Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სამხედრო აღლუმი, როგორც სანახაობა და ძალის დემონსტრირება არამხოლოდ გარეშე მტრისათვის


26 მაისს საქართველოს დედაქალაქში სახელმწიფო .

დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გაიმართება. ქვეყნის მთავარ სამხედრო ღონისძიებას ამჯერადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაიბარებს, რომლის მმართველობის განმავლობაში მასშტაბური სამხედრო შოუების მოწყობამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა საზოგადოებაში დღემდე არ წყდება კამათი იმაზე, თუ რამდენად მილიტარისტული, პოლიტიზებული და ერთპარტიულია სამხედრო აღლუმები საქართველოში.
26 მაისისთვის საქართველოში ერთბაშად ორი სახის საბრძოლო დათვალიერება გაიმართება და ორივე - ხალხის სახელით. საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს საქართველოს არმიის ძალას და პარლამენტში სახელისუფლებო სიით გასულ ”ახალ სახეებს” გააცნობს. პარალელურად, საკუთარი მომხრეების ერთგვარ საბრძოლო დათვალიერებას მოახდენს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც, მთელი შემადგენლობით, ჯერ სპორტის სასახლის წინ შეგროვდება, შემდეგ კი მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლებს, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში შემავალი ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ:

[დავით გამყრელიძე] ”26 მაისი, რომელიც არის დამოუკიდებლობის დღე და ამ დღეს ხალხმა უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი და, ამავე დროს, სურვილი იმისა, რომ დაანახვოს სააკაშვილს, რომ ეს ჯარი და ეს სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა სააკაშვილსა და მის ხროვას: ან ხელისუფლებამ მართლაც ისევ ძალა უნდა გამოიყენოს ხალხის წინააღმდეგ, დაარბიოს, დაიჭიროს, დაგვიჭიროს ჩვენ და ღიად აღიაროს, რომ აქ არის სამხედრო დიქტატურა.”(სტილი დაცულია)

კულმინაციის კვანძის გახსნაც სწორედ მთავრობის სახლის წინ იგეგმება. თუკი ოპოზიციის მომხრეები თავისუფლების მოედნის წინ გადაინაცვლებენ, მათ ძალაუნებურად მოუწევთ სამხედრო აღლუმის მსვლელობაში დისონანსის შეტანა. სხვათა შორის, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სწორედ მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით თქვა უარი 20 იანვარს იპოდრომიდან დაეძრა თავისი მომხრეები თავისუფლების მოედნისაკენ, სადაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეორე ინაუგურაციისადმი მიძღვნილი გრანდიოზული სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა. 26 მაისს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მოკრძალებული სამხედრო აღლუმი მიუძღვნას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად არ მოეწყობა საჰაერო შოუ და რუსთაველის პროსპექტზე აღარ ჩაივლის მძიმე სამხედრო ტექნიკა. თუმცა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სამხედრო აღლუმებით მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ოპონენტების დაშინებას ცდილობს:

[გიორგი გუგავა] ”შეგნებულად კეთდება ეს - ასე ვთქვათ, ძალის დემონსტრირებაა, რომ გეშინოდეს! და გეშინოდეს არა ვინმე სხვას, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. აი, ამის დემონსტრირებაა, მეტი არაფერი.”(სტილი დაცულია)

სამხედრო აღლუმების თაობაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ სამხედრო ექსპერტებსაც. ირაკლი სესიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციიდან ”სამართალი და თავისუფლება”, მიიჩნევს, რომ სამხედრო აღლუმი ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს მხოლოდ პირადი შემადგენლობის მონაწილეობით. საქართველოს ხელისუფლებამ ვერც 26 მაისს თქვა უარი ზოგიერთი სახეობის მძიმე ტექნიკის დემონსტრირებაზე. აღლუმზე "DANA- ს" ტიპის 7 ერთეული უმუხლუხო მანქანა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 18 ერთეული "კობრას" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი "და ტოიოტას" ფირმის 60 ერთეული ე.წ. "პიკაპი" ჩაივლის. ირაკლი სესიაშვილის თქმით, სამხედრო ტექნიკის ქალაქის ცენტრში დემონსტრირება არადემოკრატიულ ქვეყნებში შემორჩენილ რიტუალს წარმოადგენს:

[ირაკლი სესიაშვილი] ”აღლუმი საბჭოთა გადმონაშთია ან ახასიათებს ისეთ ქვეყნებს, რომლებიც თვლიან, რომ სამხედრო ტექნიკის დემონსტრაცია გარკვეულ გავლენას მოახდენს სიტუაციაზე. ამიტომ დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელია პომპეზური აღლუმების ჩატარება. თუმცა მიმაჩნია, რომ სამხედრო აღლუმს თავისი დატვირთვა აქვს, როცა ხდება სამხედრო მოსამსახურეების საზეიმო ფორმაში სეირნობა და საზეიმო განწყობის შენარჩუნება. ეს ჩემთვის სავსებით მისაღებია.”(სტილი დაცულია)

26 მაისის აღლუმში პირველად მიიღებს მონაწილეობას მე-4 მოტომსროლელი ბრიგადის 2000 ჯარისკაცი. ეს ბრიგადა წელს დაკომპლექტდა და მალე კრწანისის სასწავლო ცენტრში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მიერ მათი გადამზადება იგეგმება. რამდენიმეკვირიანი მომზადების შემდეგ მე-4 ბრიგადა ერაყში გაემგზავრება და იქ პირველ მოტომსროლელ ბრიგადას შეცვლის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ყველაზე ”ცხელ წერტილში” იმყოფება. ცნობისათვის: ერაყში დისლოცირებული ქართული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს 21 მაისის არჩევნებში. ამ მისიით იყვნენ ჩასულები ალ-კუტსა და ბაღდადში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. სპეციალურ ჯგუფში იყვნენ ქართველი ჟურნალისტები, მათ შორის, გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც თავად იყო მომსწრე იმისა, თუ როგორ მოხდა თავდასხმა ქართულ ავტოკოლონაზე ბაღდადიდან 80 კილომეტრით დაშორებულ ერთ-ერთ რაიონში:

[ირაკლი ალადაშვილი] ”ჩეკ-პოინტის დასრულების შემდეგ, როცა უკან ვბრუნდებოდით, მოხდა მოულოდნელი აფეთქება და ჩვენი კოლონის პირველ შეჯავშნულ ”ჰამერს” მარჯვენა მხრიდან მოხვდა მართვადი მუხტი. მე მეექვსე მანქანაში ვიჯექი, მაშინვე გადავხტით მანქანიდან, ბიჭებმა დაიჭირეს რამდენიმე ადგილობრივი, ვისაც შეეძლო დაეჭირა ხელი ამ დისტანციური მოქმედების პულტზე. საბედნიეროდ, მცირე ჭრილობები კი მიიღეს ჩვენმა სამხედროებმა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და ღმერთმა დაგვიფარა.” (სტილი დაცულია)

ირაკლი ალადაშვილს, რომელიც ერაყიდან 24 მაისს დაბრუნდა, ვთხოვე აღეწერა ოპერატიული ვითარება თითქმის 5 წლიანი სამშვიდობო ოპერაცის შემდეგ.

[ირაკლი ალადაშვილი] ”უფრო დაძაბულია სიტუაცია, იმიტომ რომ გარკვეული ტერორისტული დაჯგუფებები ძლიერდებიან და ეს გაძლიერება გამოიხატება იმაში, რომ ძლიერდება ასეთი ტერორისტული თავდასხმები.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლების ადრინდელი გადაწყვეტილებით, 2000 კაციანი ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფის გამოყვანა ერაყიდან, ეტაპობრივად, მიმდინარე წლის ზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, როგორც მერე გახდა ცნობილი, ერაყში ქართული ჯარის კონტინგენტი წლის ბოლომდე დარჩება. 5 წლის განმავლობაში ერაყში 4 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და ათამდე დაიჭრა. თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ერაყში სამშვიდობო მისიას ქართველ სამხედროებს საბრძოლო მოქმედებად არ უთვლის და მათთვის ვეტერანის სტატუსისა და შეღავათების მინიჭებას არ ითვალისწინებს, რაც ერაყში მყოფი სამხედროების უკმაყოფილებას იწვევს, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ირაკლი ალადაშვილმა, გაზეთ ”კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG