Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალები


პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის 28 მაისს ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი შეტაკება
პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის 28 მაისს ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი შეტაკება
პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის 28 მაისს ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ შეტაკებასთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაციით, 2 ეჭვმიტანილი დააკავეს. იძებნება კიდევ 3 ეჭვმიტანილი. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, დაკავებული იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია დილამდე არ არსებობდა. ასევე განსხვავებულია მონაცემები დაჭრილებსა და დაშავებულებთან დაკავშირებით. ოპოზიციის ლიდერები 28 მაისს მომხდარს ხელისუფლების მიერ წინასწარ განზრახულ პროვოკაციად მიიჩნევენ, მაშინ როცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებების მიხედვით, ძალადობა ერთმნიშვნელოვნად ოპოზიციის აქტივისტებს მიეწერებათ. სახალხო დამცველი ფაქტის ობიექტურ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ 28 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარი დაპირისპირების დროს, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცივი იარაღით პოლიციის ხუთი თანამშრომელი დაჭრეს. ისინი პოლიციის ოპერატიული ჯგუფის თანამშრომლები არიან, რომლებიც ადგილზე კოლეგის დასახმარებლად მივიდნენ. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე, რომელიც მიმდინარე პროცესების ვიდეოკამერით გადაღებას ცდილობდა, თუმცა მომიტინგეებმა მას ეს არ აცალეს, ”ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს ერთ-ერთ სადარბაზოში. მან მოახერხა ტელეფონის საშუალებით შეეტყობინებინა პოლიციის თანამშრომლებისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელებისგან ორს - რამაზ შიუკაშვილსა და ვახტანგ ბოჭორიშვილს - გულმკერდისა და მუცლის არეში საკმაოდ მძიმე ოპერაციები ჩაუტარდა, თუმცა მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. დაჭრილები საავადმყოფოში სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ”პოლიციელებზე თავდასხმად” აფასებს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ოპოზიციონერი ლიდერები. ჯერ ერთი, მათი მტკიცებით, პოლიცია თავად დაესხა თავს მომიტინგეებს და, თანაც, სამართალდამცველების ამოცნობა ძნელი იყო იმის გამო, რომ ისინი ფორმებში არ იყვნენ გამოწყობილი. მაგალითად, ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ ფორმიანი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს ხალხი აბსოლუტურად დაემორჩილება და, მეტიც, საჭიროა, რომ პოლიციელები მიდიოდნენ აქციის კერებში, ოღონდ ისევ და ისევ შესაბამისი უნიფორმებით. 29 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე ბურჯანაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა:

”ჩააცვით პოლიციელებს ფორმა. თუ პოლიციელები არიან, რატომ გვივარდებიან სამოქალაქო ტანსაცმლით, ხელკეტებით და მასკებით?”

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, როგორც ვთქვით, მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად ოპოზიციის აქტივისტებს აკისრებს. და ეს კარგად ჩანს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის კომენტარიდანაც:

”ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის ბოლო დანაშაული, ასე ვთქვათ, ამ საპროტესტო აქციების ფონზე. მართლა მთელი გულით მინდა მჯეროდეს, რომ აქციის ორგანიზატორებს რეალურად უნდათ მშვიდობიანი ფორმებით გამოხატონ თავიანთი აზრი და შეხედულებები. ამას ჩვენ მივესალმებით, ჩვენ ამ უფლებას დავიცავთ როგორც ჯგუფისთვის, ისე ყოველი კონკრეტული ადამიანისთვის. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 28-29 მაისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებებში საერთოდ არაფერია ნათქვამი ოპოზიციის აქტივისტებზე, რომლებიც 28 მაისს რუსთაველის გამზირის მიმდებარე ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. არადა, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაახლოებით 20 ადამიანი სხვადასხვა ხანგრძლივობით საავადმყოფოში მოხვდა და რამდენიმეს ძლიერი ცემის კვალიც ეტყობა, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. რამდენიმე ასეთი დაშავებული სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ხუთშაბათ ღამით საკუთარი თვალით ნახა:

”მე პირადად ვნახე 3 ადამიანი, რომლებიც პრაქტიკულად ფეხზე ვერ დგებოდნენ, უსასტიკესად იყვნენ ნაცემი, დაზიანებები ჰქონდათ სახის არეში, მთელ ტანზე ჰქონდათ დაჟეჟილობები... ჩვენ ვაწარმოებთ საქმის შესწავლას და ვცდილობთ მოვნახოთ ყველა მოწმე, რომელიც იქ იყო, რომ უფრო სრული სურათი შეგვექმნას.”

ამის გამო სახალხო დამცველი ამ ეტაპზე თავს იკავებს საბოლოო დასკვნების გამოტანისგან, თუმცა ამბობს, რომ ხუთშაბათს მომხდარი ფაქტი ქვეყანაში დაუსჯელობის ბატონობამ გამოიწვია:

”როდესაც 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბრის განმავლობაში უამრავ ადამიანს სცემეს და არც ერთი საქმე არ იქნა გამოძიებული; როდესაც მე გავაკეთე განცხადება, რომ მაქვს მტკიცებულებები, როგორ დაიგეგმა ეს ცემების პოლიტიკა 2007 წლის 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა გენერალური პროკურორი, თავდაცვის მინისტრი და რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი.... და ამას არ მოჰყვა არანაირი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ამაზე არ შეიქმნა საპარლამენტო-საგამოძიებო კომისია; როდესაც არ მოხდა გამოძიება არც ერთი იმ ცემის ფაქტის, რაც მოჰყვა 2008 წლის 21 მაისის არჩევნებს, - 14 საქმე გვაქვს ჩვენ დოკუმენტირებული; როდესაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ აპირებს მორატორიუმი გამოაცხადოს ყველა იმ დარღვევაზე, რაც 9 აპრილის შემდეგ მოხდა, ბუნებრივია, რომ შედეგი, საბოლოოდ, არის, აი, ასეთი დიდი დაპირისპირება.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG