Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლს თამაშობს რუსეთის ფაქტორი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში


გადაწყვეტილება, განახლდეს ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს საქართველოს საკითხის გათვალისწინებით, ისევე როგორც აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, საბჭოს მუშაობა ამავე მიზეზით შეჩერდა.

5 მარტს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ნატოსა და რუსეთს შორის აღდგება დიალოგი, რომლის მთავარ თემად, ალიანსის დაპირებით, კვლავაც დარჩება მოსკოვის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და კრემლის მიზანი ააშენოს სამხედრო ბაზა აფხაზეთში. ასევე 5 მარტს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფებას. რა როლს თამაშობს რუსეთის ფაქტორი ნატო-საქართველოს ურთიერთობაში და რას შეიძლება მოელოდეს საქართველო?
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე 5 მარტს კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა, რომელიც ალიანსისკენ მიმავალ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში ესაჭიროება. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა 5 მარტს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში და რომ ეს მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. საგანგებო მხარდაჭერა გამოხატა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც ხუთშაბათს, დღის ბოლოს, გამართულ პრესკონფერენციაზე:

(კლინტონის ხმა) ”უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მე ისევ გავიმეორე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იღებს მტკიცე ვალდებულებას ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით და ასევე მტკიცეა გადაწყვეტილება, ნატოსთან ერთად ვიმუშაოთ მათთან იმის ნათელსაყოფად, რომ ეს ქვეყნები არ უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან დაშინებისა და აგრესიის საგანი.”
როდესაც ჰილარი კლინტონი ამ განცხადებას აკეთებდა, ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენასთან დაკავშირებით. პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ალიანსის გადაწყვეტილებას გეოსტრატეგიულ ინტერესებს უკავშირებს:
(მაისაიას ხმა) ”ნატოს, ფაქტობრივად, გაურთულდა სიტუაცია ავღანეთში სამშვიდობო ძალებისთვის ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებით. პაკისტანის გზა ჩაიხერგა საბოლოოდ და იქ შეუძლებელია ამის გატანა. რუსეთის გზა გასული წლის 23 აგვისტოს შემდეგ, ფაქტობრივად, ასევე გაიყინა. რუსეთმა კიდევ შეძლო კონტრზომების მიღება, ყირგიზეთზე წნეხის შედეგად, იმავე მანასის ბაზის (ამერიკული ბაზის) დახურვასთან დაკავშირებით. მანასის ბაზა ასრულებდა საკმაოდ საკვანძო ელემენტის როლს ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტის მომარაგებისა და ზურგის უზრუნველყოფისათვის.ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ნატოს მოეჭრა ყველა ის საშუალება, რომლითაც ის განახორციელებდა ტრანზიტს. გზა საქართველოზეც გადის, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაიაროს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც... აქედან გამომდინარე, პრინციპში, დილემის წინაშე დადგა ნატოს ხელმძღვანელობა...” (სტილი დაცულია)
ალიანსი არ მალავს, რომ ავღანეთი მართლაც სასიცოცხლო პრობლემას წარმოადგენს და რომ ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერაც ესაჭიროება. თუმცა ტერორიზმთან ბრძოლა რუსეთთან დიალოგის აღდგენის კონტექსტში არ არის მოხსენიებული ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. სამაგიეროდ, ამ განცხადებაში საგანგებო ადგილი ეთმობა საქართველოს, როგორც ალიანსის განსაკუთრებული შეშფოთების საგანს და რუსეთთან აღდგენილი დიალოგის უმთავრეს განსახილველ საკითხს. იქვე ვკითხულობთ, რომ ნატო რუსეთს საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულებას შეახსენებს. ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებს პოლიტიკურ წნეხს, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დეოკუპაციისთვის და რუსეთის დასავალდებულებლად, პატივი სცეს საერთაშორისო შეთანხმებებს. თუმცა რუსეთი ნატოს მითითებების ასე იოლად შესრულებას არ აპირებს და ეს კრემლის წარმომადგენლის ნატოში დმიტრი როგოზინის კომენტარიდანაც კარგად ჩანს. მან მიანიშნა, რომ ნატოს უფრო სჭირდება რუსეთი, ვიდრე რუსეთს ნატო.
საკითხის ასე დაყენების შემთხვევაში, ვინ ვის უფრო სჭირდება, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე რუსეთის საწინააღმდეგო ფაქტორს იშველიებს:
(შარაშენიძის ხმა) ”რუსეთს უფრო სჭირდება ნატო, იმიტომ რომ რუსეთი უფრო სუსტია ნატოზე... ნატო უფრო ძლიერია... რუსეთს სჭირდება თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, რომ თავი უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს და ნატო არ ჰყავდეს, ასე ვთქვათ, მტრად.” (სტილი დაცულია)
მიუხედავად ამისა, ალიანსსა და რუსეთს შორის აღდგენილი დიალოგისგან მოსალოდნელ მაქსიმალურ შედეგად თორნიკე შარაშენიძე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ბაზების გახსნის, თუნდაც გარკვეული დროით, შეჩერებას ხედავს. ეს იმ ფონზე, როცა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებისგან მოსკოვმა სამხედრო ბაზის განთავსების 49-წლიანი უფლება უკვე მოიპოვა. თუმცა პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ ძირითადი საკითხები გაირკვევა აპრილში, როდესაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის რუს კოლეგას, დმიტრი მედვედევს, შეხვდება.




  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG