Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთ-სამეგრელოს საზღვართან პოზიციებს რუსი მესაზღვრეები იკავებენ


მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე გალისკენ მიმავალ ქალბატონთან ერთად გადავედი. სანამ აფხაზურ საგუშაგოს მივუახლოვდებოდი, მარჯვენა მხარეს აშკარად ჩანდა, თუ როგორ თხრიდა რუსი სამხედროების ექსკავატორი მიწას. ასევე ჩანდა შვიდი კარავი, რომელთაგან ერთზე რუსეთის დროშაა აღმართული. იქვე რამდენიმე ჯავშანმანქანა და „ურალის“ მარკის 2 სატვირთო ავტომანქანა დგას. ამჟამად ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა შეზღუდული არ არის. ენგურის ხიდზე მოძრაობენ მხოლოდ გაეროს ავტომანქანები და ის ტრანსპორტი, რომელსაც აფხაზური სანომრე ნიშნები აქვს. ხიდზე მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს ფეხით გადაკვეთენ. ზუგდიდისკენ მომავალი გალელები ამბობენ, რომ ამჟამად ქალაქში რუს სამხედროთა რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ეს აგვისტოს ომისას იყო. გალის საავადმყოფოს ექიმმა, რომელიც ენგურის ხიდთან შემხვდა, მიამბო, რომ ქალაქიდან რუსული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი გაიყვანეს. როგორც რესპონდენტმა მითხრა, მათი გასვლის პროცესში სოფელ კოხორასთან 27 სატვირთო ავტომანქანა და ათამდე ტანკი დათვალა. ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ადამიანები აფხაზების რუსი მესაზღვრეებით შეცვლას ეწინააღმდეგებიან, რადგან ამბობენ, რომ აფხაზებთან საერთო ენის გამოძებნა შეუძლიათ. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული ნაწილების განლაგების შემდეგ, შესაძლოა, მიმოსვლა საერთოდ შეწყდეს. რაც შეეხება გალის რაიონის იმ ნაწილს, რომელიც წალენჯიხის რაიონს ესაზღვრება, როგორც ოკუპირებული სოფლის, საბერიოს, მკვიდრმა მაცნობა, აფხაზი მესაზღვრეები საგუშაგოებს უკვე ტოვებენ და მათ ადგილს რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილი იკავებს. გალის რაიონის სოფელ საბერიოს და წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანს სახმელეთო საზღვარი ყოფს, საბერიოში განლაგებულ საგუშაგოს და ფახულანის ერთ-ერთი მკვიდრის ეზოს კი - საერთო კედელი აქვს.
XS
SM
MD
LG