Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასაპარლამენტო ოპოზიცია დიპლომატებს შეხვდა


პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უკვე მეორე დღეა, დაპირისპირებული მხარეებისგან უშუალოდ კრებენ საჭირო ინფორმაციას. ინფორმაცია, ძირითადად, შეეხება ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამომავლო გეგმებსა და დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობებს. 13 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თბილისის მერთან გამართული დისკუსიის შემდეგ, დღეს, 14 მაისს, დიპლომატები არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციიდან საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს 4 პოლიტიკური ლიდერი - ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი - შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან „საქართველოს გზის“ თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დიპლომატებთან ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ცდილობს და მას ქალთა საპყრობილეში მომხდარი ბუნტის ერთ-ერთ ორგანიზატორად ასახელებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, ინფორმაცია მან ამერიკის ელჩ ჯონ ტეფტისთან გადაამოწმა და დადებითი პასუხიც მიიღო. ის კი, რაც თავისი ყურით თურმე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე 11 მაისს მოისმინა, შემდეგია:
“თურმე მე ვარ გრუს აგენტი, თურმე ნინო ბურჯანაძეს რუსული ფული მოსდის, მან ასევე ახსენა ის კადრები, რომლებიც იყო 2007 წელს დატრიალებული გოგა ხაინდრავაზე და სხვებზე, რომ ჩვენ გვაქვსო საბუთებიო. თუ აქვთ რამე დასაბუთება რომელიმე ამ ფაქტზე, დადონ დღეს, თუ არადა, გაჩუმდნენ სამუდამოდ.“

სალომე ზურაბიშვილის განცხადების თანახმად, ესაა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის ერთ-ერთი, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი, დეტალი. არასაპარლამენტო ოპოზიციის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაც დახურული იყო. შესაბამისად, ძნელია იმის განსაზღვრა, პრეზიდენტთან შეხვედრის კიდევ რა დეტალები გაუმხილა ოპოზიციამ საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების ელჩებს. ის კი, რაც საჯაროდ გახმოვანდა, არის ოპოზიციის მოსაზრება ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების პერსპექტივისა და სამოქმედო გეგმების შესახებ. ეს სამოქმედო გეგმები - კერძოდ, პრეზიდენტის ხუთპუნქტიანი შეთავაზება და მისი რეალიზების ხერხები და საშუალებები - უმრავლესობის წევრებმა დიპლომატებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 13 მაისს გააცნეს. რაზე ესაუბრნენ, თავის მხრივ, ოპოზიციონერები ელჩებს?

“შეკითხვები იყო დაზუსტებითი, ჩვენს სტრატეგიასთან, ტაქტიკასთან დაკავშირებით, შესაძლო მოლაპარაკებების თემებთან დაკავშირებით. რთულია რაიმე ტიპის მიღწევებზე საუბარი ამ ხელისუფლების ხელში - ესაა პოზიცია, რომელიც მე გავახმოვანე”, - განმარტა ნინო ბურჯანაძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ კი დასძინა, რომ დიპლომატებს არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტთან მოლაპარაკების გაგრძელების შესაძლებლობების თავიანთი ხედვის შესახებ გაუზიარეს მოსაზრებები. მისივე თქმით, ელჩების მხრიდან ცალსახადაა მხარდაჭერილი დაპირისპირებულ მხარეთა შორის დიალოგის გაგრძელების იდეა. სხვა მხრივ კი ისინი ნეიტრალიტეტს ავლენენ და საქართველოს შიდა პრობლემებში ჩაურევლობის პოლიტიკას ახორციელებენ.

”ამ სიტუაციაში გამოსავალი უნდა იყოს მშვიდობიანი დიალოგი და ამიტომ ასეთი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს დიდ ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.

სხვა ტიპის რეკომენდაციები შეხვედრაზე პრაქტიკულად არ ყოფილა. რაც შეეხება შეთავაზებას, იგი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გაგვაცნო:

”დიპლომატებმა განაცხადეს, რომ, თუ შეთანხმება მიღწეულ იქნება, მზად არიან ამ შეთანხმების შესრულების მონიტორინგში ჩაერთონ. ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამას სჭირდება ჯერ პრობლემის მოგვარება.“

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გვითხრა ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა დიპლომატებს სთხოვეს თავიანთი მანდატის ფარგლებში დაიკავონ პრინციპული პოზიცია, რადგან საქმე საქართველოს უსაფრთხოებასა და ქვეყანაში დემოკრატიის სტანდარტების დამკვიდრებას ეხება.
XS
SM
MD
LG