Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად ეფექტიანად ებრძვის პოლიცია დანაშაულს?


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ეფექტიანად ებრძვის დანაშაულს, თუმცა საზოგადოების შეშფოთებას იწვევს ისეთი დანაშაულის მატება, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. უკანასკნელი ერთი დღის განმავლობაში ამგვარი დანაშაულის რაოდენობა ორი ერთეულით გაიზარდა. 5 აპრილს ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს დავით ოქიტაშვილსა და ბადრი ბიწაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საზღვრის უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის“, თანამშრომელს კახა ხანდოლიშვილს.

დავით ოქიტაშვილს, რომელიც კულტურის სამინისტროში კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის უფროსად მსახურობს, ორი ბოროტმოქმედი 5 აპრილს ავტოფარეხთან დახვდა. ბლაგვი საგნებით მიყენებული ჭრილობების დასამუშავებლად დავით ოქიტაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც, საავადმყოფოს წარმომადგენლის გიორგი გოცაძის თქმით, 6 აპრილს დილით გაწერეს.

„აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის არეში. დამუშავდა ჭრილობები, სტაბილური მდგომარეობა იყო და პაციენტი გაწერილი იქნა განყოფილებიდან“, - გვითხრა გიორგი გოცაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, ოქიტაშვილს გაძარცვის მიზნით დაესხნენ თვს, თუმცა ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად
აღენიშნებოდა ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, ნაფლეთოვანი ჭრილობები თავის არეში.
დაზარალებულს საჯაროდ განმარტება არ მოუცია. დეტალებზე საუბარი უჭირს სახალხო დამცველის მოადგილეს გიორგი ჩხეიძესაც:

„ბატონ დავითზე დეტალურად ვერ ვიტყვი. მე ვნახე საავადმყოფოში. მან მითხრა, როგორც ჩანს, გარკვეულ კრიმინალურ ინციდენტს ჰქონდა ადგილიო და არ სჭირდებოდა ჩვენი მხრიდან დახმარება.“

გიორგი ჩხეიძის თქმით, ოქიტაშვილისგან განსხვავებით, სახალხო დამცველის აპარატის დახმარება დასჭირდა თავდასხმის კიდევ ერთ მსხვერპლს, ბადრი ბიწაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საზღვრის უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევის ცენტრის“, თანამშრომელს კახა ხანდოლიშვილს, რომელიც ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდარს თავად ხანდოლიშვილი ასე იხსენებს:

„პირველი ეტაპი დილით იყო, როცა მირტყეს, შენ გაქვს ფულიო. მინდორში ვეგდე, იქ იყვნენ თვითონაც, რაღაცას ამოწმებდნენ, ვიღაცეებს ურეკავდნენ. შუადღისას ვითომ ახალი ინფორმაცია მიიღეს, ნამდვილად ვიცით, შენ გაქვს ფულიო. კიდევ იგივე განმეორდა. მესამედ, ალბათ, 5-6 საათისთვის.“

ხანდოლიშვილის თქმით, იგი რუსთავის გზატკეცილიდან გაიტაცეს და რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ, ხელფეხშეკრული, ხევში გადააგდეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის თანამშრომელი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია:

„იმის გამო, რომ ეს ადამიანი წამოვიდა სამსახურიდან მას შემდეგ, რაც სასაზღვრო უწყების დაშლა დაიწყო ხელისუფლებამ და გამოხატა თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, მხოლოდ ამის გამო მას დაუწყეს დაშანტაჟება და იყო მცდელობა იმისა, რომ ამ ადამიანს რაიმეში ბრალი დაედო ბადრი ბიწაძისთვის.“

მოგვიანებით, კახა ხანდოლიშვილის საპროცესო მდგომარეობის გასარკვევად რესპუბლიკურ საავადმყოფოში სახალხო დამცველის მოადგილე მივიდა. გიორგი ჩხეიძის თქმით, ხანდოლიშვილი გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსით დაკითხა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადიო ”თავისუფლება“ მინისტრის აპარატის უფროსს შოთა ხიზანიშვილს დაუკავშირდა. მან თქვა:

„ოქიტაშვილთან დაკავშირებით რამდენადაც მისი ჩვენებიდანაა ცნობილი, ავტოფარეხთან დახვდნენ უცნობი პირები და სცემეს. მას ჩვენება ჩამორთმეული აქვს და საქმე აღძრულია და მიმდინარეობს ძიება. სამწუხაროდ, საქმე ჯერჯერობით გახსნილი არაა. რაც შეეხება ბადრი ბიწაძის თანაპარტიელის ცემის ფაქტს, ეს ინფორმაცია პრესის მეშვეობით იქნა გავრცელებული და ამის საფუძველზე ჩვენ დავიწყეთ ძიება. დეტალების შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით ვამცნობთ.“

შოთა ხიზანიშვილის თქმით, ხუთ-ექვს აპრილს მომხდარი თავდასხმების მიუხედავად, დანაშაულის სტატისტიკა მეტყველებს, რომ ვითარება საგანგაშო არ არის. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, წელს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით კვალიფიცირებულმა დანაშაულმა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად - 35 პროცენტით - იკლო. თუმცა ყოფილი გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილისთვის ეს მონაცემები დასკვნის გასაკეთებლად არ კმარა. მისი თქმით, რეალური სურათის შესაქმნელად საჭიროა უკანასკნელი წლების მონაცემების შედარება. მეფარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არსებული სოციალური პრობლემები ძალადობრივი დანაშაულისთვის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს:

„მატება იქნება ყველა შემთხვევაში ანგარებით და ძალადობრივ დანაშაულზე. ესაა ჩვენი უბედურება. ამ ყველაფრის მიზეზი არის ეკონომიკური ვითარების გაუარესება, ვინაიდან დანაშაული ყოველთივს ობიექტური რეალობაა, რომელიც, სამწუხაროდ, საზოგადოებას თან ახლავს. მიმდინარე პროცესები რაც არის, საზოგადოებაში პირდაპირ აისახება. ასე რომ, ქურდობები, ყაჩაღობები, ქონებრივი, ანგარებით ჩადენილი დანაშაულის მატება რომ იქნება, ეს სადავო არ არის.“

ცალკე საუბრის თემაა პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება. ოპოზიციის მტკიცებით, ხშირად თავდასხმა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება და ასეთ შემთხვევაში დანაშაულის გახსნის ალბათობა თითქმის ნულს უტოლდება. სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორსა და „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი თავდგირიძეს, ბოროტმოქმედები ერთი წლის წინ დაესხნენ თავს, თუმცა, ისევე როგორც კობა დავითაშვილისა და ვალერი გელაშვილის ცემის შემთხვევაში, დანაშაულის გახსნა ვერ მოხერხდა.

„არაფერი! გამოძიება დაიწყეს, ჰქონდათ ჩემთან რამდენჯერმე კონტაქტი. ჩვენება ჩამომართვეს, ნივთმტკიცებები ამოიღეს და ამის შემდეგ ყველაფერი შეწყდა და გაჩერდა“, - უთხრა რადიო ”თავისუფლებას” გიორგი თავდგირიძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG