Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე კვირის მანძილზე საქართველოში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების დიდი ნაწილი რუსეთის


მიმდინარე კვირის მანძილზე საქართველოში განვითარებული ეკონომიკური მოვლენების დიდი ნაწილი რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების ლიკვიდაციას უკავშირდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებები, კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყება და საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის გაუმჯობესებაც კი ეკონომიკური რეაქციაა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგებზე. გასულ კვირაში ადგილი ჰქონდა სხვა ეკონომიკურ მოვლენებსაც.

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება გადაწყვიტა, კახელი მევენახეები მაინც უჩივიან პრობლემებს. მათ ძლიერი წვიმებითა და სეტყვით დაზიანებული მოსავლის ჩაბარება - რეალიზება უჭირთ.

[მევენახეების ხმა] ”არ იბარებენ. ცოტ-ცოტა გადის. გუბერნატორიც მოვიდა, გამგებელიც, სუყველანი, მაგრამ პრობლემა მაინც არის.”

”პრობლემები ის არის, რომ რიგებია, ქარხანა აყოვნებს, ნელა გადის. ამასობაში ყურძენი გაფუჭდება, დადუღდება და დამჟავდება.”

რიგებთან დაკავშირებულ პრობლემებს არც ხელისუფლება უარყოფს, მაგრამ ყველა ირწმუნება, რომ დაუბინავებელი მოსავალი და უკმაყოფილო მევენახე არ დარჩება. გურჯაანში მოქმედი სპეციალური შტაბის უფროსის კოტე ხუცაიძის კომენტარი:

[კოტე ხუცაიძის ხმა] ”ბუნებრივი პროცესია, ვერ დავმალავ და არც მალავს არავინ, რომ რიგები არის, იქიდან გამომდინარე, რომ ის სიმრავლე ქარხნების, რაც გასულ წლებში იყო, აღარ არის. შეზღუდული რაოდენობა არის ქარხნების, რომლებიც მუშაობენ და ყურძენს იღებენ. აქედან გამომდინარე, რიგი არის, მაგრამ არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჯერჯერობით დაუბინავებელი არ დარჩენილა.”(სტილი დაცულია)

კოტე ხუცაიძის განცხადებით, უკვე მოკრეფილია და ყურძნის გადამამუშავებელ ქარხნებში ჩაბარებული 12 ათასი ტონა მოსავალი. აქედან 9 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენია, ეს ამ სახეობის ყურძნის 70 პროცენტზე მეტს შეადგენს. შემდეგ ეტაპზე აქტიურ ფაზაში შევა თეთრი ყურძნის ჩაბარების პროცესი. სულ საქართველოში 130 ათასი ტონა ყურძნის დაკრეფას ვარაუდობენ, რომლის დაახლოებით ნახევარს მოსახლეობა მოიხმარს, ნახევარი კი ღვინის ქარხნებში გადანაწილდება.

სახელმწიფომ ყურძნის ფასის სუბსიდირებისთვის 21 მილიონი ლარი გამოყო. 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ჩაბარებისას მევენახე მის საბაზრო ღირებულებასთან ერთად, დამატებით, 15 თეთრს მიიღებს, ხოლო შავ ყურძენზე - 25 თეთრს.

რთვლის სუბსიდირებისა და აგვისტოს მოვლენებით გამოწვეული დამატებითი ხარჯები აისახა საბიუჯეტო ცვლილებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 26 სექტემბერს განიხილეს.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტის სხდომას ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა წარუდგინა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება 323 მილიონ 141 ათასი ლარით. თუ ეს ბიუჯეტი დამტკიცდა, იქნება 7 მილიარდ 276 მილიონი ლარი.”

ამ ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტის მთელი რიგი მუხლების დაფინანსება - მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ხარჯებიც - მცირდება 2 მილიონი ლარის ოდენობით. საპარლამენტო განხილვის შემდეგ წლის საფინანსო გეგმის ცვლილებათა პროექტი შემდგომი დამუშავებისთვის საქართველოს მთავრობას დაუბრუნდა. მას უახლოეს საპარლამენტო სხდომაზე კვლავ განიხილავენ და დაამტკიცებენ.

გაზრდილი ბიუჯეტის სახსრების დიდი ნაწილი რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის დაძლევას მოხმარდება. მათ შორისაა დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა.

გასულ კვირაში გორის რაიონის სოფელ შავშვებში უკვე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. 15 ჰექტარზე გაშენებულ ახალ სოფელში, 177 სახლი-კოტეჯი და შესაბამისი მიწის ფართობი საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს გადაეცემათ. ამ პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] ”უკვე დაწყებულია მშენებლობა. შემდეგი საკითხი არის წყლის საკითხი. ვაკეთებთ ჭაბურღილებს და წყლის საცავებს, შემდეგი იქნება გაზით მომარაგების საკითხი და შემდეგ - გზის საკითხი.”

ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი კოტეჯის მშენებლობა სახელმწიფოს 27 ათასი ლარი დაუჯდება. სამოთახიანი სტანდარტული სახლი აღჭურვილი იქნება ავეჯითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. დევნილთა პირველი სოფლის მშენებლობის დასრულება ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

მშენებლობას ზედამხედველობას უწევს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომლის მონაცემებითაც,საომარი მოქმედებებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, ძირითადად შიდა ქართლის რაიონებში, სულ 1375 სახლი აშენდება.

ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები ერთგვარ გამოცოცხლებას შეიტანს ”დეველოპერულ” ბიზნესში, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ კრიზისს განიცდის.

მიმდინარე კვირაში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის კომპანიამ “კალა კაპიტალმა” თბილისში, ”არსენალის” ტერიტორიაზე, ახალი უბნის მშენებლობის პროექტისა და სხვა დეველოპერული თუ ენერგეტიკული პროექტების შეჩერება გადაწყვიტა.

“კალა კაპიტალის” პარტნიორმა ინვესტორებმა დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე უარი აგვისტოს მოვლენების შემდეგ განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კალა კაპიტალს” უახლოეს მომავალში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც დატოვებს, რომელიც რამდენიმე კრიტიკული განცხადების შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

ინვესტორების ინტერესის განელებას ეკონომიკის ექსპერტები, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გარდა, მსოფლიო საფინანსო კრიზისს უკავშირებენ. გასული კვირის მანძილზე აშშ-სა და ევრობის ბირჟებზე განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი საუბრობს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”ფინანსური რესურსები უფრო და უფრო ძვირი ხდება და და ხელმისაწვდომობა მცირდება. აქედან გამომდინარე, თავისთავად ფულადი ნაკადების შემცირება ხდება საქართველოს ეკონომიკაში და ინვესტიციების შემცირებაც მოხდება. უბრალო მომხმარებლის დონეზეც კი გამოიწვევს კრედიტების გაძვირებას. ცნობილია, რაც უფრო ძვირია ფული, უფრო ნაკლებია ფული ეკონომიკაში. უფრო ნაკლები ფული ნიშნავს ეკონომიკის შენელებას ან დაცემას.“

მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის მაჩვენებელი გააუმჯობესეს. კერძოდ, ”სტანდარტ ენდ ფურსმა” (Standard & Poor's) საქართველოს რეიტინგში ნეგატიური პროგნოზი გააუქმა.

ამასთან, სააგენტომ საქართველოს ”ბი” რეიტინგი "სტაბილური" პროგნოზით დაუმტკიცა. ”სტანდარტ ენდ ფურსის” შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების შემდეგ დასტაბილურდა და იგი სხვადასხვა ქვეყნებიდან 3 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარებას მიიღებს.

საქართველოში იმედი აქვთ, რომ სულ მალე ეს რეიტინგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგან ინვესტორების ინტერესი კვლავაც იზრდება. გასულ კვირაში ნიუ-იორკში ''სილკ როუდ ტრანს ატლანტიკური ალიანსი'' დაფუძნდა, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმუშავებს. კომპანიის პრეზენტაცია ნიუ-იორკის პრესტიჟულ სასტუმროში ქალაქის მერისა და სხვა ცნობილი ადამიანების გარემოცვაში გაიმართა. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრებიც, მათ შორის, თბილისის მერი გიგი უგულავა.

[გიგი უგულავას ხმა] ”უნდა გამოვიყენოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროში არსებული ის კეთილგანწყობა, რომელიც საქართველოს მიმართ არსებობს, იმისთვის, რათა მოვიზიდოთ მეტი ინვესტიცია, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.”(სტილი დაცულია)

გამოცოცხლება შეიმჩნევა საქართველოს შიდა ეკონომიკურ ცხოვრებაშიც. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მიმდინარე კვირაში გამართულ აუქციონზე 430 ათასი ლარის ღირებულების სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები გაყიდა.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ კი თავისი კლიენტი ბანკების მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტა. ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს განუცხადა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ამ ახალი ინიციატივით ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობაში.
XS
SM
MD
LG