Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უპასუხებს ოპოზიცია პრეზიდენტის წინადადებას?


სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანია
სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე და ირაკლი ალასანია
11 მაისის შემდეგ, როცა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ პირველად შეხვდნენ, საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ბევრი არაფერი შეცვლილა. პარალელურად, გაჩნდა შეკითხვები: შესაძლებელია თუ არა დიალოგის გაგრძელება იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მხარეები სხვადასხვა სახით და მასშტაბით ხედავენ; როგორ იმოქმედებს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომლის ერთადერთ მოთხოვნას - გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი - იმავე პრეზიდენტმა თანამშრომლობის შეთავაზებით უპასუხა, და რომელი ოპოზიციური ძალები იმუშავებენ ხელისუფლებასთან ერთად შეთავაზებული 5 მიმართულებით. 12 მაისს ხანგრძლივი კონსულტაციები გაიმართა არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებს შორის.

არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა კვლავაც ერთადერთი და უცვლელია - უპირობოდ გადადგეს პრეზიდენტი სააკაშვილი. ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის შეთავაზებას ოპოზიცია საპროტესტო აქციების კიდევ უფრო გაფართოებისა და გამწვავების გეგმით უპასუხებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის, ინფორმაციით, იწყება მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისისთვის. ამ დღეს თბილისში მასშტაბური ”სამოქალაქო აღლუმი”, სამოქალაქო მსვლელობა გაიმართება: ”მანამდე... აქ აქციები ყოველდღიურად გაგრძელდება... ეს აქციები არ დაიშლება... ყოველდღე გამოგიცხადებთ მეორე დღის კონკრეტულ ტაქტიკურ გეგმებს. იქნება ეს პიკეტირება, რომელიც ასევე განსაზღვრული გვაქვს ამ დღეებში; იქნება ეს რაიონში გასვლა და იქ კერების გაჩენა... და იქნება ეს თბილისის სხვადასხვა რაიონებში გასვლა და ხალხის მობილიზაცია 26 მაისისათვის.”

ლევან გაჩეჩილაძე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების წინაშე მას შემდეგ წარდგა, რაც ნინო ბურჯანაძის პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერთა დაახლოებით 4-საათიანი შეხვედრა დასრულდა. ლიდერები თანხმდებიან, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუკი პრეზიდენტი მოვლენებს ადეკვატურად შეაფასებს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას აღიარებს. 11 მაისს, მიხეილ სააკაშვილთან პირველი შეხვედრის დროს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი იმ სხვა რეალობაში ცხოვრობს, სადაც ყველაფერი შესანიშნავად არის.

ოპოზიციის ამგვარ ხედვას არ ეთანხმება მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. მას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი პრობლემებსაც ხედავს: ”ქვეყანაში არის რთული სიტუაცია... პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ ნათლად ჩამოაყალიბა, რომ ქვეყანაში არის პრობლემები, ქვეყანაში გვაქვს რუსული აგრესიის შედეგები, ქვეყანაში გვაქვს ეკონომიკური პრობლემები, ქვეყანაში არის სხვა ტიპის პრობლემები, რომლებსაც უნდა გადაჭრა.”

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება სხვადასხვა კრიზისზე და სხვადასხვა კონტექსტში საუბრობენ, მიხეილ მაჭავარიანს იმედი აქვს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც დიალოგის გაგრძელების პროცესს დაუჭერენ მხარს. აქვე გავიხსენოთ, თუ რა საკითხების გარშემო შესთავაზა ერთობლივი მუშაობა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს 11 მაისს გამართული შეხვედრის მსვლელობისას. სახელდება 5 პუნქტი. ესენია: საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნა, რომლის თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს; საარჩევნო კოდექსზე ერთობლივი მუშაობა; სასამართლოს რეფორმირების პროცესში აქტიური ჩართვა; სხვადასხვა უწყების მუშაობაში ჩართვა; ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და მე-2 არხის რეორგანიზება.

კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებასთან ერთობლივი მუშაობის სურვილი უკვე გამოხატეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა. მაგალითად, პროცესებში აქტიურ ჩართვას აპირებს გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კი მიხეილ მაჭავარიანის იმედი უკავშირდება ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერს ირაკლი ალასანიას, რომელსაც მართლაც არაერთხელ გაუსვამს ხაზი დიალოგის აუცილებლობისთვის. თუმცა ალასანიას გუნდი კვლავაც მხარს უჭერს საპროტესტო აქციებს და ხალხის მიერ ქუჩაში გამოხატულ სამართლიან პროტესტს. მათ კი, ვისაც ალასანიას გუნდი რაიმე სახის გარიგებაზე წამსვლელ ძალად წარმოუდგენია, 12 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე საგანგებო განცხადებით მიმართა ამ გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ: ”მოვედით აქ და ვდგავართ იმიტომ, რომ გვინდა შეიცვალოს ცხოვრება, შეიცვალოს ეს ხელისუფლება... მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გვინდა მშვიდობიანად მოხდეს ყველაფერი... წავიდნენ აქედან და ახალი არჩევნებით, ახალი საშუალებებით მოვიდეთ და ხალხთან ერთად ვმართოთ ეს ქვეყანა... ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქციები უნდა გაგრძელდეს მანამდე, სანამ არ მივაღწევთ ამ ცვლილებას. დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ამას შედეგი ექნება.”

რა შემთხვევაში ექნება შედეგი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს?
სამოქალაქო საზოგადოების მიერ არჩეული ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, კავკასიის ქალთა ქსელის თავმჯდომარე ნინო ციხისთავი ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული თანამშრომლობა კრიზისის აღიარების გარეშე შეუძლებელი იქნება: ”საეჭვოა, რომ ამ 5 პუნქტზე გაიშალოს სრულფასოვანი მუშაობა, თუკი თავიდანვე არ იქნება მიღწეული შეთანხმება შეფასებაზე - არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში... ეს არის ერთ-ერთი მთავარი საბაზო საკითხი, რის შემდეგაც უკვე უნდა წავიდეს საუბარი იმაზე, მოილაპარაკებენ თუ არა, განიხილავენ თუ არა შეთავაზებულ პუნქტებს... როგორ და რანაირად განვითარდება მოლაპარაკების ეტაპები.”

საზოგადოებრივი ნდობის ჯგუფი, რომელსაც ნინო ციხისთავი წარმოადგენს, კვლავაც ითხოვს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას. თუკი ეს შეხვედრა შედგება, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტს პრობლემების ვრცელი ნუსხით ეწვევიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG