Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას შეცვლის ეუთოს საქმიანობის შეწყვეტა საქართველოში?


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მომავალი საქართველოში ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანია. ერთი მხრივ, არსებობს მკრთალი იმედი,

რომ საქართველოში ეუთოს მისია საქმიანობის განახლებას შეძლებს; მეორე მხრივ კი, მანდატის გაგრძელებისთვის რუსეთის მიერ ვეტოს დადებით გადაწყდა, რომ ეუთოს 200-კაციანმა მისიამ საქართველოში ოფიციალური საქმიანობა 2009 წლის იანვრიდან უნდა შეწყვიტოს და რამდენიმე თვეში უნდა დაიხუროს კიდეც. როგორ აღიქვა საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და რა შეიძლება შეცვალოს საქართველოსთვის ეუთოს მისიის გაუქმებამ?

ეუთოს მისია, რომელიც საქართველოში მუშაობის 16 წელიწადს ითვლის, საქმიანობის შეწყვეტის რეჟიმზე რამდენიმე დღეში გადავა, რამდენიმე თვეში კი მთლიანად დაიხურება. ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს და მას ვერც ტერი ჰაკალა ხედავს, ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში:

(ჰაკალას ხმა) ”ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც აქ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი... თანაც, ეუთოს მისია საქართველოში ბრწყინვალედ მუშაობდა მთელი ამ წლების მანძილზე... საქართველოში მუშაობს ევროკავშირის უზარმაზარი მისია და, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ ევროკავშირი თავის თავზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებს და გააგრძელებს საქმეს, რომელსაც ეუთო აკეთებდა.”

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა ”არაკონსტრუქციულს” უწოდებს პროექტებს, რომლებიც რუსეთმა ეუთოს ძველი მანდატის სანაცვლოდ შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ეუთოს მისიის ბედი საქართველოში ერთპიროვნულად სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა. ის ერთადერთია ორგანიზაციის 56 წევრ ქვეყანას შორის, რომელმაც 22 დეკემბერს ეუთოს მისიისთვის მანდატის ძველებური ფორმით გაგრძელებაზე სასტიკი უარი განაცხადა. მოსკოვის პოზიციის მიხედვით, ”სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, რუსეთის კანონმდებლობის თვალსაზრისით, მანდატის გაგრძელება უკანონოა.” შეერთებული შტატების წარმომადგენელი ეუთოში ჯუდი ფინლი რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ დიდ ქვეყანას უფრო მეტი გონიერება მოეთხოვება:

(ფინლის ხმა) "რუსები ძალიან მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ ამ მანდატის გაგრძელებას, მისი ამჟამინდელი სახით. ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ რუსეთი მოითხოვდა, მანდატიდან ამოღებულიყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ყოველგვარი ხსენება, რადგან ეს ცალკე ერთეულებია, ცალკე ტერიტორიებია და იქ მოქმედი ნებისმიერი მისია ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს. არადა, ამ საკითხს ასე მხოლოდ რუსეთი და ნიკარაგუა უყურებენ!"
რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოს მისიის დაბლოკვის ფაქტი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაგმო. სპეციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეუთოს დიდი წვლილი შეჰქონდა საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების მცდელობაში და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასების საქმეში იმ ფონზე, როცა სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჯერ ისევ ემუქრება ძალადობა. სწორედ ამგვარი კონტროლის ჩამოშორების სურვილი მიაჩნია პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილს რუსეთის მიზნების მთავარ მამოძრავებელ ძალად:

(გოგოლაშვილის ხმა) ”მაგალითად, ვთქვათ, ეთნიკური წმენდის გაგრძელება... თუ იქ საერთაშორისო ორგანიზაცია მოქმედებს რეალურად, მაშინ ძნელი იქნება ამის განხორციელება დაუფარავად... თუ გნებავთ, იგივე სამხედრო ნაწილების რაოდენობა, მათი გადაადგილება, იქ გამაგრება... საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის დააფიქსირებს, რომ ეს არის ოკუპაცია... პლუს კიდევ, ნუ დაგვავიწყდება, რომ, თუ იქ მოქმედებს ეუთო, მაშინ მრავალი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის - ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები უფრო ადვილად შედიან ამ ტერიტორიებზე.” (სტილი დაცულია)

საერთაშორისო კონტროლის მექანიზმებს რუსეთი საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებული ძალით დაუპირისპირდა. მას შემდეგ, ეუთოს მისიას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში შესვლისა და მუშაობის საშუალება არა და არ მიეცა. ცხინვალის ოფისმა გორში დაიდო ბინა. ამ საკითხზე აღშფოთებით საუბრობდნენ 4 დეკემბერს ჰელსინკიში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე და იქვე მისიის შემდგომი გაფართოების იმედებსაც გამოხატავდნენ. ეს იმედები გამოხატა ეუთოს გენერალურმა მდივანმაც მარკ პერინ დე ბრიშამბომ, რომელიც, საქართველოში სტუმრობისას, 13 დეკემბერს, გორშიც ჩავიდა. იმედები ამაო აღმოჩნდა.

თუმცა ეუთოს მორიგე თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შტუბი, მაინც იტოვებს იმედს, რომ ეუთოს მისიის განახლებაზე მსჯელობის გაგრძელება შესაძლებელი გახდება მომავალ წელს. იგივე მიზანი აქვს საბერძნეთსაც, რომელიც ეუთოს მორიგე თავმჯდომარეობას 2009 წელს გადაიბარებს.

საქართველოში ეუთოს მისიის გაუქმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წუხილი გამოხატა ევროკავშირის საბჭომ, რომელიც 23 დეკემბრით დათარიღებულ სპეციალურ განცხადებაში შეახსენებს მხარეებს, რომ ეუთოს მეთვალყურეთა განსაკუთრებული როლი 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებითაც განისაზღვრება და რომ შეთანხმების მოთხოვნათა შესრულება აუცილებელია. ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს პროცესში მონაწილე ქვეყნებს - გამოავლინონ კონსტრუქციულობა და ეუთოს საქართველოში მუშაობის საშუალება მისცენ. მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, თბილისს იმედი აქვს, რომ ეუთოს დახურულ მისიას საქართველოში სწორედ ევროკავშირის მეტი ძალისხმევა ჩაენაცვლება. როგორც უკვე მოვისმინეთ, იმასვე ვარაუდობს ეუთოს მისიის ხელმღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა.
პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ეუთოს შემდეგ რუსეთი იერიშს გაეროს მისიაზეც მიიტანს და საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთ ფხიზელ მეთვალყურეს ჩამოიშორებს. როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, რუსეთი ვეტოს უფლებით გაეროშიც სარგებლობს. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით საქაერთველოში გაეროს მანდატის მხოლოდ 2009 წლის 15 თებერვლამდე ერთგვარი ტექნიკური გაგრძელება მოხერხდა. ამ დროის მანძილზე კი, გენერალური მდივნის ბან კი მუნის მითითებით, უნდა გაირკვეს, თუ რა ფორმით გააგრძელებს გაერო 14-წლიან მუშაობას აფხაზეთის რეგიონში. სეპარატისტული ხელისუფლება უარს არ ამბობს, მაგრამ იმ პირობით, თუკი მეთვალყურეთა მანდატთან ერთად მისიის სახელწოდებაც შეიცვლება და მას აღარ ერქმევა გაეროს მისია საქართველოში. სეპარატისტების ამგვარი სურვილის უკან მეთვალყურეები კრემლს ხედავენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG