Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


კოკოითი მედიის წარმომადგენლებს ხვდება
კოკოითი მედიის წარმომადგენლებს ხვდება
სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. წინასწარი შედეგები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. 31 მაისს არჩევნების მიმდინარეობისას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ოპოზიცია სერიოზულ დარღვევებზე საუბრობდა. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალბერტ ჯუსოევმა რადიო "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ცხინვალში ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და შეიარაღებული ფორმირებები მათ აიძულებდნენ, ხმა მმართველი პარტიისთვის „ედინსტვოსთვის“ მიეცათ. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე დაბა კვაისაში ჯუსოევის ნათესავები არჩევნების ბოიკოტირების მოწოდებების და პროკლამაციების გავრცელების ბრალდებით დააპატიმრეს. წინასაარჩევნო პერიოდში კი დეფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციიდან ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერი ვიაჩესლავ გობოზოვი მოხსნა. კენჭისყრის დასრულებამდე გობოზოვი კოკოითის მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობაზე ალაპარაკდა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება ეჭვქვეშ დააყენა:

„მინდა ერთი რამ შეგახსენოთ. დაახლოებით იანვარში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება აფხაზეთში. ვფიქრობ, ის კარგად ჩატარდება. და თუკი დღეს ჩვენი არჩევნები სკანდალებით ჩაივლის, აფხაზური არჩევნები კი კარგად ჩატარდება - მაშინ გარწმუნებთ, რომ მომავალ წელს დაიწყება აფხაზეთის აღიარება, სამხრეთ ოსეთს კი დაივიწყებენ. ამიტომ მოვუწოდებ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს ჩვენი პარტიის წერვებზე ზეწოლა... იქნებ ჩვენი ჩინოვნიკებიდან ვინმემ კიდეც მოიგოს, შეინარჩუნოს თავისი სავარძელი, პარლამენტში მოხვდეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თვალხილულ მომავალში ჩვენს რესპუბლიკას არავინ ცნობს," – აღნიშნა გობოზოვმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდა და ამომრჩეველმა არჩევანი 4 პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიას შორის გააკეთა. გამარჯვებული პარტიები 34-ადგილიან პარლამენტს დააკომპლექტებენ. არჩევნებში მონაწილეობენ: მმართველი პარტია „ედინსტვო“, კომუნისტური პარტია, სახალხო პარტია და სოციალისტური პარტია. დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სამხრეთ ოსეთში 52 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ცხინვალის მე 5 სკოლაში დააფიქსირა. მან ოპოზიციის ბრალდებებს არ უპასუხა და რუსულ და ოსურ მედიასთან საუბარში განაცხადა რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და ობიექტურად მიმდინარეობდა. კოკოითიმ საქართველოს ხელისუფლება ახალგორის რაიონში ეთნიკურ ქართველ ამომრჩევლებზე ზეწოლის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„იყო რესპუბლიკის მოსახლეობაზე ზეწოლის განხორციელების მცდელობები, განსაკუთრებით ლენინგორის რაიონში, სადაც საქართველოს ხელმძღვანელობა ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება ქართული ეროვნების ყველა მოქალაქეს, ვინც მიდის და კენჭისყრაში იღებს მონწილეობას. მაგრამ ისინი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები არიან, ისინი საიმედოდ არიან დაცული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, საიმედოდ არიან დაცული რუსეთის მესაზღვრეების მიერ და ისინი გულდამშვიდებით მიდიან და მონაწილეობენ კენჭისყრაში. აი, ეს არის დღეისთვის ჩვენი ყველაზე დიდი გამარჯვება," – თქვა ედუარდ კოკოითიმ.

კოკოითის ხელისუფლების ინტერესი ახალგორის რაიონის მიმართ მაღალია, რადგან ოკუპირებულ რაიონში უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ. წინასაარჩევნო პერიოდში დეფაქტო ხელისუფლება მათ არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმებას სხვადასხვა დაპირებებით ცდილობდა, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რაიონი დატოვა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, ახალგორელები ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე კვირასაც გადადიოდნენ. მათი თქმით, არჩევნების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი დაბალია და საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა არ შეინიშნება, ოსური ტელევიზიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟშიც გამოჩნდა, რომ ახალგორის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მხოლოდ ორი ადამიანი იყო მისული ხმის მისაცემად.

ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის, ავთანდილ ყოჩიშვილის განცხადებით, რაიონში დარჩენილი მოსახლეობის მცირე ნაწილი, ძირითადად მოხუცებულები, კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად იძულებულნი გახდნენ, არჩევნებზე წასულიყვნენ. „მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია დარჩენილი ახალგორში, 80 პროცენტზე მეტი გამოსულია რაიონის საზღვრებიდან. ვინც დარჩენილია, როგორც მე ვიცი, კანტიკუნტად მიდის არჩევნებზე. აქტივისტები სოფელ-სოფელ მანქანებით დადიან და ეუბნებიან, რომ უნდა გამოხვიდეთ არჩევნებზე, ვინც არ გამოვა პრობლემები შეექმნება“ – აღნიშნა ყოჩიშვილმა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები თბილისში არალეგიტიმურად და არაკანონიერად შეაფასეს. სახელმწიფო მინისტრამა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჯიმის მიერ ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების თვალში ლეგიტიმური ვერ იქნება: „რასაც ისინი არჩევნებს ეძახიან,ძალიან შორს დგას არჩევნებისგან. ჩვენ ვნახეთ, რომ, არ ვიცი მე, რა ფასად იყიდეს უცხოური პასპორტის მქონე ვითომ დამკვირვებლები, რომლებიც არავის წარმოადგენენ თავიანთი თავის გარდა და ცდილობენ რომ ამით რაღაც გაამართლონ, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთ არასერიოზულ ქმედებებს ვინმემ ლეგიტიმაცია მისცეს.“

დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს ძირითადად ოსური და რუსული მედია აშუქებს, ცხინვალში რამდენიმე უცხოელი ჟურნალისტიც ჩავიდა. ქართული მედია დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით ამ არჩევნებს ვერ აშუქებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს იქ საკუთარი წარმომადგენლები არ გაუგზავნიათ, რუსი დამკვირვებლები საკუთარ თავს საერთაშორისო დამკვირვებლებს უწოდებენ და არჩევნების ობიექტურობაზე აკეთებენ განცხადებებს. დარღვევებზე ოსი ჟურნალისტებიც ალაპარაკდნენ. ინტერნეტ-გამოცემა "კავკაზსკი უზელს" ოსმა ჟურნალისტმა ალან ცხურბაევმა აცნობა, რომ დაბა კვაისას შესასვლელში მთელი დღის განმავლობაში ოსური ომონი იდგა და იქ ჟურნალისტებს არ უშვებდა და არც მიზეზს განმარტავდა. კვაისა ალბერტ ჯუსოევის რაიონია და იქ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. ოპოზიციის აზრით, ომონის მიერ იქ ჟურნალისტების არ შეშვება არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG