Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი - საკნებისა და გაუვალი ქუჩების ქალაქი


საკნების აქცია თბილისში
საკნების აქცია თბილისში
ოპოზიცია დანაპირებს ასრულებს და თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რკინის მსუბუქ კონსტრუქციებს - ეგრეთ წოდებულ საკნებს - დგამს. ოპოზიციის ლიდერთა განმარტებით, საკნები მთლიანად შეივსება მათი სათანადოდ კეთილმოწყობის შემდეგ და მანამ დარჩება ქუჩებში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან არ გადადგება. საკნებისა და გადაკეტილი ქუჩების პარალელურად, თბილისში გაიზარდა საავტომობილო გზებზე შექმნილი ხერგილების რაოდენობაც.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა პოლიეთილენის პარკებით შეფუთული საკნები თავისუფლების მოედნიდან ოპერისა და ბალეტის თეატრამდე განალაგეს. ჩაიკეტა რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელი თითქმის ყველა ქუჩა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ საკნების მნიშვნელოვანი ნაწილი ცარიელი იყო.

„საკნები ცარიელი არ არის“, ამბობს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა, „ცარიელია ახალმოტანილი და ბოლომდე აუწყობელი საკნები. აიწყობა, შეიფუთება, ლეიბები დალაგდება და, გარწმუნეთ, არც ერთი საკანი არ იქნება ცარიელი.“

ბევრი სხვა საკნისგან განსხვავებით, ცარიელი არ ყოფილა კინო რუსთაველის მახლობლად მდებარე საკანი, რომელშიც სამი მამაკაცი იდგა. რადიო თავისუფლების შეკითხვას, რაზე სხედხართო, ერთ-ერთმა ასე უპასუხა:

„წვიმს, დავსველდი და თავი შევაფარე. სად არის აქცია? არის რო? ხალხს ვერ ვხედავ! როგორც ჩანს, ამნისტია გამოვიდა და ყველანი გაუშვეს, ანდა გაიქცნენ!“

სხვებისგან განსხვავებით, არ გაქცეულან გურჯაანელი ალიკა ზარდიაშვილი და მისი თანასაკნელები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე საკნის დატოვებას არც აპირებენ:

„სააკაშვილმა დაგვაკარგვინა იმედი! კოდორის ხეობა ჩვენი იმედი იყო და ესეც დაგვაკარგვინა. მეტი რა უნდა მოხდეს? ვიჯდებით სანამ ამ კაცს არ გავუშვებთ სახლში!“

თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის სახლში გაშვების მეთოდს - საკნებით გზების გადაკეტვას - უწუნებენ თავისუფლების მოედნის მახლობლად მცხოვრები თბილისელები. 23 აპრილს, გამთენიისას, რამდენიმე ქალბატონმა მოედნის მიმდებარე ქუჩების გახსნა სცადა. მოგვიანებით იმასვე ითხოვდა ოთხმოც წელს გადაცილებული სოფიკო ჯორბენაძეც:

„არ მოგვწონს ეს საკნები! არ მოგვწონს გზის გადაკეტვა!“ - უყვიროდა მოხუცი ქალი აქციის მონაწილეებს. - „ასე თქვენ ვერ მიაღწევთ ვერაფერს. მეორე კვირაა ჩემი შვილიშვილი ვერ დადის სკოლაში, ვერ დავდივართ ტრანსპორტით. რა ვქნათ, ვუყუროთ თქვენ საკნებს?“

საკნების ყურება კი თბილისელებს მართლაც დიდხანს მოუწევთ. მოსახლეობის ერთი ნაწილისა და საგზაო ხერგილებში ჩარჩენილი მძღოლების უკმაყოფილების მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს თუნდაც ცარიელი საკნების აღებას. შინაგან საქმეთა მინისტრის აპარატის უფროსი შოთა ხიზანიშვილი განმარტავს:

„ბუნებრივია, ამან გამოიწვია „საცობები“, თუმცა პოლიცია ცდილობს ტრანსპორტი სხვა მარშრუტებით გაატაროს. ამით თავს ვერ დავაღწევთ „საცობებს“, მაგრამ სხვა გზა არ არის. ვიღაცას აქვს სურვილი, რომ გზები გაიხსნას, ვიღაცას კი - არა. ჩვენ ვერ ჩავერევით. ვეცდებით, რომ თავიდან იქნეს აცილებული აგრესიული მოქმედებები. ყველანაირად ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე.“

სიმშვიდეს ინარჩუნებენ ოპოზიციის ლიდერებიც. სახალხო ფორუმის წარმომადგენელი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ გზების გადაკეტვით ოპოზიცია სააკაშვილის რეჟიმის შეცვლასა და, შესაბამისად, ქვეყნის გადარჩენას აპირებს.

ირაკლი მელაშვილი: „ასეთ ვითარებას გაგებით უნდა შეხვდეს მოსახლეობა. ყველამ უნდა გავიჭირვოთ, რათა ამ ქვეყანაში რამე შეიცვალოს. მესმის, რომ გზების გადაკეტვა დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, - მათ მოთმინებისკენ მოვუწოდებ, - მაგრამ საკითხავია, ვინ შექმნა ეს დისკომფორტი? დისკომფორტი შექმნა ხელისუფლებამ, რომელსაც ხალხის და საზოგადოების არ ესმის.“

ირაკლი მელაშვილის თქმით, ლითონის კონსტრუქციების დადგმითა და გზების გადაკეტვით ოპოზიცია არ არღვევს კანონს. სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მსგავსი აქციების ჩატარების უფლება კანონით აქვს მინიჭებული, ცალკეული შემთხვევების გასარჩევად კი სასამართლო არსებობს.

„კანონის განმმარტებელი ერთადერთი ორგანო სასამართლოა. ვიღაცამ უნდა იჩივლოს სასამართლოში და დაელოდოს მის განმარტებას. შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება ეს ისეთი მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, რომელმაც, შესაძლოა, სხვისი უხერხულობა გამოიწვიოს, მაგრამ ცივილიზებული სამყარო უშვებს უხერხულობას“, განუცხადა სახალხო დამცველმა რადიო თავისუფლებას.

როგორც ჩანს, უხერხულობა და დისკომფორტი, რომელიც თბილისელებს გზების გადაკეტვით ექმნებათ, კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ გაიზრდება როგორც საკნების რაოდენობა, ასევე მათი განთავსების არეალი და გეოგრაფია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG