Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ჰანსიორგ ჰაბერთან


ერთი თვე შესრულდა, რაც ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია საქართველოში მუშაობას შეუდგა.

სამოქალაქო მეთვალყურეები პატრულირებენ ოთხი რეგიონალური ოფისიდან. ესენია: ბაზალეთის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის ოფისები. როგორც თავად აცხადებენ, მუშაობენ მთელი კვირის მანძილზე - დღისითაც და ღამის განმავლობაშიც. ევროკავშირის მეთვალყურეებს არ აქვთ საშუალება შეისწავლონ ვითარება ტერიტორიებზე, რომლებსაც რუსეთი, აგრეთვე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებები აკონტროლებენ. ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება მუდმივად გამოთქვამს პრეტენზიებს მისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისიის მიზანია დააკვირდნენ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით სექტემბერში მიღწეული შეთანხმების შესრულებას. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის მისია საპოლიციო ფუნქციასაც უნდა ასრულებდეს, რადგან სხვაგვარად შეუძლებელია მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ამ და სხვა საკითხებზე დღეს დილით ვესაუბრე ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ჰანსიორგ ჰაბერს. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს:

-
არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ თქვენი მისია მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. რუსეთის ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების პოზიცია ასეთია: თუკი ევროკავშირი არ აღიარებს ამ ორი დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, მისიის მეთვალყურეებს იქ არაფერი ესაქმებათ. რა გაძლევთ იმედს, რომ ერთ დღესაც თქვენი მეთვალყურეები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში იქნებიან?

-
უპირველესად აღვნიშნავდი: ჩვენი განცხადება, რომ ჩვენი მანდატი მოიცავს მთელ საქართველოს, მნიშვნელოვანი სამართლებრივი პოზიციაა, რომელიც იცავს საქართველოს სამართლებრივ პოზიციას. ეს თავისთავად მნიშვნელოვანი საკითხია. ამას გარდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა თანამშრომლობა ადგილზე, რადგან, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არასაკმარისი უსაფრთხოების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამს ორივე მხარე. ჩვენ რაც შეგვეხება, ჯერჯერობით ვერაფერს ვადასტურებთ. თუმცა ჩვენ შევისწავლით ნებისმიერი მხარის პრეტენზიას. გავდივართ ადგილზე და ვამზადებთ მიუკერძოებელ, მაღალი სტანდარტების შესაბამის ანგარიშს ნანახის შესახებ. ვფიქრობ, რომ ყველა მხარის, მათ შორის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებათა ინტერესებშია მიგვიწვიონ და საშუალება მოგვცენ შევამოწმოთ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია.

-
მინდა გკითხოთ ცხინვალში ვიზიტისა და იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირის დასაწყისში შედგა. მაგრამ მანამდე, ერთი დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია თქვენი მეთვალყურეების დაკავების შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. შეგიძლიათ რამის თქმა? ამ ფაქტის ოფიციალურად უარყოფა ან დადასტურება არ მომხდარა. და ცხინვალში ვიზიტის შესახებაც გვითხარით. არის თუ არა პროგრესი ამ ტერიტორიაზე მეთვალყურეთა შესვლის საკითხთან დაკავშირებით?

-
პირადად მე ცხინვალში არ ვყოფილვარ. იქ იმყოფებოდა გორის ოფისის ხელმძღვანელი. ეს იყო პირველი კონტაქტი. მხარეებმა არ გამორიცხეს შემდგომი კონტაქტიც. ჩვენ ვიზრუნებთ მათ გაგრძელებაზე. ვეცდებით მათში, საბოლოოდ, მონაწილეობა მიიღონ ქართველებმაც. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რას ეხებოდა ის?

-
ინფორმაციას თქვენი მეთვალყურეების დაკავების შესახებ.

-
არც ერთი მეთვალყურე არ დაუკავებიათ. არ ვიცით, საიდან მოდის ეს ჭორი.

-
ეს ინფორმაცი იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამიტომ გკითხეთ. ადრე აღნიშნავდით, რომ რუსეთმა ბოლომდე არ შეასრულა სექტემბრის შეთანხმება. შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საქართველომ ბოლომდე შეასრულა ის, თავისი ჯარის ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების თვალსაზრისით?

-
საქართველოს შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება, როგორც ეს შეთანხმების მეოთხე პუნქტშია აღნიშნული, ჩვენი აზრით, შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილების ზომაა. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი შეიარაღებული ძალები არ შეიძლება მუდმივად ბარაკებში იმყოფებოდნენ. მათ სჭირდებათ წვრთნების ჩატარება და ა.შ. მაგრამ, რასაკვირველია, ძალები არ უნდა იყოს განლაგებული ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, რადგან ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს, რის შესახებაც ვეუბნებით საქართველოს მხარეს.

-
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ იქმნება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი. ცოტა მეტს ხომ არ გვეტყოდით ამ ჯგუფის შესახებ? რა იქნება საერთაშორისო გამოძიების მიზანი?

-
გამოძიების მიზანი იქნება 7 აგვისტოს დაწყებული ომის მიზეზების დადგენა. აგრეთვე, მისი წინაისტორიის გარკვევაც. ეს არ შედის ჩვენს მანდატში და ჩვენ შეგვიძლია მანდატის განხორციელება ამ საკითხების გარკვევამდეც, რადგან ჩვენ აქ, ძირითადად, შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის ვიმყოფებით.

-
თქვენ ამბობდით, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა საომარი მოქმედებების ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იყო. შეგიძლიათ თუ არა ამ მომენტისთვის შეაფასოთ განაღმვითი პროცესის მიმდინარეობა? ვინ მონაწილეობს მასში?

-
საქართველოს ძალები - როგორც თავდაცვის სამინისტროს შეუიარაღებელი თანამშრომლები, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტრო. მონაწილეობს აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჰალო ტრასტი”. ისინი ასუფთავებენ ტერიტორიას არა იმდენად ნაღმებისგან, რამდენადაც აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან. მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმები თითქმის აღარ დარჩა. თუმცა, განაღმვისა და გაუვნებელყოფის სამუშაოების პარალელურად, საფრთხის შესამცირებლად ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და კიდეც ვთანამშრომლობთ ”ჰალო ტრასტთან” იმისთვის, რომ გავაფრთხილოთ დაბრუნებული მოსახლეობა, რომ არ შეეხონ აუფეთქებელ საბრძოლო მასალას. საფრთხე განსაკუთრებით იზრდება, როცა მოსახლეობა მოსავლის ასაღებად მინდორში გადის. ვინაიდან მოსავლის აღების დრო ასე თუ ისე ჩავლილია, პრობლემის მნიშვნელობა მცირდება. მომავალ კვირაში მექნება ურთიერთობა ”ჰალო ტრასტთან”, რომ გავარკვიო რა საფრთხე რჩება და შესაბამისად მოვამზადოთ ნაღმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების შემდეგი ნაბიჯები.

-
სინამდვილეში, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფუჭდება, რადგან მოსახლეობის ნაწილს ეშინია მინდორში გასვლის. ეს მათ ზამთრის პირზე დაუცველ მდგომარეობაში აყენებს, რადგან მათ საკვები არ გააჩნიათ. აღარაფერს ვიტყვი დასაქმების პრობლემაზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ევროკავშირის მეთვალყურეები ცდილობენ შეაფასონ დაბრუნებული მოსახლეობის ცხოვრების პირობები. როგორ შეაფასებდით მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალურ მდგომარეობას და გაქვთ თუ არა წინადადებები საქართველოს ხელისუფლებისთვის მათ დასახმარებლად?

-
უპირველესად, ვიტყოდი: ძალიან კარგია, რომ მოსახლეობას მიეცა დაბრუნების საშუალება. საქმე ეხება დაახლოებით 35 ათას იძულებით გადაადგილებულ პირს. მათი ნაწილი 10 ოქტომბრამდე დაბრუნდა და დანარჩენებს დღეს შეუძლიათ იცხოვრონ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ზონის უდიდეს ნაწილში. ამასთან, მოსავლის პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზამთარში საკვებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისე სოფლის მოსახლეობისთვის შემოსავლის თვალსაზრისითაც. მთლად ჩვენს მანდატში არ არის ამ თვალსაზრისით დავეხმაროთ მოსახლეობას. ამ საკითხის მოგვარებისკენ უფრო მეტად მიმართული იყო ახლახან ჩატარებული დონორთა კონფერენცია, მაგრამ, რასაკვირველია, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხსაც. ამ დრომდე არ გაგვაჩნია სრული სურათი ზამთრის წინ მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. თუმცა აშკარაა, რომ შემოსავლის უქონლობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტად იჩენს თავს.

-
მოდით, თქვენი მანდატის ძირითად საკითხს, უსაფრთხოებას, მივუბრუნდეთ. ამბობდით, რომ უარესი ვითარებაც შეიძლებოდა ყოფილიყო. აღნიშნეთ აგრეთვე, რომ ”გასაკვირი სიმშვიდეა” ე.წ. საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღესაც ასე შეაფასებდით ვითარებას?

-
ჯერჯერობით არ არის მსხვერპლი, ერთი შემთხვევის გარდა - ტებენესწყალში, აფხაზეთის საზღვრის ახლოს, დაიღუპა ორი ადამიანი. გვაქვს აშკარა ნიშნები იმისა, რომ ეს იყო ანგარიშსწორება, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული ამაში. ზოგად სურათზე თუ ვიტყვით, მსხვერპლი არ არის. მოგვდის ინფორმაცია გატაცებების შესახებ. გვესმის სროლის შესახებაც. ვცდილობთ გამოვიძიოთ ეს შემთხვევები. მაგრამ ამისთვის გვჭირდება ზუსტი მონაცემები. ვცდილობთ კონტაქტის ქონას ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომ შევაფასოთ მათ მიერ უსაფრთხოების ხარისხის აღქმა. დღეს მივემგზავრები გორში, რომ ვესაუბრო სოფლების გამგებლებს და გავიგო როგორ აფასებენ ისინი უსაფრთხოების მდგომარეობას.

-
თქვენ ახსენეთ აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორია. იქ მოხდა ინციდენტი, რომლის დროსაც დაიღუპა წალენჯიხის რაიონის გამგებელი. როგორც ვიცით, თქვენი მეთვალყურეები იყვნენ ადგილზე. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ შემთხვევის შესახებ, თუ არ ახმაურებთ ამ ინფორმაციას?

-
დიახ, მეთვალყურეები ამ ადგილის ახლოს იმყოფებოდნენ. მოხდა აფეთქება. მეთვალყურეებმა შეძლეს იმის აღქმა, რომ ეს არ იყო ნაღმმტყორცნიდან გასროლა, არამედ აფეთქება მოხდა ადგილზე. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. საზღვრის იქითა მხრიდან ამ ადგილისკენ სროლა არ ყოფილა.

-
ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და არა მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზაცია - ”ჰიუმან რაითს უოჩიც”, აცხადებენ, რომ საჭიროა ევროკავშირის მისიის მანდატის შეცვლა. პრაქტიკულად ისინი განსხვავებული მისიის საჭიროებაზე საუბრობენ - ისეთისა, რომელსაც ექნებოდა სამართალდაცვითი ფუნქცია. როგორ ფიქრობთ, თქვენი მისიის მანდატი საკმარისია არსებულ ვითარებაში?

-
ვფიქრობ, ის საკმარისია. არ მგონია, რომ შეიარაღებული უნდა ვიყოთ. ადგილზე იმყოფება საქართველოს პოლიცია, პოლიციის საგანგებო ძალები, რომლებიც არიან შეიარაღებულნი. არ გვსურს წარმოვადგენდეთ მეორე შეიარაღებულ ძალას ადგილზე. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. როგორც ვიცი, ”ჰიუმან რაითს უოჩი” ფიქრობდა ამგვარი მოთხოვნის წამოყენებას, მაგრამ არ ვიცი, გამოაქვეყნეს თუ არა ის.


-
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი უწყება თითქმის ყოველდღე გაწვდით ინფორმაციას საქართველოს მიერ ე.წ. ”მედევედევი-სარკოზის” შეთანხმების დარღვევების შესახებ. მართალია თუ არა, რომ ყოველდღე იღებთ რუსეთისგან შეტყობინებებს და რა სახის კონტაქტი გაქვთ რუსეთის მხარესთან?

-
ჩვენ მათგან ყოველდღიურ ინფორმაციას არ ვიღებთ. ერთხელ მივიღეთ ინფორმაცია და გადავამოწმეთ ის. აღმოვაჩინეთ, რომ მისი უდიდესი ნაწილი არ შეესაბამებოდა რეალობას. ნაწილის გადამოწმება კი სრულად ვერ შევძელით. თუმცა ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ინფორმაციას რუსეთისგან. გადავამოწმებთ, რასაც კი მოგვაწოდებენ. ამ დროისთვის რუსეთის მხარესთან ჩვენი კონტაქტი ძალიან დაბალ დონეზეა, რადგან არ არის რუსეთის საელჩო. არის მხოლოდ სექცია შვეიცარიის საელჩოში. საქართველოს ტერიტორიაზე არიან რუსი სამხედროები და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ერთეულები. რუსები ახლა სამშვიდობო ძალებს რეგულარული ჯარით ცვლიან მეგობრობის შესახებ შეთანხმებების მიხედვით. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ამ გარდამავალ პერიოდში ვერ შევძელით მათთან კონტაქტის დამყარება. კონტაქტის კიდევ ერთი გზა გადის ბრიუსელზე - ევროკავშირში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელზე.

-
მუშაობს ეს კონტაქტი?

-
დიახ.

-
რა სახის ინფორმაცია, რა სახის თანამშრომლობა გჭირდებათ რუსეთისგან იმისთვის, რომ თქვენი მისია უფრო ეფექტიანი იყოს?

-
ჩვენ გვსურს საფუძველი ჩავუყაროთ ადგილზე თანამშრომლობას სამართალდამცავ უწყებებს შორის. ეს უნდა იყოს თანამშრომლობა ადგილზე ქართველ, ოს და აფხაზ სამართალდამცავებს შორის. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას, ჩვენ უკვე გვაქვს პრინციპული თანხმობა როგორც ქართველების, ისე ოსების მხრიდან, მაგრამ ამას განხორციელება სჭირდება. მიმდინარე კვირის დასაწყისში ცხინვალში გამართული შეხვედრა პირველი ნაბიჯი იყო.

-
აპირებთ თუ არა მსგავსი შეხვედრის მოწყობას სოხუმში?

-
ამის იმედი გვაქვს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG