Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნით დაფუძნდა ეროვნული კრება


31 მარტს „ტრადიციონალისტთა კავშირმა“, პარტია „თავისუფლებამ“, „მომავლის პარტიამ“ და „ქალთა პარტიამ“ ვერის საკალათბურთო დარბაზში ეროვნული კრების დამფუძნებელ ყრილობას უმასპინძლეს. დელეგატების გარდა, ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ორგანიზატორთა თქმით, ეროვნულმა კრებამ ხალხთა წარმომადგენლების არჩევით ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის პროცესს. რა მიზნით დაფუძნდა ეროვნული კრება?

ვერის საკალათბურთო დარბაზმა შევსება დათქმულ დროზე ადრე დაიწყო. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულ რამდენიმე ათას დელეგატთა შორის იყო ცნობილი ტელედიქტორი დავით სოკოლოვი, რომლის თქმითაც, ეროვნული კრების საშუალებით ქვეყნის მართვაში მეტი მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას:

(დავით სოკოლოვი) „ყველამ უნდა გააცნოს ქვეყნის მოწყობის თავისი გეგმა და, ბოლოს, ამ ბევრი აზრიდან ერთი პროგრამა უნდა მოიკრიბოს და შეჯერდეს, რათა ქვეყანა ფეხზე დადგეს. ის, რაც დღეს ხდება, არის ჯოჯოხეთი.“(სტილი დაცულია)

დავით სოკოლოვსა და ყრილობის სხვა დელეგატებს პირველმა პარტია „თავისუფლების“ ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ მიმართა:

(კონსტანტინე გამსახურდია) „დღეს ამ კრების დამფუძნებელი ყრილობაა. კრება დაფუძნდება და აირჩევენ ღირსეულ ადამიანებს, რომელთა ძალისხმევაც გაანეიტრალებს უახლოეს მომავალში შესაძლო პროვოკაციებს და შეძლებს ქვეყნის მომზადებას ვადამდელი არჩევნებისთვის უსისხლოდ, ძალადობის გარეშე, დემოკრატიულად...“

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეროვნული კრების უმთავრესი მიზანია ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები გადაჭრას მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით:

(კონსტანტინე გამსახურდია) „ჩვენს არსენალში სხვა მეთოდები არც არის, ანუ ჩვენ ვემხრობით ყველა შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესს. ეს უნდა იყოს პოლიტიკური პროცესი, უპირველეს ყოვლისა, და უნდა გულისხმობდეს ხელისუფლების მშვიდობიან, დემოკრატიულ, ეტაპობრივ დემონტაჟს.“

ეროვნული კრების დამფუძნებელთა თქმით, საქართველოში შექმნილი კრიზისული ვითარების დასაძლევად საჭიროა ახალი სქემებისა და ინსტიტუტების შემუშავება. „მომავლის პარტიის“ თავმჯდომარის გია მაისაშვლის თქმით, ეროვნული კრება სწორედაც რომ ასეთი ახალი ინსტიტუტია:

(გია მაისაშვილი) „როდესაც არსებული ინსტიტუტები პარალიზებულია და ამ ჩიხიდან გამოყვანის შესაძლებლობა არ აქვთ, ასეთ საგანგებო დროს მოწინავე ერებს ასეთი ახალი ინსტიტუტები შემოაქვთ. ასე მოხდა საფრანგეთში, ასე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე ხდება საქართველოშიც და ჩვენ შევძლებთ ამ კრიზიდან გამოსვლას.“

ეროვნული კრების, როგორც საზოგადოების თვითმობილიზაციის ინსტიტუტის, დაფუძნებას, იწონებენ ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეული პოლიტიკოსები:

(ლევან გაჩეჩილაძიე) „რადგან მოვედი, მიმაჩნია, რომ კარგია! თუ ესა თუ ის ფორუმი იქნება დამატებითი რესურსი კრიზისის დაძლევისა საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება კარგი.“

(მამუკა გიორგაძე) „ეროვნული კრებით კრიზისის დაძლევა შეიძლება, თუკი პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები ჩამოყალიბდებიან იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებსაც უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი სახელმწიფო და მოიპოვებენ ქართველი ერის მანდატს კრების არჩევნების თუ სხვა რაიმე ღონისძიების მხრივ და შეძლებენ ეროვნული ენერგიის კონსოლიდირებას სწორი ეროვნული ინტერესებისათვის.“

ყრილობის დელეგატებმა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს 9 აპრილისთვის დანიშნულ საერთო სახალხო მანიფესტაციას. რეზოლუციაში, რომელიც ყრილობაზე იქნა მიღებული, ნათქვამია, რომ ქვეყნის გადარჩენა და განვითარება მოითხოვს ხელისუფლების სადავეებიდან იმ მმართველი ჯგუფის ჩამოცილებას, რომლის ერთპიროვნულმა და დანაშაულებრივმა ქმედებამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეროვნული კრება მაშინ დაკარგავს აქტუალობას, როცა დაინიშნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, თუმცა, მისივე თქმით, მანამდე პოლიტიკურ პარტიებს სამაგალითო პრინიციპულობის გამოჩენა მართებთ.

(კონსტანტინე გამსახურდია) „მაშ გულისხმავყოთ ჩვენი ერის მოწოდება და დავდგეთ მტკიცედ და შეურყევლად იქ, სადაც ჩვენი მომავლის საკითხი წყდება. უფალმა აკურთხოს სამშობლო ჩვენი, მისი წილხვდომილი და კვართმომადლებული...“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG