Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსი” - ახალი გეგმა ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლებისთვის


ევროპის პარლამენტში მოიწონეს ახალი ანგარიში, რომლის თანახმადაც მიზანშეწონილია, ევროკავშირმა შექმნას ახალი სტრუქტურა

აღმოსავლელ მეზობლებთან თანამშრომლობისთვის. ლაპარაკია იმ მეზობლებზე, რომელთაც ევროკავშირში ახლო მომავალში გაწევრიანების პერსპექტივა არა აქვთ, მაშასადამე საქართველოზეც. კერძოდ, გათვალისწინებულია ამ, გაწევრიანების უშუალო პერსპექტივის არმქონე მეზობლებისთვის შეიქმნეს ე.წ. “ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსი”.

“ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსი” ეფუძნება კონცეფციას, რომელიც უკვე ამუშავებულია “ევროპის ეკონომიკური ზონის” სახით. ამ უკანასკნელში გაერთიანებული არიან ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი - ანუ დასავლეთ ევროპის სამი ქვეყანა, რომლებიც არ გაწევრიანებულან ევროკავშირში. მათ ამასობაში მიღებული აქვთ ევროკავშირის კანონების 70-მდე პროცენტი და ევროკავშირთან მათი თანამშრომლობა სცდება თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებს - თავისუფალი გადაადგილება, საქონლის გარდა, მოიცავს მომსახურებას, კაპიტალს, ადამიანებს...

არსებითი სხვაობა - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან - არის ის, რომ ევროპის ეკონომიკური ზონის წევრებს (ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს) არ შეუძლიათ უშუალო ზემოქმედება ევროკავშირის კანონების შექმნის პროცესზე. პოლიტიკურად ისინი ევროკავშირის მიღმა დგანან.

და აი, ევროკავშირში ემხრობიან ასეთივე სტრუქტურის, ანუ “ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსის” შექმნას აღმოსავლელი მეზობლებისთვის. ევროპარლამენტში ამ ინიციატივის შემცველი ანგარიშის განხილვისას დადებითი შეფასება გამოთქვა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში ოლი რენმა: [რენის ხმა] “საინტერესოდ მიმაჩნია ანგარიშით გათვალისწინებული წინადადება, შეიქმნას “ევროპის ეკონომიკური ზონა პლუსი” იმ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც ამჟამად არ განიხილება. ეკონომიკური გლობალიზაციის ფონზე, აქვს აზრი ევროპის საკანონმდელო და ეკონომიკური სივრცის გაფართოებას და ამით გაფართოებული ევროპის გაძლიერებას - ევროკავშირის მარეგულირებელი წესების ზემოქმედების მეშვეობით”.

ევროპარლამენტში მოწონებული ანგარიში ევროკავშირში გაწევრიანების რამდენიმე მსურველის, მათ შორის საქართველოსთვის - საგულისხმოა თუნდაც იმიტომ რომ ადასტურებს: ევროკავშირის აღმოსავლელი მეზობლები, თეორიულად, შეიძლება გახდნენ გაწევრიანების კანდიდატები. თუმცა ანგარიში, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მორიგი გაფართოება მალე არ არის მოსალოდნელი. მიზეზი? ანგარიშის ავტორი, ევროპარლამენტის გერმანელი დეპუტატი ელმარ ბროკი როგორც განმარტავს, აუცილებელია ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლა - თან აუცილებელია არა ევროკავშირის გაფართობის შემდეგი ეტაპისთვის, არამედ წინა ეტაპთან გასამკლავებლად.

[ბროკის ხმა] “ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაცია არის ევროკავშირში ინტეგრაციის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ძალისხმევის ნაწილი, რადგან ლისაბონის ხელშეკრულება ემსახურება გაფართოების ბოლო, 2004 წლის ეტაპს. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ გაფართოების ბოლო ეტაპისთვის მზადება და ევროკავშირს გავანადგურებთ გაფართოების შემდგომი ეტაპებით, თუ მივიღებთ მეტისმეტად ბევრ ქვეყანას საამისოდ კონსტიტუციური მომზადების გარეშე”.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა უნარი ევროკავშირს, მიიღოს ხუთი ახალი წევრი მომდევნო 10 წლის მანძილზე, ელმარ ბროკი არაორაზროვან პასუხს იძლევა: [ბროკის ხმა] “არა, არა აქვს - ამჟამინდელ პირობებში. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ ეს პირობები. და საამისოდ რეფორმა გვჭირდება ევროკავშირში, ისევე როგორც თავიანთი სისტემისა და ეკონომიკის რეფორმა უნდა განახორციელონ გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში”.

ამასთან, ელმარ ბროკის შეფასებით, განსაკუთრებული ძალისხმევა ესაჭიროებათ გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს. [ბროკის ხმა] “პირველ რიგში მათზეა დამოკიდებული რეფორმების ჩატარება ისე, რომ მზად იყვნენ ევროკავშირში შესასვლელად. ჩვენ კი მზად უნდა ვიყოთ, რომ საამისოდ ჩვენთვითონაც განვვითარდეთ. იცით, ყველა იმ ქვეყანას თუ მივიღებთ, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანების იმედი აქვთ - მოლდავეთს, უკრაინას, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას, ბოლოს ევროკავშირში 44 წევრი გვეყოლება! როცა ამ საერთო მაჩვენებელზეა ლაპარაკი, მაშინ აცნობიერებ პრობლემას, რომლის წინაშეც ვდგავართ”

პრობლემა კი ის არის, იმეორებს ევროპარლამენტის წევრი ელმარ ბროკი, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არ არის მზად ესოდენ მასშტაბური გაფართოებისთვის. ამდენად, ორივე მხარე უნდა განვითარდეს - თვით ევროკავშირიც და მასში გაწევრიანების მსურველებიც. ხოლო რახან ამას დრო სჭირდება, მიზანშეწონილია შუალედური ეტაპი ერთმანეთთან დასააახლოებლად. ასეთ, შუალედურ ეტაპად მიიჩნევენ “ევროპის ეკონომიკურ ზონა პლუსს”, რომელიც ევროპის პარლამენტმა დღეს მოიწონა.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას კანონის ძალა არა აქვს, მაგრამ ახალი ინიციატივა “ევროპის ეკონომიკურ ზონა პლუსის” შექმნის შესახებ, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიაზე გაფართოების პერსპექტივის შესახებ.
XS
SM
MD
LG