Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ-ბარადეი ბირთვული იარაღის გავრცელების რეალურ საფრთხეზე საუბრობს


“მსოფლიოს 20-მდე ქვეყანას შეუძლია მალე განავითაროს ატომური იარაღის შექმნის ტექნოლოგია”, ამბობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ-ბარადეი, რომელიც ნოემბერში აპირებს თანამდებობა დატოვოს. ელ-ბარადეიმ ბრიტანეთის გაზეთ “გარდიანს” მისცა ინტერვიუ, რომელშიც გამოთქვამს აზრს, რომ ერთადერთი გზა, თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოთა რიცხვის გაორმაგება და გასამმაგებაც კი, არის ატომური ბომბით აღჭურვილი ქვეყნების განიარაღება რაც შეიძლება სწრაფად და ბირთვული გამოცდის, ასევე ბირთვული მასალების წარმოების საერთაშორისო აკრძალვის დაწესება.

გაზეთ “გარდიანისთვის” მიცემულ - პარასკევს გამოქვეყნებულ - ინტერვიუში ელ-ბარადეი აცხადებს, რომ “ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულება” საფრთხის წინაშეა. მისივე აზრით, პოტენციური ბირთვული სახელმწიფოების რიცხვი, სულ მცირე, გაორმაგდება, თუკი მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამენ განიარაღების მიზნით. ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი აღწერს იმ “ვირტუალური ბირთვული” სახელმწიფოების მოქმედების მოსალოდნელ სცენარს, რომლებსაც შეუძლიათ განავითარონ ბირთვული იარაღის შექმნის ტექნოლოგია, მაგრამ ”გაუვრცელებლობის ხელშეკრულების” პირობებს ჯერჯერობით იცავენ. ელ-ბარადეი აცხადებს, სულ მალე აღმოვჩნდებით ვითარებაში, როცა არაერთ ქვეყანას შეეძლება რამდენიმე თვეში შექმნას ბირთვული იარაღი, თუკი ამას მოინდომებსო. ამ მხრივ, ელ-ბარადეი გამოყოფს ახლო აღმოსავლეთს, რეგიონს, რომელსაც ის უწოდებს ბომბს, რომელიც როდის აფეთქდება, არ ვიცით. ელ-ბარადეიმ “გარდიანს” ეს ინტერვიუ მისცა ახლა, როცა ”ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების” მომამზადებელი კომიტეტი გაეროს შტაბბინაში ასრულებს ორკვირიან შეხვედრებს, რომელთა მიზანი ხელშეკრულების განახლებაა. ელ-ბარადეი 11 წელიწადია სააგენტოს განაგებს და, როგორც ითქვა, წელს, ნოემბერში, თანამდებობას ტოვებს. ატომური ენერგეტიკის სააგენტო წევრი ქვეყნები ახლა პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩაბმული, ვინ იქნება ელ- ბარადეის მემკვიდრე. სანამ თანამდებობაზეა, ელ- ბარადეი ”გაუვრცელებლობის ხელშეკრულების” განახლებისკენ მოწოდებით გამოდის:

“ჩემი აზრით, ახლა შესაფერისი დროა გადავხედოთ ”გაუვრცელებლობის” რეჟიმს, რომელიც შემოვიღეთ 1970-იან წლებში იმ მიზნით, რომ ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო გვქონოდა.”

”გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება” ეგრეთ წოდებული “ცივი ომის” ეპოქის პროდუქტია.ამ გარიგებით, ბირთვული ბომბის მქონე ხუთ ქვეყანას უნდა მიეღწია იმისათვის, რომ სხვებსაც არ შეექმნათ ასეთი იარაღი. ამავე ხელშეკრულების სხვა პუნქტებია: განიარაღება და ბირთვული იარაღის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება. მაგრამ ინდოეთმა, პაკისტანმა და ჩრდილოეთ კორეამ, ამ ხელშეკრულების გარეთ, მოახერხეს ბირთვული იარაღის განვითარება. მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ, უკვე ორმოცი წელიწადია, ისრაელსაც აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა ამის თაობაზე ეს ქვეყანა განცხადებას არ აკეთებს. ელ-ბარადეი ამბობს, რომ ოთხი მთავარი თემაა, რომელზეც ახლაა საჭირო მუშაობა, ხელშეკრულების მიღებიდან 37 წლის შემდეგ, და ესენია: “ბირთვული განიარაღება, კონტროლი, ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვა და მომარაგების საერთაშორისო კოორდინაცია.”

ელ-ბარადეი ერთი თვის წინ ამბობდა, დარწმუნებული ვარ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი წინ გადადგამენ ნაბიჯს თავიანთი ბირთვული არსენალების შემცირების მიმართულებითო. ელ- ბარადეი მოელის, რომ ეს პრეზიდენტები იმუშავებენ გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებაზე, რაც მოიტანს სამხედრო მიზნებით ბირთვული მასალების შექმნის აკრძალვას, ასევე არსებული იარაღის განთავსების შეცვლას:

“ეს ყველაფერი სასწრაფოდაა გასაკეთებელი, რათა შეიქმნას ახალი გარემო, რომელშიც, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, აღარ ვიქნებით ბირთვულ იარაღზე დამოკიდებული და შეიქმნება გარემო, - უსაფრთხოების სისტემა, - სადაც არ იქნება საჭირო ბირთვული იარაღი. ეს უცბად, ერთ დღეში, არ მოხდება. მაგრამ საჭიროა დაწყება,დაწყება სწორედ ახლა.”

”ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების” მომამზადებელ კომიტეტში აშშ-ის წარმომადგენელმა როუზ გოტემიოლერმა დაადასტურა, რომ ობამას ადმინისტრაცია ბირთვული იარაღის მარაგის შემცირების მომხრეა, მაგრამ გოტემიოლერმა იქვე განაცხადა, რომ ეს ასე სწრაფად არ მოხდება.

მიმომხილველები აკრიტიკებდნენ აშშ-ის წინა პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, რომ მან ”გაუვრცელებლობის ხელშეკრულების” თაობაზე შეხვედრები ირანის და ჩრდილოეთი კორეის ბრალდების არენად აქცია. ზოგი მათგანი ახლა ფიქრობს, რომ ობამას ადმინისტრაცია მართლაც აპირებს განიარაღებეზე მუშაობას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG