Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რთული გამოცდის წინ


საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია ევროსაბჭოსათვის სრულიად ახალ რეალობაში ტარდება.

ამ რეალობას ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა უწოდა ვითარება, როდესაც საბჭოს ორი წევრი ქვეყანა ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში აღმოჩნდა. სწორედ რუსეთ-საქართველოს ომის სახელით შევიდა ევროსაბჭოს ასამბლეის დღის წესრიგში საკითხი, რომელზეც სტრასბურგში ორდღიანი ცხარე დებატები იგეგმება.

“ჩვენ უნდა ვთვქვათ, რომ არც ერთმა მხარემ, არც საქართველომ და არც რუსეთმა არ გააკეთეს ყველაფერი, რათა თავიდან აეცილებინათ საომარი მოქმედება,“ - განაცხადა 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბელგიელმა ლუკ ვან დენ ბრანდემ. ევროსაბჭოს დელეგაციამ 21-26 სექტემბერს ჩაატარა მონიტორინგი სამხრეთ ოსეთსა და ე.წ. ბუფერულ ზონებში და მიიღო მემორანდუმი, რომლის ავტორის, ლუკ ვან დენ ბრანდეს თქმით, ნანახი და მოსმენილი ვერ იძლევა ობიექტური დასკვნის საფუძველს. საჭიროა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს.

სანამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავს იკავებს დასკვნებისაგან, რუსეთის ქმედებას ევროსაბჭოს კედლებში მკაცრი შეფასება მისცა ცნობილმა რუსმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა. “რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა დემოკრატიის ყველა ნიშანი და იქცა დიქტატორულ სახელმწიფოდ,”- განაცხადა კასიანოვმა და ომს საქართველოსთან დიქტატორული ქვეყნის ლოგიკური შედეგი უწოდა. მიხეილ კასიანოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობას ევროპული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვა უწოდა.

[კასიანოვის ხმა] "მე მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია. ის ეწინააღმდეგება ცივილიზებული სამყაროს ზოგად გაგებას, კერძოდ ევროპაში. არსებობს გარკვეული ნიუანსები აფრიკასთან დაკავშირებით. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ამ იურიდიული ნიუანსების დამოწმებას, როცა ლაპარაკია თვითგამორკვევის პრიორიტეტზე. ეს პრიორიტეტი დროებით გამოიყენებოდა გაეროში იმ პერიოდისთვის, როცა აფრიკის ქვეყნები დამოუკიდებლობას იპოვებდნენ. ევროპისთვის კი ეს უფლება არასოდეს გამოყენებულა."

საქართველ-რუსეთის ომის შედეგებზე მსჯელობა ორ ნაწილად გასტანს, რაც ევროპელი პარლამენტარებისათვის ამ საკითხის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს. 30 სექტემბერს დაწყებული დისკუსია 2 ოქტომბერს გაგრძელდება და, შესაბამისად, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღებით დასრულდება. ქართულ-რუსული ომის საკითხის განხილვა დემოსნტრაციების ფონზე ჩაივლის. 30 სექტემბერს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს მხარდამჭერი დიდი დემონსტრაცია გაიმართება. თუმცა, ორშაბათს, საპარლამენტო ასამბლეის გახსნის დღეს, იმარჯვეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრეებმა, რომლებიც მადლობას უხდიდნენ რუსეთს გადარჩენისათვის და გმობდნენ საქართველოს აგრესიას. მათდამი სოლიდარობის გრძნობით განწყობილმა რუსმა ჟურნალისტებმა ისევ გაიხსენეს საპარლამენტო ასამბლეაში არაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერების მოწვევის საკითხი. თუნდაც იმ სტატუსით, როგორც კიპროსის თურქული თემის ლიდერი მეჰმეთ ალი ტალატი, რომლის გამოსვლაც 1 ოქტომბერს იგეგმება. თუმცა, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის მოწვევის მოხრეებს ვერაფერი სანუგეშო ვერ უთხრა.

[პუჩის ხმა] "თქვენ იცით, რომ ეს ერთი და იგივე დონე არ არის ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის. ბატონი კრისტოფია კვიპროსის პრეზიდენტია, ბატონი ტალატი კი არის კვიპროსის ერთი ნაწილის პრეზიდენტი, რომელიც არ არის აღიარებული როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არც საერთაშორისოდ და არც ევროპის საბჭოს მიერ. ბატონი ტალატის მოწვევით გვინდოდა გვეჩვენებინა კეთილი ნება, რათა მათ დიალოგისკენ და გაერთიანებისკენ ვუბიძგოთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ბატონ კრისტოფიას ექნება როლი მთელი სახელმწიფოს მეთაურისა, იგი არის კიდეც სახელმწიფოს მეთაური. ბატონ ტალადს კი მიეცემა სესიაზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და სულ ეს იქნება"

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლუის მარია დე პუჩმა იმედგაცრუებული დატოვა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი კონსტანტინ კოსაჩევი, რომელიც ბიუროზე ითხოვდა იმ ევროპელი დეპუტატების ხელმოწერების გაწვევას, რომლებიც საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთის დეპუტაციისათვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდნენ. ლუის მარია დე პუჩმა არ გამორიცხა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში ხუთშაბათს დადგეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების რეზოლუციაზე იმსჯელებს. საქართველოსთან ომისთვის რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების შეჩერებას ესტონელი, უკრაინელი, პოლონელი, ლატვიელი და ლიტველი დეპუტატები უჭერენ მხარს.

თუმცა საქართველოს დეპუტაციისათვის, რომელიც სტრასბურგში ახალი წევრებით არის წარმოდგენილი, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. კერძოდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით დაადასტუროს საქართველოს ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა.

ერთი სიტყვით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რუსეთისადმი მეტად ფრთხილი დამოკიდებულების გამო, რუსეთ-საქართველოს ომის გამო კიდევ ერთხელ დადგა სერიოზული გამოცდის წინაშე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG