Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შესაძლებელია დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები

დიალოგს, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციური ფლანგის პოლიტიკურ ძალებს შესთავაზა, არასაპარლამენტო ოპოზიცია დაგვიანებულად მიიჩნევს.

და ამიტომ მისი წარმომადგენლები არ ესწრებიან შეხვედრებს, რომლებსაც, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მართავს. დიალოგში ჩაბმული არიან მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თვით საპარლამენტო ოპოზიციაშიც. რა შემთხვევაში შედგება დიალოგი?

თუკი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს მოვუსმენთ, ხელისუფლებისა და მისი ოპონენტების მსჯელობა მთლიანად ეკონომიკურ საკითხზე უნდა იყოს კონცენტრირებული, რადგანაც სწორედ ეს არის ამჟამად საქართველოს მოქალაქეების ძირითადი საზრუნავი. ”ამიტომ ამაზე უნდა იყოს ფოკუსირებული დღეს ნებისმიერი პოლიტიკოსის შეხედულებები. ამაზე უნდა იყოს მათი ძალისხმევა მიმართული...თუმცა ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, ცოტა უფრო სხვა მიმართულებით წაიყვანონ მსჯელობა და დებატები”, - აღნიშნა კუბლაშვილმა 7 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე.

ყველასთვის ცხადია, თუ ვინ იგულისხმება ”გარკვეულ პოლიტიკურ ლიდრებს” შორის, ანუ პავლე კუბლაშვილის მიერ დასახელებულ კატეგორიაში. ეს ის ძალებია, რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას ხედავენ და 9 აპრილის აქციას პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენების პროცესის დასაწყისად განიხილავენ. ძალები, რომლებსაც სჯერათ, რომ ეკონომიკურ პრობლემების გადაჭრაზე მეტად ხალხი სახელმწიფოში სისტემურ ცვლილებებს მოითხოვს.

ირაკლი ალასანია - ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი
ვადამდელი არჩევნების ჩატარების სურვილი უკვე დაადასტურა დაახლოებით 350 ათასმა ადამიანმა იმ პლებისციტში მონაწილეობით, რომელსაც ”ალიანსი საქართველოსთვის” მართავს. გამოკითხულთა რიცხვი კი, დაახლოებით 400 ათასს შეადგენს. ალანსის ლიდერები მიიჩნევენ, რომ წესით ეს მაჩვენებელი საკმარისი უნდა იყოს პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის, რათა დაინახონ, თუ როგორია ხალხის რეალური ნება. აღქმის ამგვარი უნარის გარეშე კი, ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას აზრით, დიალოგს აზრი ეკარგება. ”ჩვენ არ ვამბობთ უარს დიალოგზე. ჩვენი სურვილია, რომ დიალოგის გზით გადაწყდეს პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, ის კრიზისი, რომელშიც ზოგადად აღმოჩნდა ქვეყანა აგვისტოს ომის მერე... მაგრამ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას იყოს ადექვატური ამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა”... 7 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა: ”... თუკი გულწრფელად სურს, და მე მივმართავ ხელისუფალს, საკუთარი თავი ისტორიაში შეიყვანოს, როგორც ხელშემწყობი საქართველოში სტაბილურობის, ახლა ეძლევა ეს შანსი და ეს შანსი მან უნდა გამოიყენოს.”

ხელისუფლებას, რომლისგანაც ჯერჯერობით ადექვატური პასუხი არ ისმის, ირაკლი ალასანიას თქმით, ხალხმა საკუთარი ნება ერთად დგომით უნდა დაანახოს. პროცესი 9 აპრილს დაიწყება, ხოლო ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ერთიანი იქნება საზოგადოება.

ხელისუფლებასთან დიალოგზე უარს ამბობენ 9 აპრილის აქციაში მონაწილე სხვა პოლიტიკური ძალებიც და მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიცია. მაგალითად, პარტია ”თავისუფლების” ლიდერის კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, დიალოგის შეთავაზებით ხელისუფლება ოპოზიციის რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

დიალოგთან მიმართებით, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა და ეს სამშაბათს თავად პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გაიმეორა, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა საპარლამენტო ოპოზიციის რიგებშიც და ეს გარკვეულწილად 7 აპრილს, პარლამენტის სხდომაზეც გამოჩნდა. მაგალითად, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი, დიალოგში ჩართვის სანაცვლოდ, კოლეგებს ორ ინიციატივას სთავაზობს. პირველის მიხედვით, რომელიც თავად მას ეკუთვნის, უნდა გაიმართოს რეფერენდუმი და საქართველოს მოქალაქეებმა პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას - გსურთ თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 1 იანვრამდე... ხოლო მეორე ინიციატივა ლეიბორისტულ პარტიას ეკუთვნის და ის პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურების დაწყებას ისახავს მიზნად.დეპუტატი ამბობს, რომ ორივე ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლას და ამიტომ კოლეგებს ორივეს მიღებას სთხოვს.

გიორგი ცაგარეიშვილის მიერ გახმაურებულ ინიციატივებს ქრისტიან-დემოკრატები გამოეხმაურნენ. ისინი მზად არიან ამ საკითხებზე კონსულტაციებისთვის, თუმცა, ამავე დროს, მონაწილეობას იღებენ დიალოგში ხელისუფლებასთანაც. ქართული დასის ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი, ხელისუფლებასთან დიალოგში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუკი ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის არსებობასაც აღიარებს და რეალურ კომპრომისებზე წავა. ერთ-ერთ ასეთ კომპრომისად, ბაღათურია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG