Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევის ვიზიტი ვენესუელაში


სამშაბათს იწყება რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტი ვენესუელაში, რითიც დასრულდება მისი ტურნე ლათინურ ამერიკაში.

ამ ვიზიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ვენესუელაში ჩავიდნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები, რომლებიც ერთობლივ სამხედრო მანევრებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს პირველი ასეთი ღონისძიება იქნება ცივი ომის შემდეგ. ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტი და მისი ვენესუელელი კოლეგა, უგო ჩავესი, ამ ვიზიტით მესიჯს უგზავნიან ვაშინგტონს.

ეს საერთოდ პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის ლიდერი ჩადის ვენესუელაში. როგორც ვარაუდობენ, მედვედევსა და ვენესუელის რადიკალ მემარცხენე პრეზიდენტ ჩავესს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება ვენესუელის მიერ რუსეთისგან იარაღის შემდგომი შესყიდვა; თანამშრომლობა ნავთობისა და გაზის სფეროში; ვაჭრობის განვითარება; ასევე ვენესუელის დაინტერესება, შეიძინოს ბირთვული რეაქტორი.

კვირას მედვედევმა პერუში ყოფნისას განაცხადა, რომ მოსკოვს სურს, აღადგინოს რეგიონთან კავშირები, რომლებიც ცივი ომის შემდეგ შესუსტდა:

[მედვედევის ხმა] "საბჭოთა პერიოდში მრავალ ამ სახელმწიფოსთან გვქონდა საკმაოდ ძლიერი, სერიოზული ურთიერთობები. ახლა დადგა დრო, აღვადგინოთ ეს ისინი. ესენიც არიან ის სახელმწიფოები, რომლებთანაც განსაკუთრებული, პრივილეგირებული ურთიერთობების ქონა გვსურს."

მაგრამ არის ვენესუელაში მედვედევის ჩასვლის კიდევ ერთი, გაუცხადებელი მიზეზი. მას და ჩავესს ამით სურთ, გამოწვევა გამოუხატონ შეერთებულ შტატებს. მედვედევს სურს პროტესტი გამოთქვას რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შავ ზღვაში შეერთებული შტატების სამხედრო გემების შესვლის გამო. ასევე მას სურს რუსეთის განრისხება გამოხატოს ცენტრალურ ევროპაში შეერთებული შტატების ანტისარაკეტო ფარის განთავსებასთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ ემთხვევა მედვედევის ვიზიტი ვენესუელაში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ესკადრის ჩასვლას, რომლის შემადგენლობაში იმყოფება რუსეთის უდიდესი საბრძოლო გემი "პეტრე დიდი". სამშაბათს ესკადრას საზეიმოდ დახვდნენ ლა გუაირას პორტში. პირველი დეკემბრიდან რუსები ვენესუელის სამხედრო-საზვაო ძალებთან ერთად მანევრებს ჩაატარებენ შეერთებული შტატების ცხვირწინ.

რაც შეეხება ჩავესს, მას სურს, ვაშინგტონს აჩვენოს, რომ ჰყავს ძლევამოსილი მეგობარი და მარტო არ არის შეერთებული შტატების კრიტიკაში. სექტემბერში ჩავესმა ვენესუელაში რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების სტუმრობისას თქვა, რომ ეს გაფრთხილება იყო შეერთებული შტატებისთვის. საერთოდ, უკანასკნელი წლების მანძილზე ვენესუელამ და რუსეთმა მთელ რიგ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი იარაღით ვაჭრობის სფეროში.

შეერთებული შტატების ხელისუფლებას დამცინავი რეაქცია ჰქონდა უკანასკნელ ხანებში რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, შონ მაკკორმაკმა მიუთითა რუსეთის სამხედრო-საზვაო ძალების მკვეთრ დასუსტებაზე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მიუხედავად ამისა მან თქვა, მანევრებს გულდასმით დავაკვირდებითო.

მიმომხილველებში ეჭვს იწვევს რუსეთისა და ვენესუელის გააქტიურების ვადები. ისინი შენიშნავენ, რომ ეს უშუალოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტად ბარაკ ობამას ინაუგურაციის წინა პერიოდში ხდება.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ობამა ხელისუფლებაში მოვიდა ცვლილებების დაპირებით როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში, მაშინ საფიქრებელია, რომ ასეთ დროს შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება უნაყოფო და, შესაძლოა, კონტრაპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG