Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედა ცეცილია (მსხილაძე) - მონაზონი


24 აპრილი, კვირა
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომა არის დღესასწაული დღესასწაულთა, ეს არის ცოდვაზე გამარჯვებისა და სიკვდილის დამარცხების დღე.

წელს აღდგომის დღესასწაულს მეუფე ანდრიას დაბადების დღე დაემთხვა. ამიტომაც, ჩეულებრივზე მეტი სტუმარი გვყავს. ჩამოვიდნენ მეუფის ოჯახის წევრები, ბატონი გია და ქალბატონი ნატალია, თავიანთი ულამაზესი ოჯახებით, შვილებითა და შვილიშვილებით. სამწუხაროდ, დეიდა ნინამ ვერ შეძლო ჩამოსვლა.

ბატონი ზურაბ არსოშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ და ახლა სხვა სტუმრებთან ერთად რეზიდენციაში არიან.

საოცარი ადამიანია მეუფე ანდრია! მის გვერდით ღვთის მადლს შეიგრძნობ, იმედიანი და ბედნიერი ხარ, შიში არ იცი, ადამიანები მასთან ურთიერთობის შემდეგ მისდამი, როგორც მოძღვრისადმი, როგორც პიროვნებისადმი, გულგრილნი ვერ რჩებიან. ამიტომაც უყვართ ასე, ამიტომაც მჯერა, რომ ყველა, ვინც მას დღესასწაულს თუ დაბადების დღეს ულოცავს, გულწრფელია. დიდება ღმერთს, რომ მადლიერების გრძნობა მიანიჭა ადამიანს! ჭეშმარიტად სადღესასწაულო განწყობა გვაქვს, ყველანი ცოცხლად შევიგრძნობთ, რომ ჩვენ შორის არის ქრისტე, არის და იქნება სამარადისოდ.

გუშინ დილიდან გადუღებლად წვიმდა. არადა, სააღდგომოდ რამდენი რამ იყო მოსამზადებელი! ქალბატონ მარიკასთან შევიარე ყვავილების მაღაზიაში, ტაძარი სადღესასწაულოდ მას უნდა მოერთო. უკვე რამდენიმე წელია, შობას და აღდგომას თვითონვე, თავისი სახსრებით, ულამაზესად ამკობს საკათედრო ტაძარს. ღმერთმა შეუწიროს, არაჩვეულებრივი ქალბატონია! ეპარქიის თონეშიც რამდენიმე დღეა, არ დაუსვენიათ. გიორგი და ილიაც დღედაღამე იქ იყვნენ.

საღამოს 9 საათზე ტაძარში უკვე ჭირდა თავისუფლად შემოსვლა. მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდა მოდის. მთელი ღამე სავსე იყო საკათედრო ტაძარი და ეზო.

დღეს საღამოს კი მწუხრზე ატენში მივდივართ. დღეს დედა ნინოს დაბადების დღეცაა. მივულოცეთ, მწუხრი ვილოცეთ და გორში დავბრუნდით. ყველანი დაღლილები ვართ და ადრე ვისვენებთ, ხვალ დილით ისევ წირვაა, ბრწყინვალე შვიდეულში მეუფე, ტრადიციულად, ყოველდღე წირავს.

თავისუფლების დღიურები - დედა ცეცილია (მსხილაძე)
please wait

No media source currently available

0:00 0:12:22 0:00


25 აპრილი, ორშაბათი
ატენის მონასტერში მივდივართ. მეუფე იქ წირავს. წირვა ძალზედ მშვიდად ჩატარდა. კარგია მონასტერში წირვის მოსმენა. ტრაპეზის შემდეგ დიდხანს არ ვრჩებით. მეუფე ჩქარობს, ხვალ ოქონობაა, ქალაქის დღესასწაული, ბევრი საქმე გვაქვს და გორში ვბრუნდებით. გზად მეუფემ მოინახულა ოქონის მშენებარე ტაძრის ადგილი, უფრო სწორად, ტაძრის საძირკველი, რომელიც ხვალ იკურთხება.

ოქონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი თამარ მეფისა და არაერთი სხვა გამოჩენილი ქართველი წმინდანისა თუ საზოგადო მოღვაწის სახელს უკავშირდება. იგი კომუნისტებს დაუნგრევიათ მე-20 საუკუნეში. ოქონობა, როგორც სახალხო ზეიმი, ტაძრის არარსებობის დროსაც აღინიშნებოდა და გორისთვის ისტორიულ დღესასწაულად ითვლებოდა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში იგი მივიწყებული იყო. 2002 წელს მეუფე ანდრიამ, მაშინდელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ეს დღესასწაული აღადგინა. წლევანდელი ოქონობა განსაკუთრებულია, რადგან ღვთის შეწევნით, დღეს იწყება იმის შენება, რაც ჩვენმა კომუნისტმა წინაპრებმა 100 წლის წინ დაანგრიეს.

მეუფის დაბადების დღის მოლოცვები დღესაც გრძელდება ტელეფონით თუ მოკითხვით და ტკბილეულის გამოგზავნით. საღამოს ბატონმა ვახტანგ ყანჩაველმა ქალბატონ მანანასთან და უმცროს ქალიშვილ ნინოსთან ერთად შემოგვიარა. ნინო აღდგომის ღამეს ჩამოვიდა იერუსალიმიდან და იერუსალიმის ცეცხლი ჩამოგვიტანა. მოგვიყვა თავისი შთაბეჭდილებები. აღფრთოვანებული და ბედნიერია.

26 აპრილი, სამშაბათი
ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმა, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა. ჩვენი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. არაჩვეულებრივი მზიანი დღე გათენდა. წირვის ჩატარებას ტაძრის საძირკველზე შეძლებენ. მადლობა ღმერთს!

მშენებარე ტაძრის საძირკველი აკურთხა მეუფემ. მთელი გორი აქ არის. უდიდესი პოტენციის მქონეა ეს ქალაქი: ნიჭიერი, განათლებული, თავიანთი ქვეყნისა და ქალაქის მოყვარული ადამიანებით დასახლებული. 10 წელია, რაც აქ ვცხოვრობთ, და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გორი მეც შემიყვარდა.

დღესასწაული დაამშვენა ოქონის ერთ-ერთმა ხატმა, რომელიც გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, მისი დირექტორის, ქალბატონ თინათინ სოსანიძის ხელშეწყობით გადმოაბრძანეს.

ოქონობა არ არის მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, ის სახალხო დღესასწაულიც არის. ამიტომ მას ერთად აღნიშნავს როგორც სასულიერო, ისე საერო საზოგადოება. ბატონი ზურაბი და მისი მოადგილეები მეუფესთან ერთად მთელი დღე სხვადასხვა ღონისძიებებზე, ხალხში არიან.

დღის ბოლოს რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებითი საღამოა დაგეგმილი. ჩემდა სამწუხაროდ, ვერ წავედი, მაგრამ მეუფემ მისი დაწერილი გორის ჰიმნის აუდიოჩანაწერი მოგვიტანა და მოგვასმენინა. ქალბატონი მაცაცო ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორია.

ბატონი რეზო გველოდება. დიდი ხანია, ვპირდებით და დღეს აუცილებლად უნდა მივიდეთ. რეზო ინვალიდია, მხოლოდ ეტლით გადაადგილდება, ისიც - შეზღუდულად. იგი თვითნასწავლი მხატვარია, ძალზე ლამაზი პეიზაჟები და ნატურმორტები აქვს. ჩვენი სტუმრობა ძალიან გაუხარდა. ვნახეთ მისი ახალი ნამუშევრები, მივულოცეთ აღდგომა, ოქონობა, და მალევე დავემშვიდობეთ.

დავბრუნდით თუ არა, ქალბატონი თამარ შერმადინი გვესტუმრა, ძალიან გაგვახარა! არაჩვეულებრივი ქალბატონია, ჰყავს ორი კარგი ქართველი ვაჟკაცი, მთელი ოჯახი მაზიარებელია, მეუღლე სულ რამდენიმე წლის წინ, სრულიად ახალგაზრდა გარდაეცვალა.

მეუფე გვიან დაბრუნდა, დაღლილობა არ ეტყობა (ან არ იმჩნევს). ყველანი კმაყოფილი ვართ. მართლაც, კიდევ ერთი ლამაზი დღე გვაჩუქა ღმერთმა.

27 აპრილი, ოთხშაბათი
ისევ წირვა გავქვს. ამინდი შეიცვალა, აცივდა. დილით ადრე მოვიდა მერი დეიდა. ასე ვეძახით, თორემ თითქმის მისი ტოლი ვარ. კარგი ქალია. უჭირთ ძალიან. შეძლებისდაგვარად ეხმარება მეუფე. ქმარი ინვალიდი ჰყავს, შვილი - უმუშევარი, მისი დასაქმება მთხოვა. მეც მამა კოზმას შევეხვეწე და დავითანხმე, მშენებლობაზე მიეღო სადმე. მაგრამ... მე სპეციალობით მუშაობა მინდა, მუშად ვერ ვიმუშავებო. მეწყინა, დედაც ძალიან ნერვიულობს. ასეც ხდება...

მერი გავაცილე თუ არა, ფხვენისელი ხათუნა მოვიდა, მასთან შეხვედრამ გუნება ცოტა გამომიკეთა. ბავშვის ამბავი ვკითხე და უკეთ არისო. 2008 წლის შემოდგომაზე სოფელში მესანგრეები მუშაობდნენ, მისი 10 წლის ალექსანდრე მძიმედ დაშავდა ერთ-ერთი ოპერაციის დროს. ბავშვმა სახის არეში მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო, მაგრამ, ღვთის წყალობით და კეთილი ადამიანების დახმარებით, გადარჩა. ომის დროს თითქმის ყოველდღე მოდიოდნენ ისინი ჩვენთან. ახლაც, როცა ძალიან გაუჭირდება, ხათუნა გამოგვივლის ხოლმე. ჩვენც ვეხმარებით ხან ფულით, ხანაც - პროდუქტებით, როგორც ვახერხებთ.

ხათუნას ინგა მოჰყვა, ინგას - ტარიელი, ტარიელს - მაკა, მაკას - ნინო... ისინი ცხინვალიდან ლტოლვილები არიან, ხშირად გვიწევს მათთან ურთიერთობა. უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან. მეუფე ანდრია ძალიან უყვართ. მოწყალე მეუფეს ეძახიან. თუ ვინმეს მკურნალობა ან ოპერაცია სჭირდება და თანხა არ ჰყოფნის, ან ბავშვის სწავლის ქირა აქვს გადასახდელი, „იციან, სად უნდა მივიდნენ“.

დღის მეორე ნახევარში ლილი დეიდამ დამირეკა, ცოტა შეწუხებულმა. იგი ეპარქიასთან არსებული საბავშვო ბაღის გამგეა. ბაღი ჯერ არ გახსნილა, მაგრამ დიდი მოთხოვნილებაა, როგორც აღსაზრდელების, ისე თანამშრომლების მიღებაზე. ლილი დეიდას სერიოზული შემოტევების გადატანა უწევს, მაგრამ ის ისეთი ძლიერია, ყველაფერს უძლებს.

ის იყო, მე და ტუკა, ჩვენი პატარა ტერიერი, გორისციხიდან დავბრუნდით, რომ მოვიდა თამრიკო ედიშერაშვილი, ჩვენი მთავარი ბუღალტერი. უკვე ნამდვილად კარგ გუნებაზე დავდექი! საოცარი იუმორის გრძნობა აქვს თამარს, ნამდვილი გორელი და უნიჭიერესი ქალბატონია. ჩქარობდა, დღესასწაული და მეუფის დაბადების დღე მოგვილოცა, ცოტა საქმეზე, ცოტაც „ქვეყნის ამბებზე“ გველაპარაკა და წავიდა.

28 აპრილი, ხუთშაბათი
დილის მსახურება დასრულებულიც არ გვქონდა, როცა დამიძახეს, ვიღაც ქალბატონი სასწრაფოდ ითხოვს შენთან შეხვედრასო. ჩავედი. ნაირა, ჩვენი უპოვარი, დამხვდა, თავზე ბერეტით და შეღებილ-გალამაზებული. კუჭი მაწუხებსო - შემომჩივლა და ბორჯომი მომთხოვა. სურვილი ავუსრულე. გაუხარდა, მაგრამ მისაყვედურა კიდეც, ჩვენთან, ანუ უპოვართა სასადილოში, რატომ აღარ მოდიხარო. საყვედური მივიღე და შევპირდი, რომ აუცილებლად ვინახულებ. ნაირა აფხაზეთიდან ლტოლვილია, ომმა ფსიქიკა დაუზიანა, მაგრამ საკმაოდ მშვიდი და კეთილია. გორში დედასთან ერთად ცხოვრობს.

უპოვართა სასადილო, მეუფე ანდრიას კურთხევით, 2005 წლიდან არსებობს ჩვენს ეპარქიაში და ყოველდღიურად, ერთჯერადად, 300 ადამიანს მასპინძლობს. 2008 წლის ომის დროს, ერთი კვირის განმავლობაში, აქ იკვებებოდა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა - დაახლოებით 800 კაცი - და ყოველდღე 2000 პური რიგდებოდა. ამ ცოტა ხნის წინ პირობების გაუმჯობესების და გაფართოების მიზნით სასადილო გორის სხვა უბანში გადავიტანეთ. ახლა რეზიდენციიდან ცოტა მოშორებით, მაგრამ უკეთეს პირობებში არიან.

დღეს თინათინის დაკრძალვაა. მეუფის კურთხევით საკათედრო ტაძარში დილის 9 საათზე მოასვენეს. წესი აუგეს და ქრისტიანულად დაკრძალეს. ამ შემთხვევამ, როგორც ხდება ხოლმე, ბევრი დააყენა ფილოსოფოსობის ხასიათზე, ალბათ არც მე ვარ გამონაკლისი. სხვას ვერა, მაგრამ ჩემს თავს ვეტყვი, სიკვდილის ხსენება მუდმივად რომ მქონდეს, უდავოდ ნაკლებ ცოდვაში ჩავვარდებოდი ხოლმე.

ხვალ ქვათახევის მოწამეთა ხსენებაა. 23-ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადმოიტანეს 28-ში. მეუფე, როგორც ყოველთვის, ღამისთევის წირვას აყენებს, ამიტომაც მალე ქვათახევის მამებს ვესტუმრებით.

29 აპრილი, პარასკევი
ქვათახევის მამათა მონასტერი. ავდივართ ღამით, ჯერ არ გათენებულა, საოცარი სიმშვიდეა. სტუმრებიც კი ჩურჩულით საუბრობენ, თითქოს ენანებათ სიმყუდროვის დარღვევა. მეუფის მისვლამ დიდი სიხარული გამოიწვია. მსახურება დაიწყო... და ისე მსუბუქად წარიმართა და დამთავრდა, თითქოს, როგორც მეუფემ ქადაგებაში თქვა, ქვათახეველი მოწამეები, რომელთა წამების კვალი დღესაც კი ცხადად ეტყობა ტაძრის იატაკს, დაგვეხმარნენ, რომ ღამისთევა არ გაგვჭირვებოდა. გორში დაბრუნების შემდეგ ცოტა დავისვენეთ და მოგვიანებით სოფელ ბერბუკში ამირან საათაშვილი მოვინახულეთ.

ამირანს ექვსი შვილი ჰყავს და მეშვიდეს ელოდება. ომმა და სტიქიამ საცხოვრებელი სახლი დაუნგრია და გამგეობამ დროებითი თავშესაფარი საბავშვო ბაღის შენობაში გამოუყო. კვირას ამირანი თბილისში უნდა ჩავიდეს და ერთჯერადი დახმარება, 300 ლარის ოდენობით, უნდა მიიღოს საპატრიარქო ტაძარში ქველმოქმედი ადამიანებისაგან. ამირანი თავის ოჯახით ჩვენი უპოვართა სასადილოს წევრია, ამიტომ, როდესაც საპატრიარქოდან დაგვირეკეს, მასზე შევაჩერეთ არჩევანი. ომის დროს, როცა ოკუპირებულ ქალაქში მანქანით გადაადგილება სახიფათო იყო, ამირანი თავისი ცხენითა და ურმით გვეხმარებოდა ჰუმანიტარული ტვირთისა და პროდუქტების დარიგებაში.

30 აპრილი, შაბათი
ღმერთმან ჩვენმან ცათა შინა და ქვეყანასა ზედა ყოველივე რაიცა უნდა ჰქმნა.

დღეს საღამოს ჩაწერაა. გადავხედე ჩემს უნიჭო დღიურს და ძალზედ უკმაყოფილო ვარ. დღიურები არასდროს დამეწერა, ამიტომაც არ გამომივიდა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ფაქტია. ყველა რთულსა თუ მარტივ საქმეს გამოცდილება სჭირდება. მეუფის, გოგა აფციაურისა და ქალბატონი მარინასადმი პატივისცემა რომ არა, უარს ვიტყოდი ჩაწერაზე, მაგრამ არა უშავს, იყოს ნება ღვთისა. შემინდეთ.
XS
SM
MD
LG