში. პროექტში რუსეთის ჩართვის შემდეგ კი ”ნაბუკო” ალტერნატივაზე მეტად დივერსიფიკატორის როლს შეასრულებს. თემურ გოჩიტაშვილის კომენტარი:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] ”თუკი რუსეთი ჩაერთვება, პროექტის განვითარებისთვის ცუდი არ არის. თუმცა ჯობდა, რომ ყველაფერი ყოფილიყო საქართველოს გავლით. მაგრამ ახლა საქართველოს გვერდის ავლითაც იქნება გარკვეული ნაკადები ამ მილსადენში.”

როგორც გოჩიტაშვილი აღნიშნავს, ევროპა მზად არის ამ რეალობაზეც დათანხმდეს, რადგან გაზის დეფიციტი უკვე არსებობს და ის უახლოეს 10 წელიწადში კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხებზე ისაუბრა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმაც რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში:

[ბენიტა ფერერო-ვალდნერის ხმა] ”უმნიშვნელოვანესი, ჩემი აზრით, არის ის, თუ ჩვენ რა გვინდა. ჩვენ კი გვინდა როგორც რესურსების, ისე მათი მარშრუტების დივერსიფიკაცია. ასე რომ, ეს სხვადასხვა გაზსადენი ერთმანეთის შემავსებელია. რასაკვირველია, ევროკავშირისთვის პრიორიტეტული პროექტი არის ”ნაბუკო”. ჩვენ ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, სხვა ქვეყნებთანაც, აღმოსავლეთ კასპიის ქვეყნებთან იმისათვის, რომ მოვიპოვოთ იქაური რესურსები, მაგრამ, ამის პარალელურად, თუკი არის მეტი და მეტი გაზსადენი, ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ისინი ერთმანეთს ავსებს.”(სტილი დაცულია)

”ნაბუკოს” პროექტის მშენებლობა 2010 წელს უნდა დაიწყოს და საქართველოს გავლით აგებული მილსადენით ევროპა აზერბაიჯანული გაზის პირველ ნაკადს 2013 წელს მიიღებს. 2014-ში ”ნაბუკოს” მილსადენთან ახალი წყაროების მიერთება იგეგმება და 2016 წელს პროექტის მეორე ფაზის მშენებლობა დაიწყება. ნავარაუდევია, რომ ”ნაბუკოს” პროექტი 2018 წელს დასრულდება.


მარინა ვლადი - 70

ბიძინა რამიშვილი:
50-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ეკრანებზე გამოდის ანდრე მიშელის ფილმი ”ჯადოქარი”, რომელშიც ჩვენმა მაყურებელმა პირველად იხილა ფრანგული კინოს მაშინდელი ახალგაზრდა ვარსკვლავი - მარინა ვლადი. ფილმი იმდენად პოპულარული იყო, რომ მოდაში შემოვიდა თმის ვარცხნილობა ”ა ლა ვლადი” - მოშვებული, ქერად შეღებილი თმები. მარინა ვლადის თაყვანისმცემლებმა კოსმეტიკაზეც უარი თქვეს - ”ჯადოქარმა” ბუნებრიობის მოდა დაამკვიდრა საბჭოთა კავშირში.10 მაისს მარინა ვლადის 70 წელი უსრულდება. გიორგი გვახარია პოპულარული ფრანგი მსახიობის შესახებ გვიამბობს.

[”ჯადოქარი”, ხმა. მორის რონესთან ერთად]

გიორგი გვახარია:
უფროსი თაობის კინომოყვარულებმა, ალბათ, იცანით მარინა ვლადისა და მორის რონეს ხმები... თუკი ”ჯადოქარი” მხოლოდ საბჭოთა კინოგაქირავებაში გაქვთ ნანახი და მარინა ვლადის ადვილად დასამახსოვრებელი ხმა არ გაგიგონიათ, მუსიკა მაინც გეცნოთ, ალბათ. ”ჯადოქარი” იმდენად პოპულარული იყო, რომ ეკრანებზე სასწრაფოდ გამოუშვეს სხვა ფილმები მარინა ვლადის მონაწილეობით - აღმოჩნდა, რომ 15 წლის იყო მსახიობი, როცა მარჩელო მასტროიანის გაუწია პარტნიორობა ფილმში ”სიყვარულის დღეები”... ამ სურათის გადაღებიდან ორი წლით ადრე მამა გარდაეცვალა. მამის დაღუპვამ ისე იმოქმედა, რომ ფსევდონიმი მოიგონა თავისთვის - მამის სახელის, ვლადიმირის, პირველი ორი ასო -ვლადი. ასე გადაიქცა რუსი ემიგრანტების შვილი მარია პოლიკოვა-ბაიდაროვა ”მარინა ვლადიდ”... რუსული კარგად იცოდა, ამიტომ არც საბჭოთა კინორეჟისორებთან მუშაობაზე თქვა უარი.

[მარინა ვლადის ხმა]. ”მამაჩემი ჩემი მთავარი მამაკაცი იყო...შესანიშნავი მსახიობი იყო, ძალიან ნიჭიერი, მეტისმეტად ნიჭიერიც...ყველაფერი შეეძლო: ადვოკატი იყო, ინჟინერი, მფრინავი, სპორტსმენი... კრივიც კი მასწავლა და გენიალურად მღეროდა.”

1969 წელს მარინა ვლადი სერგეი იუტკევიჩმა მოიწვია მთავარი როლის შესასრულებლად ფილმში ”სიუჟეტი პატარა მოთხრობისთვის”. სწორედ გადაღების დროს გაიცნო ვლადიმირ ვისოცკი, რომელსაც იმხანად ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და, ფაქტობრივად, აღარაფერს აკეთებდა, სმის გარდა. 1970 წლის ივნისში ხელი მოაწერეს და საქორწინო მოგზაურობა საქართველოში გადაწყვიტეს - გემით ჩამოვიდნენ ბათუმში. მოგვიანებით მარინა ვლადი იტყვის, რომ ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღეები მის ცხოვრებაში... ბედნიერების ორი კვირა მალე დასრულდა: მარინა ვლადის, ერთი მხრივ, საბჭოთა კაგებესთან ბრძოლა მოუხდა, - ვლადიმირ ვისოცკის დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ საზღვარგარეთ, - მეორე მხრივ, ბრძოლა თავად ვისოცკისთან, უფრო სწორად, ალკოჰოლზე ვისოცკის მიჯაჭვულობასთან. რომ არა მარინა ვლადი, მეოცე საუკუნის ყველაზე სახელგანთქმული რუსი ბარდი, უბრალოდ, ვეღარ იცოცხლებდა 1980 წლამდე, როცა ექიმებმა ვეღარ შეძლეს ვისოცკის გადარჩენა. რომ არა მარინა ვლადი, მსოფლიო ვერაფერს შეიტყობდა ვლადიმირ ვისოცკის ნიჭის შესახებ.

[ მარინა ვლადი მღერის სიმღერას, რომელიც ვისოცკის მიუძღვნა]

სიმღერა, რომელსაც მარინა ვლადი ასრულებს, მსახიობმა ვლადიმირ ვისოცკის ხსოვნას მიუძღვნა. წიგნიც გამოსცა ვისოცკიზე - ”ვლადიმირი - შეწყვეტილი გაფრენა”, ფილმიც გადაიღო. თუმცა ვისოცკის საფლავი 1992 წლის შემდეგ აღარ უნახავს: ”ვერ შევხედავ იმ საშინელ ძეგლს, რომელიც ვალოდიას დაუდგეს. ასეთი ქანდაკებები ყველაზე მეტად სძულდა ცხოვრებაშიო”.

მარინა ვლადის კვლავაც წარმატებით იღებენ კინოში. პარიზში მან სპექტაკლი დადგა, რომელშიც მარინა ცვეტაევას როლი ითამაშა. თუმცა რუსეთში მას კვლავაც ასე იხსენებენ: ვლადიმირ ვისოცკის მესამე ცოლი... საქართველოში - ცოტა სხვანაირად: ”ჯადოქარი”...იშვიათია, ალბათ, სიმღერა მიუძღვნას ვინმემ კინოგმირს. საქართველოში კი ასეთი სიმღერა დაიწერა: ”ჯადოქარი” , ნანი ბრეგვაძის შესრულებით.

[ნანი ბრეგვაძე, ”ჯადოქარი”]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG