Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის რევოლუცია ცინიკური და ქრონიკული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ


ვლადიმირ ტისმანეანუ
ვლადიმირ ტისმანეანუ
ეს ანალიტიკური სტატია, რომელიც მოლდავეთში განვითარებულ მოვლენებს ეხება, აშშ-ში მცხოვრებმა ცნობილმა რუმინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ ტისმანეანუმ დაწერა საგანგებოდ ჩვენი რადიოსთვის.

ის, რასაც ამაჟამად ვხედავთ კიშინიოვში, რევოლუციური მოძრაობის დასაწყისია. მე მინდა ეს ხაზგასმით ვთქვა, რადგან რევოლუციები არის ერთადერთი საშუალება ფუნქციადაკარგული პოლიტიკური სისტემების წინააღმდეგ, რომლებიც ამას არ აღიარებენ. პოლიტიკური რეჟიმი მოლდავეთში სწორედ ასეთი შემთხვევაა. ქვეყანას მრავალი წლის განმავლობაში მართავს მოლდავეთის კომუნისტური პარტია, ლენინური ყაიდის არარეფორმირებული ორგანო, რომელსაც წარსულის გამო არ მოუნანიებია. მე არ ვეთანხმები იმ ანალიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პარტია მხოლოდ სახელად არის კომუნისტური და, მოახდინა რა საკუთარი თავის რეკონსტრუქცია, იგი, ვითომცდა, განსხვავდება ტრადიციული კომუნისტური პრინციპებისაგან.

სინამდვილეში, აბსურდი იქნებოდა გვემტკიცებინა, რომ მოლდავეთის კომპარტია კლასიკური გაგებით არის კომუნისტური, რადგან განვლილი 20 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბევრი რამ რადიკალურად შეიცვალა. მაგრამ თუკი ვინმე დაუკვირდება მოლდავეთის კომპარტიის მოტივაციას, მის ნოსტალგიას ლენინური წარსულის გამო და იმ გზას, რომლითაც ვლადიმირ ვორონინის ხელმძღვანელობით ეს პარტია ქვეყანას მართავს, აშკარად დაინახავს საბჭოთა პერიოდის მოლდავეთის კომუნისტური პარტიის გენეალოგიურ მემკვიდრეს.

ფაქტია, რომ ბატონ ვორონინს თავის მხრივაც არაერთხელ აღუნიშნავს იგივე. ვორონინი და მისი ამხანაგები მკაცრად და მტკიცედ აღუდგნენ წინ დეკომუნიზაციის ტკივილგამაყუჩებელ ინიციატივებს. მეტიც, 2006 წლის 18 დეკემბერს, როდესაც რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ დაგმო კომუნისტური რეჟიმი რუმინეთში, როგორც ”არალეგიტიმური და კრიმინალური”, ვორონინის პარტიამ ოფიციალურად მოახდინა დენონსაცია რუმინეთის კომუნისტური დიქტატურის ფინალური ანგარიშისა, რომელსაც ბასესკუს განცხადება ეფუძნებოდა.

კიშინიოვში მიმდინარე მოვლენების თაობაზე მე მსურს ხაზი ორ რამეს გავუსვა. პირველ ყოვლისა, მე ვგულისხმობ, რომ იგი განეკუთვნება რევულუციათა იმ წყებას, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლიდან დაედო სათავე. ამ ისტორიული მოვლენებიდან ორი ათეული წლის შემდეგ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჩვენ ვხედავთ მოძრაობას, რომელიც, ჩემი რწმენით, მთლიანად სპონტანურია და ხასიათდება ლიბერალურ-ანტიკომუნისტური შინაარსით, რომელიც ადამიანის ინდივიდუალური უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

თანამედროვე ლიბერალიზმის მთავარი და არსებითი პრინციპია ყოველი მოქალაქის, ინდივიდისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. პროტესტი მოლდავეთში ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადასტურებს, რომ ანტიკომუნიზმი ილუზია არ არის. დემონსტრაციაში მონაწილეთა მთავარი გზავნილი - როგორც საგარეო, ისე საშინაო აუდიტორიის მიმართ, - არის ანტიკომუნისტური: ესაა საბოლოო უარის თქმა პოლიციურ სახელმწიფოზე, რომელსაც ამხანაგი ვორონინი ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ასე საფუძვლიანად აშენებს და რომელიც ამ ქვეყანაში ენდემური კორუფციის სახითაა შეზრდილი სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ არსებულ მაფიოზურ ქსელთან.

და ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი, არჩევნების შემდგომ პროტესტზე ვორონინის გადაჭარბებული რეაქცია - საიდუმლო პოლიციის რეპრესიები, მასობრივი დაპატიმრება, ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვა, მას-მედიისა და ინფორმაციის ცენზურა - აშკარად მიუთითებს ვორონინის სტალინისტურ მენტალიტეტზე.

მოლდავეთის ხელისუფლება მოქმედებს ძველი ლენინური პრინციპით ”ვინ ვის”. მოლდავეთის კომპარტიის მთავარი საყრდენია კანონიერებაზე ძალმომრეობა, დემოკრატიის უგულებელყოფა და სამოქალაქო ღირსებების სრული უპატივცემულობა.

მე ასევე მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის ანტიიდეოლოგიური ტიპის რევოლუცია. ასე მკაფიოდ დაახასიათა ეს საპროტეტსო მოძრაობა მოლდავეთის ანტიკომუნისტურმა ფორუმმა, ორგანიზაციამ, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სპონტანურად შეიქმნა.

ჩვენ საქმე გვაქვს მოძრაობასთან, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო პოლიტიკური ფერი. მისივე სიტყვების თანახმად, იგი არის ტრანსპარენტული და სუფთა. ეს არის საკუთარი თავის, მართლაც, მშვენიერი, ნამდვილად პოეტური დახასიათება.
მაგრამ ერთი რამ უეჭველია: ყველა ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც მეტაფორას მიმართავს. ვიღაც უნდა შეეწინაღმდეგოს ცთუნებას, რაც ასე ახასიათებს უტოპიურ რადიკალიზმს. მაგრამ მოლდავეთში დღეს უტოპია არ მოქმედებს. ახალი თაობა აღდგა ნეოლენინისტური მოლდავეთის კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ. და პრეფიქსი ”ნეო” იქაური ისტორიის გასაღებია, რადგან აჩვენებს, რომ მოლდავეთის კომპარტია მკაფიოდ იდეოლოგიზებული, ყალბი და ცინიკური ბუნების მქონე ავტორიტარიზმია.

სამწუხაროა, - შენიშნავს რუმინელი ისტორიკოსი არმანდ გოშუ, - რომ ევროპის კავშირის ამ აღმოსავლეთ ფლანგზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ თამაშში ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოავლინეს მსგავსება რუსეთის სტრატეგიულ პოზიციასთან, რომელიც, როგორც ჩანს, აბრკოლებს ევროპელებს გადაჭრით დაუდგნენ გვერდით და დაიცვან ”ახალგაზრდა მოლდაველი მოქალაქეები, რომლებსაც სურთ საკუთარი ბედი თავისუფლებაში გამოჭედონ.”

როგორც 1989 წელს, ევროპა მოუმზადებელი ხვდება ქვედაფენებიდან მომდინარე სტატუს კვოს უარყოფას. რეგიონში დამკვიდრებული სახელისუფლებო თამაშები უპირატესობით სარგებლობს შიგნიდან მომდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაზე.

მაგრამ როგორია მოლდავეთის პროდემოკრატიული მოძრაობის მიმართულება? ეს იქნება დამოკიდებული, პირველ ყოვლისა, იმაზე, თუ როგორ მოახერებს ის თვითორგანიზებას. მოლდავეთის შემთხვევა განეკუთვნება ახალი ”სოციალური მოძრაობის” კატეგორიას, როგორიც იყო სამოქალაქო ფორუმი 1989-90 წლების ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში. მოლდავეთის რევოლუციური მოძრაობა დასაბამს მისცემს რამდენიმე ახალ პოლიტიკურ პარტიას. მე შემიძლია იოლად ვირწმუნო, რომ მოლდავეთის ანტიკომუნისტური ფორუმი წარმოშობს დემოკრატიულ, ლიბერალურ, ახალგაზრდულ პარტიას. მე მჯერა, რომ ისინი, ვინც აავსო კიშინიოვის ქუშები და დაიკავა სახელმწიფო დაწესებულებები ეროვნული ასამბლეის კვარტალში, განსხვავდებიან ჰომოსოვეტიკუსებისაგან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ითხოვენ სიმართლით ცხოვრებას, უარყოფენ ფარისევლობასა და სიყალბეს.

ეს პროტესტი მალე არ დასრულდება. მოლოტოვ-რიბენტროპის სამარცხვინო ხელშეკრულების 70-ე წლისთავის მოახლოება 23 აგვისტოს იქნება ერთგვარი კატალიზატორი ოპიზიციის ზეწოლის განახლებისა ამხანაგ ვორონინისა და მისი ხროვის ნეოლენინური და ნეოავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ.

მეოცე საუკუნის ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნა ნამდვილად გააძლიერებს იმ ადამიანთა პოლიტიკურ ნებას, რომლებიც ახლა იბრძვიან მოლდავეთის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის.
XS
SM
MD
LG