Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება


საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი

ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, ორ ქვეყანას შორის აღარ არსებობს საბაჟო ტარიფები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარებას, საზოგადოებაში კი ამ გადაწყვეტილებას, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგენიც გამოუჩდნენ. მინდა მათი არგუმენტებისა და თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის დადებით და უარყოფით მხარეებზე გესაუბროთ.

საქართველოს მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებაზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ თურქეთთან თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის საფუძველზე ვაჭრობა ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ასევე წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკატერინე შარაშიძის კომენტარი:

[ეკატერინე შარაშიძის ხმა] „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია, იმიტომ რომ ჩვენს პროდუქციას და ჩვენს მწარმოებლებს საშუალება ექნებათ თურქეთში პროდუქცია გაიტანონ ნულოვან რეჟიმში. მაგალითად, რთვლის ბოლოს ჩვენს მეღვინეებს საშუალება აქვთ თურქეთში მილიონ-ნახევარი ბოთლი ღვინო გაიტანონ ნულოვან რეჟიმში.“

საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ბიზნეს წრეებშიც. მათ შორისაა ყოფილი პარლამენტარი, მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე. ის წინა მოწვევის პარლამენტის დროს აქტიურ ოპონირებას უწევდა თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარებას. ზურაბ ტყემალაძემ პოზიცია არც ერთი წლის შემდეგ შეიცვალა და ახლაც მიაჩნია, რომ თურქეთის იაფფასიანი პროდუქცია უხარისხოა და მის შესაჩერებლად ბარიერები უნდა დაწესდეს:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] „არა მგონია, რომ ეს სწორი იყოს, იმიტომ რომ თურქეთიდან შემოდის, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტი, საკმაოდ დაბალი ხარისხისა და ფალსიფიცირებული, გაჯერებული ნიტრატებით, და მიმაჩნია, რომ ძალიან არაჯანსაღ კონკურენციას გაუწევს ადგილობრივ წარმოებას.“

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგეა ლეიბორისტული პარტია. მისმა წარმომადგენლებმა არაერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ თურქეთის პროდუქცია ბაზრიდან დევნის ადგილობრივ წარმოებას. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, კომენტარი:

[გიორგი გუგავას ხმა] „ნებისმიერ აგრარულ ბაზარში ან ნებისმიერ სუპერმარკეტში ნახავთ, რომ პომიდორი, რომელიც იწარმოება საქართველოში და რომლის წარმოების რესურსი არსებობს საქართველოში, არის თურქული. სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია დაკავებული აქვს უცხოურ სეგმენტს.“(სტილი დაცულია)

თავისუფალი ვაჭრობის მომხრეები კი აღნიშნავენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობა ქართული წარმოების - მათ შორის, სოფლის მეურნეობის -განვითარებასაც წაადგება. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ნათია თურნავას განცხადებით, პირველი ნოემბრიდან ამოქმედებული წესების მიხედვით, შესაძლებელი ხდება საქართველოში დამზადებული პროდუქციის თურქეთში ხელსაყრელ პირობებში ექსპორტირება:

[ნათია თურნავას ხმა] „რამდენადაც ლიბერალურია ჩვენთან იმპორტი, იმდენად ლიბერალური იქნება ჩვენი პროდუქციის თურქეთში გატანა. ანუ სიმეტრია აღდგება. თუმცა მარტო ხელშეკრულების დადება არ კმარა, ბიზნესმენებმაც აქტიურობა უნდა დაიკავონ თურქეთის ბაზრის ასათვისებლად.“ (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი ბიზნესმენის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრის, გიორგი ისაკაძის კომენტარი:

[გიორგი ისაკაძის ხმა] „არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი რუსეთთან ამ გართულებული ურთიერთობის შემდეგ საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ანუ ციფრები სხვა რამეს ღაღადებენ. მეორეს მხრივ, არის წუწუნი, რომ რაღაც არ მოგვწონს თურქეთთან მიმართებაში, მაგრამ არის უკვე შემდგარი სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ ამას ვერ გავექცევით და, პირიქით, უნდა დავხვეწოთ ხარისხი ამ ურთიერთობებში როგორც თვისობრივი, ასევე პროდუქციასთან მიმართებაშიც.“(სტილი დაცულია)

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება სამრეწველო საქონლით ვაჭრობის სრულ ლიბერალიზაციას ითვალისწინებს და სერიოზულ შეღავათებს სთავაზობს სოფლის მეურნეობის სფეროს. კერძოდ, შესაძლებელი გახდა ყოველწლიურად თურქეთში საბაჟო გადასახადის გარეშე ერთ მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტირება, რომელიც აქამდე 70 პროცენტიანი გადასახადით იბეგრებოდა. ასევე, 50 პროცენტზე მაღალი საბაჟო გადასახადების გადახდა აღარ მოუწევს საქართველოდან ექსპორტირებულ 4 ათას ტონა მანდარინსა და ფორთოხალს. ნულოვანი საბაჟო ტარიფი შეეხება 2 ათას ტონა ვაშლს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას.

ამავე დროს, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმიდან გამოიყვანა და საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს თურქეთიდან იმპორტირებულ რძის პროდუქციას, პომიდორს, ციტრუსს, ნატურალურ თაფლს, თხილს, ყურძენს, ვაშლს, ბოსტნეულის კონსერვებსა და სხვა ისეთ სასოფლო სამეურნეო პროდუქციას, რომლის წარმოება საქართველოშიცაა განვითარებული.
XS
SM
MD
LG