Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად დიდია რუსეთისგან მომავალი საფრთხე?


საქართველოში დაგეგმილი ნატოს სწავლება, სახელწოდებით ”კოოპერატივ ლანსერ, კოოპერატივ ლონგბოუს”, რომელიც 6 მაისს დაიწყება და 1 ივნისამდე გასტანს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის აღშფოთების საგანი ხდება. ორგანიზაცია, რომელსაც მისი მთავარი წევრი - რუსეთი - ნატოს ერთგვარ საპირწონედ განიხილავს, საქართველოში დაგეგმილ სწავლებას ალიანსის პროვოკაციულ ნაბიჯად განიხილავს. ამ ყველაფერს წინ უძღოდა თავად რუსეთის პრეზიდენტის მუქარაც. პარალელურად, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში კრემლი პოზიციებს კიდევ უფრო იმყარებს იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებთან ახლებური ურთიერთობის სურვილი რუსეთს საქართველოს ფაქტორის გათვალისწინებასა და აგვისტო-სექტემბრის სამშვიდობო ხელშეკრულებების ბოლომდე შესრულებას ავალდებულებს. რამდენად სახიფათოა რუსეთის ქმედებები საქართველოსთვის და რამდენად დიდია შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე?

”ეს სხვა არაფერია, გარდა აგრესიის მხარდაჭერისა, რასაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარი მოქალაქეების წინაააღმდეგ მიმართა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს სხვა არაფერია, გარდა სიტუაციის გამწვავების მცდელობისა ჩრდილოეთ კავკასიაში”, - ამ შინაარსის განცხადება ორშაბათს ბიშკეკში გააკეთა ნიკოლაი ბორდიუჟამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, როცა ის საქართველოში დაგეგმილ ნატოს სწავლებაზე ლაპარაკობდა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ალიანსის გადაწყვეტილებას პროვოკაციულ ნაბიჯად მიიჩნევს. თუკი ხსენებულ ორგანიზაციაში რუსეთის განსაკუთრებულ გავლენას გავითვალისწინებთ, ბორდიუჟას კომენტარი კრემლის მორიგ განცხადებად შეიძლება შეფასდეს. აქვე გავიხსენოთ რუსეთის პრეზიდენტის მუქარაც. რამდენიმე დღის წინ დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ნატოს სწავლებას, შესაძლოა, რუსეთის რეაქცია მოჰყვეს: "ასეთი გადაწყვეტილებები გაწბილების გრძნობას იწვევს და სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის ფედერაციასა და ნატოს შორის სრულყოფილი კავშირის აღდგენას. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს, როგორ განვითარდება მოვლენები და, თუ საჭირო შეიქნა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ."

რა იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, მედვედევს არ დაუკონკრეტებია, თუმცა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშკარად შეიმჩნევა რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის საგრძნობი გაზრდა: რეგიონებში შედის დამატებითი სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში მოძრაობენ რუსეთის სამხედრო კატარღები და გემები, ოკუპანტები იკავებენ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. ცნობები რუსეთის მიერ პოზიციების გამაგრების შესახებ ყოველღიურად ვრცელდება.

ექსპერტთა აზრით, ნატოს გეგმიური სწავლება საქართველოში, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი 19 ქვეყნის 1300 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს არაფრით ემუქრება. თუმცა ცხადია ისიც, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკურ ამბიციას - ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოსთან დაახლოების ყველანაირ შანსს. სწორედ აქედან მოდის კრემლის მუქარაც.

საქართველოში კი კარგად ახსოვთ, თუ რა ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ 2008 წლის ივლისში ჩატარებულ სწავლებას, სახელწოდებით ”მყისიერი პასუხი”. პარალელურად, ასევე ივლისში, რუსეთმა წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩრდილოკავკასიაში - ”კავკასია 2008”, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მშვიდობის იძულების მიზნით. აგვისტოში კი რუსეთმა წვრთნის შედეგები უკვე ნამდვილ ომში მოსინჯა.

რამდენად რეალურია საფრთხე ამჯერად? პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, სამხედრო კონფლიქტის განახლება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. ექსპერტი 3 ძირითად ფაქტორს გამოყოფს: ”პოტენციალი და შნო, რომ გაიმეოროს აგვისტოს ომი, რუსეთს ჯერჯერობით არ გააჩნია. რუსეთმა დაიწყო თავისი შეიარაღებული ძალების ღრმა რეფორმირება, რასაც დასჭირდება, სულ მცირე, 2 წელი. ანუ ჩვენ 2 წლის განმავლობაში გვაქვს საშუალება - რაღაცნაირად გავძლიერდეთ და რუსეთს არ მივცეთ იმის საშუალება, რომ ასე თავხედურად მოგვექცეს ჩვენ. მეორე - რუსეთში არის საკმაოდ ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ფინანსური საშუალებებიც არ არის იმისთვის, რომ რუსეთმა დაიწყოს ფართომასშტაბიანი, სერიოზული სამხედრო ოპერაცია ჩვენს წინააღმდეგ... და მესამე - მიუხედავად იმისა, რომ რუსები ამერიკელებს პრაქტიკულად სამხედრო დიპლომატიის ენით ელაპარაკებიან, მედვედევს ბევრად უფრო აწყობს ობამას ადმინისტრაციასთან დიალოგისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების განსაზღვრა, ვიდრე საომარ კონფრონტაციაში შესვლა.”

ობამასთან თანამშრომლობის სურვილის მიუხედავად, მედვედევი ვაშინგტონს კუნთებსაც აჩვენებს და, მაისაიას აზრით, სწორედ ამით აიხსნება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში.

პოლიტოლოგებისთვის აშკარაა, რომ მოსკოვის ასეთი ნაბიჯები ვაშინგტონის გაღიზიანებას გამოიწვევს. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების კონსტრუქციულ თანამშრომლობას დიდი დღე არ უწერია, რომ ამას კრემლიც აცნობიერებს და ამიტომ ჩქარობს: ”იცის რა რუსეთმა, რომ მას მოუწევს ადრე თუ გვიან ცივი ომის პირობებში ურთიერთობა დასავლეთთან, ცდილობს პირველი ნაბიჯები თითონ გადადგას - როგორც იტყვიან, თავდასხმა თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალება არისო... ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური კრიზისი - თუ რუსეთმა ვერ მოასწრო საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზება, მას რამდენიმე თვის შემდეგ ძალიან გაუჭირდება, რამდენადაც ეკონომიკური კრიზისი რეალურად რუსეთში ამ წლის ბოლოს მიაღწევს პიკს და, შესაბამისად, რუსეთს უკვე ნაკლები კოზირი ექნება ხელში, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილოს.”

პოლიტოლოგების აზრით, რუსეთთან ცივილიზებული, კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედი არც შეერთებულ შტატებში აქვთ, მაგრამ ახლებური ურთიერთობის შეთავაზებით ვაშინგტონი ცდილობს რუსეთის არაადეკვატური, აგრესიული ქმედებები რაც შეიძლება დიდი ხნით შეაჩეროს. შემდეგ კი ყველაფერს დრო და ეკონომიკური კრიზისის შედეგები გამოაჩენს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG