Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი შავი ზღვის წიგნის ფესტივალს მასპინძლობს


დიდუბის რაიონში მდებარე საგამოფენო ცენტრი „ექსპო-ჯორჯია“ ოთხი დღის განმავლობაში, 27-დან 30 ივნისამდე, შავი ზღვის წიგნის ფესტივალს მასპინძლობს.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში მისულ წიგნის მოყვარულებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ ქართული, უკრაინული, რუსული, სომხური, ბულგარული და აზერბაიჯანული გამომცემლობები. სულ, ორგანიზატორთა თქმით, მათი რაოდენობა ოთხმოცს აღემატება. მინდა გიამბოთ რა ხდება წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე.

[ისმის წკარუნის ხმა]

[მამაკაცის ხმა] „ვაცნობებთ ხალხს, რომ ათწუთიანი ფასდაკლება გვაქვს ყოველ ორ საათში. მიბრძანდით, გაეცანით...“

ეს ახალგაზრდები, რომლებიც „ესპო-ჯორჯიის“ ყველაზე დიდ საგამოფენო დარბაზში მისული წიგნის მოყვარულების ყურადღების მიპყრობას სხეულზე ასხმული ზანზალაკების წკარუნით ცდილობენ, გამომცემლობა ”დიოგენეს” თანამშრომლები არიან. ”დიოგენე”, როგორც ყველა წინა ფესტივალზე, მკითხველს ამჯერადაც უამრავ სიახლეს სთავაზობს. გამომცემლობის წარმომადგენელი ნინო კუსრაშვილი განმარტავს:

[ნინო კუსრაშვილის ხმა] „ჩვენი გამომცემლობა წელს განსაკუთრებულად მოემზადა, გვაქვს იღბლიანი ჩანთა, რომელიც ღირს 55 ლარი და რომელშიც, სინამდვილეში, დევს 70 ლარზე მეტი ღირებულების წიგნები და არამარტო წიგნები: ფინჯანი, მაისური... გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი გამოცემები და, იმავდროულად, არის ორიგინალური ილუსტრაციები, ნახატები, რომლებიც, შესაძლოა, რომელიმე ჩანთაში აღმოჩნდეს.“

ნინო კუსრაშვილის მსგავსად, ფესტივალზე, ცხადია, სხვა გამომცემლობების წარმომადგენლებიც აქტიურობენ. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერაიას თქმით, წელს ფესტივალში რეკორდულად ბევრი გამომცემლობა მონაწილეობს:

[ლაშა ბერაიას ხმა] „მე უკვე გავესაუბრე ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ გამომცემლებს და მათ ძალიან საშურ საქმედ მიაჩნიათ ფესტივალში მონაწილეობა. ბულგარეთის წარმომადგენელმა მითხრა, უსამართლოდ მიგვივიწყეთ და ბალკანეთს მიგვაკუთვნეთო... ერთი სიტყვით, შავი ზღვის იდეის გარშემო გაერთიანება ძალიან მოსწონთ. ვფიქრობ, რომ კონტაქტები გამომცემლობებს შორის დამყარდება და მომავალ წლებში მეტი გამომცემელი ჩამოვა ამ რეგიონებიდან, ბიზნესკონტაქტები იქნება და მკითხველისთვის ყოველივე ეს გამოხატულებას პოვებს იმაში, რომ თაროებზე გაჩნდება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი პროდუქცია.“

თუმცა წიგნის გამომცემლები ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქცია ისედაც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ბაკურ სულაკაურის თქმით, წიგნის ბაზარი საქართველოში განუხრელად იზრდება:

[ბაკურ სულაკაურის ხმა] „არა მარტო გამომცემლობები იზრდებიან, არამედ, რაც მთავარია, ახალი გამომცემლობები ჩნდებიან. ახალი მიმართულებები ვითარდება, ხარისხი იზრდება, წიგნების რაოდენობა მატულობს. მოკლედ, ეს არის დინამიურად განვითარებადი ბაზარი, რომელიც ძალიან სწრაფად, წელიწადში დაახლოებით 50 პროცენტით ვითარდება.“

ბაკურ სულაკაურის თქმით, მსგავსი ტემპებით საქართველოში ეკონომიკის ერთი-ორი დარგი თუ იზრდება. რა არის ამის მიზეზი? მე ამ შეკითხვით კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ნიკოლოზ ვაჩეიშვილს მივმართე.

[ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხმა] „სახელმწიფო შეკვეთის რაოდენობა ძალიანაა გაზრდილი. ვგულისხმობ როგორც განათლების სამინისტროს შეკვეთას სახელმძღვანელოებზე და სხვა სახის საგანმანათლებლო ლიტერატურაზე, ასევე ჩვენი სამინისტროს მიერ წიგნების შეძენას რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკებისათვის. ახალი წიგნებით ივსება ბიბლიოთეკები, რაც ნიშნავს იმას, რომ ირიბად ფული მიდის ავტორებამდე, გამომცემლობებამდე, მიდის ბეჭდვის ხარჯებამდე, ანუ ეს არის მიმართულება, რომელსაც აქვს მრავალგვარი სარგებელი, პოეტისა და მწერლის ჰონორარიდან დაწყებული, ხარისხიანი ბეჭდვითა და ბიბლიოთეკაში შემავალი მრავალფეროვანი წიგნებით დამთავრებული.“

წიგნები კი, მართლაც, მრავალფეროვანია. თამარ მაჭავარიანმა შვილიშვილისთვის, პატარა ეკატერინესათვის, ათამდე წიგნი შეიძინა.

[თამარ მაჭავარიანის ხმა] „120 ლარის წიგნები შევიძინეთ, მაგრამ ეს ხარჯი, ვფიქრობ, გამართლებულია. ვიყიდეთ ძველი ეგვიპტის ისტორია, ბერძნულ-რომაული მითები, ინგლისურის სახელმძღვანელოები... კიდევ რა შევიძინეთ, დედი?“

[ბავშვის ხმა] „კიდევ ვიყიდეთ რაღაც ზღაპრები...“

თუმცა უნდა ითქვას, რომ წიგნის ფესტივალი მხოლოდ ყიდვა-გაყიდვით არ შემოიფარგლება. გამომცემელ ბაკურ სულაკაურის თქმით, 30 ივნისს, ანუ ფესტივალის დახურვის დღეს, იმავე მეთერთმეტე პავილიონში გამოვლინდება წლის საუკეთესო მოთხრობა.

[ბაკურ სულაკაურის ხმა] „ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ”წლის საუკეთესო მოთხრობა” აქამდე 23 აპრილს გაიცემოდა ხოლმე, მაგრამ ამიერიდან ფესტივალზე გაიცემა. რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა. ნომინანტები არიან კრებულში „15 საუკეთესო მოთხრობაში“ შესული ავტორები. დაჯილდოება გაიმართება 30 ივნისს“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG