Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის მოთხრობების საუკეთესო თხუთმეტეული წიგნად გამოვიდა


2008 წლის საუკეთესო თხუთმეტი მოთხრობა წიგნის მაღაზიებში უკვე იყიდება. ივნისის ბოლოს კი ამ კრებულის პრეზენტაციაც იგეგმება.

წლის 15 საუკეთესო მოთხრობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ უკვე მეექვსედ გამოსცა. ნაცნობი და უცნობი სახელები ამ თხუთმეტეულში ასე გამოიყურება: ნიკუშა ანთაძე - ”მე შიშველი ვარ”; მიშა ბახსოლიანი - ”A perfect day Elise”; ზაზა ბურჭულაძე - “შვიდი ბრძენი”, ლაშა ბუღაძე - “აქ იყო თემურ მამუკელაშვილი”, ხათუნა თავდგირიძე - “დონ მანუელი და ოქროს თევზი”, ნინო თარხნიშვილი - “ჩემი პატარა პეკინელი საყვარელი ანი ჩემი ცოლის ჩინური თმა”, თეა თოფურია - “მორჩეს კინო”, ზურაბ ლეჟავა - “თქვენი ბაბოც გავათხოვე”, გურამ მეგრელიშვილი - ”Hello America”, გურამ ნავროზაშვილი - “Red Alert”; ვასილ სახვაძე - ”პასტის, ანუ კალმის, მანიაკი”; დათო ქარდავა - ”ვინ არის ვარსქენი”, არჩილ ქიქოძე - ”ლოთები”, ნუგზარ შატაიძე - ”გიორგობისთვე”, ბესო ხვედელიძე - ”სიზმრის ახსნა”.

ამ თხუთმეტი მოთხრობის შერჩევა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ლელა ცისკარიშვილს მიანდო. ისიც მთელი 2008 წლის განმავლობაში პროზაიკოსების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა. 15 საუკეთესო შეირჩა, წიგნად გამოიცა და მალე მისი პრეზენტაციაც იქნება. კრებულის შემდგენელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, რომ ასეთი კრებულის არსებობა განსაკუთრებით დამწყები მწერლებისათვის ერთგვარი ტრამპლინია - დიდი ლიტერატურისკენ, თუმცა ის რამდენიმე ადამიანის აზრს გამოხატავს და განსაკუთრებული ამბიცია არ გააჩნია. ”ეს არის უამბიციო კრებული, - აფრთხილებს კრებულის შემდგენელი მკითხველს, - და არ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ მართლა საუკეთესო მოთხრობებია, ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მიერ შერჩეული მოთხრობებია”.
ეკა ქევანიშვილი

ეს კრებული 2008 წლის პროზის ერთგვარი მოსავალია, წარმოდგენილი სხავდასხვა თემატიკისა და სტილის მოთხრობებით. თუ მოინდომებთ, თქვენს მოთხრობასაც იპოვით.

”შევეცადე, რომ რაღაც ბალანსი დამეცვა და ყოფილიყო სხვადასხვა თემატიკის მოთხრობები შესული. ყველას თავისი მოთხრობა რომ ჰქონოდა”, - ამბობს ლელა ცისკარიშვილი.

ნინო თარხნიშვილი
”პეკინელმა”, როგორც ნინო თარხნიშვილის გრძელსათაურიან მოთხრობას საბოლოოდ შერჩა სახელად, შარშან ლიტერატურული წეროს მესამე პრემია აიღო, წელს კი, თეა თოფურიასა და ხათუნა თავდგირიძის მოთხრობებთან ერთად, 13 კაც მწერალს შორის მოხვდა და პირველი სამი საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს.

”სულ არ ყოფილა ძნელი პატარა პეკინელი გოგონას მოკვლა. მით უმეტეს, როცა ძალიან გიყვარს. აკრძალული ქალაქის შესასვლელში პატარა ქვაზე ვზივარ. კალთაში ჩემი პატარა პეკინელი საყვარელი მიზის და ცალი ხელით სათამაშო კურდღელს ეფერება, ცალი ხელით ხის ჯოხზე წამოცმულ შემწვარ ბაყაყს ჭამს. ფეხები ჩემს მუხლებზე უწყვია და ისევ ის გამოყვითლებული საცვალი აცვია, რომელიც ორი დღის წინ ეცვა. რაღაცას ღიღინებს და ბაყაყის ხორცით გამოტენილი ლოყით ჩემს ტუჩებს ეხახუნება. მეც ვკოცნი, გასაპარსი წვერით ვჩხვლეტ და მეღუტუნებაო, იდაყვით მიშორებს და ისე იცინის, როგორც მარტო 6 წლის პატარა პეკინელი გოგონები იცინიან. ყელში საძილე არტერია უფეთქავს და იაფფასიანი ვარდის სურნელი ასდის. რამდენიმე საათში პეკინიდან მივდივარ. ის გაიზრდება, გახდება ერთი უასაკო და თითქმის უსქესო ჩინელი, რომელსაც თვალები დაუწვრილდება, აყროლებული ბრინჯის სუნი აუვა და დღეში მინიმუმ 9 ტურისტს შესთავაზებს SEX and MASAGE-ს.”

ეს ნაწყვეტია, თორემ ამ უცნაური მკვლელობის ამბავი მოთხრობაში უფრო საინტერესოდ გრძელდება. არადა, პეკინში არასოდეს ყოფილა:

ნინო თარხნიშვილი: ”პეკინი თვალით არ მინახავს და ზუსტად ვიცი, რომ არასდროს მოვხვდები, ძალიან შორსაა. იქ ჩემი მეუღლე იყო და როდესაც ჩამოვიდა, იმდენად ძლიერი იყო მისი შთაბეჭდილებები, ისე ჰყვებოდა ამ ყველაფერს, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა.”

”პეკინელის” ავტორი მაინც ფიქრობს, რომ ეს სიმბოლური კრებულია. ლიტერატურის მოყვარულთა ერთი ნაწილისთვის ეს 15 იქნება საუკეთესო, მეორე ნაწილისთვის კი სხვა. კიდევ ერთი ავტორი, ზაზა ბურჭულაძე, რომელსაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში კარგად იცნობენ, 15 საუკეთესო მოთხრობის ხარისხზე არ ლაპარაკობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ის ერთია და მას ჯერჯერობით ალტერნატივა არ გააჩნია:

”ჩვენ ვერ ვიტყვით ეს კრებული კარგია თუ ცუდი, რადგან მას ვერაფერს შევადარებთ. ადამი ვერ იტყვის ევაზე, ის კარგი ქალია თუ ცუდი, რადგან ერთია. აქაც სხვა ასეთი კრებული, ასეთი პრეტენზიული სათაურით, არ არის.”

მიშა ბახსოლიანი
მიშა ბახსოლიანის - ლიტერატურული ფსევდონიმით, იმავე ”არყის ბიჭის” - სახელი ბოლო ერთი წელია ლიტერატურულ პორტალებზე გამოჩნდა. მის მოთხრობებს ხანდახან ტარანტიტოს სცენარებს ადარებენ.”A perfect day Elise” ჰქვია მოთხრობას, რომლის ფინალიც ასეთია:

”მერე მერიმ ორივე დახოცა, აკანკალებული მანქანაში ჩამსვა და დიდხანს მკოცნიდა შუბლზე:
-ნუ, ნუ ტირი, დამშვიდდი, ყველაფერი დამთავრდა. ახლა სახლში მიხვალ, ცხელ ჩაის დალევ, დაიძინებ და დილით არაფერი გემახსოვრება. არც ის, რომ ფეხი კინაღამ მოგტეხე, არც შენი შეფი, რომელმაც სამსახურიდან გამოგაგდო, არც ცოლი, რომელსაც შენი ძმაკაცი პირში აძლევდა...
- ის ჩემი ძმაკაცი არ იყო.

- ჩუ, ჩუ, ნუ ტირი...რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იყო. ის აღარ არის, უკვე მოკალი და აღარასდროს გაგახსენდება; არც ეს ახვრები გაგახსენდებიან, არც ის ბაბუ, ზემოთ რომ დევს და სისხლისგან იცლება, ხვალიდან შენ ახალ ცხოვრებას დაიწყებ...
მე გული წამივიდა, მერიმ კი მანქანა დაქოქა და სახლში წამიყვანა. დამპირდა ამ ჩემოდანს ფულად გადავაქცევ, დილით გამოგივლი და ბათუმამდე ჩაგიყვანო, მაგრამ დამადო. სამაგიეროდ კი, თქვენ მოხვედით, ბატონო ინსპექტორო, და ტვინს მიტყნავთ: წამოდით თქვენ ბრალი გედებათ ხუთი ადამიანის მკვლელობაშიო. ვგავარ ახლა მე ხუთი კაცის მკვლელს?.. დამაკვირდით. კარგად დამაკვირდით... აბა, რას იტყვით?
- რატომაც არა...

წერს ისე, როგორც ესმის და იმას, რასაც ხედავს.

მიშა ბახსოლიანი: ეს არის თაღლითური დეტექტივი. ადამიანს, რომელსაც ნანახი გაქვს ასი დეტექტიური ჟანრის ფილმი, ფილმიდან უკუღმა სცენარი რომ დაწერო, გამოგივა ასეთი რაღაც. მე უფრო ნატურალურად ვწერ, ვწერ ისეთი სიტყვებით, რომელიც, ჩემი აზრით, ბუნებრივია და რასაც ვიყენებთ, რაც ხდება და როგორც მახსენდება.რაც დამიწერია, ეს არის ჩემი ცხოვრების მონაკვეთები 16-დან 20 წლამდე. მშვენიერი შანსია, რომ ამით ფული ვიშოვო. ეს 15 საუკეთესო მოთხრობა კი არის ორთვიანი უფასო იმედი.”

გურამ ნავროზაშვილი
გურამ ნავროზაშვილიც ახალბედაა. მისი მოთხრობა კომპიუტერული თამაშის ზემოქმედებით დაიწერა:

”მოთხრობაში ქვესათაურებად გამოყენებული მაქვს ერთ-ერთი კომპიუტერული თამაშიდან ამოღებული ფრაზები. სათაურიც მაგ თამაშს ჰქვია. იყო პერიოდი, ძალიან ხშირად ვთამაშობდი ამ თამაშს და, რომ იტყვიან, ჩათრეული ვყავდი. მოთხრობის სიუჟეტი ამ თამაშს არ უკავშირდება, მაგრამ შთაბეჭდილების ქვეშ და რამდენიმე პერსონაჟის გამო დავწერე ეს მოთხრობა”.

15-ში კიდევ ერთი გურამი მოხვდა, ოღონდ მეგრელიშვილი, იგივე ზემხა, რომლის მოთხრობების ბოლო კრებულს ”მრავალჯერადი ბოთლები” ”ყველაზე მაგარი მოთხრობებია ბოთლებში და ყველაზე მაგარი ბოთლებია მოთხრობებში” უწოდეს. ეს ისე, ხუმრობით. გურამ მეგრელიშვილის ”ჰელლო, ამერიკა” გაცილებით სერიოზულ ამბავზეა: ” ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, ხომ გაგიგიათ, ეგ ქვეტექსტი დევს. მოთხრობის გმირი, ბიჭი, რომელიც თავის ქვეყანაში არაფერს წარმოადგენს, ცდილობს დამკვიდრდეს, მაგრამ რადგან აქ ვერაფერს აღწევს, ჰგონია, რომ წავა ამერიკაში და იქ მიაღწევს ყველაფერს. და ფიქრობს, რომ მთავარია შენ პიროვნულად როგორი ხარ და არა ის, ”კადილაკი” გყავს თუ ”დაიჰადსუ” - ამ იმედით მიდის, მაგრამ სინამდვილეში ხო ასე არ არის, რადგან შენ თუ შენს ქვეყანაში ვერ რეალიზდები, მით უმეტეს, ამერიკაში არა მგონია, რომ უკეთესად რეალიზდე.”

გურამ მეგრელიშვილი
ის, რომ მკითხველის გარეშე არაფერი გამოვა და თუნდაც ასეთი კრებულები უკეთესად უნდა იყიდებოდეს, ამაზე დამწყები მწერლები და უკვე შედარებით გამოცდილი ლიტერატორებიც თანხმდებიან. გურამ მეგრელიშვილის თქმით, ერთი მიზეზი, რატომაც უნდა იყიდონ ლიტერატურის მოყვარულებმა ეს წიგნი, ისაა, რომ ის, უბრალოდ, კარგი ხარისხისაა, არის უფრო მნიშვნელოვანი მიზეზებიც: ” იმიტომ უნდა იყიდოს, რომ გაეცნოს თუნდაც თანამედროვე ლიტერატურას და იცოდეს რა იწერება დღეს, როგორი ლიტერატურა იქმნება.”

საპრიზო ფონდი ასეთია: პირველ ადგილს - 800 ლარი, მეორეს - 500, მესამეს - სამასი. წელს საკუთარ რჩეულს ინტერნეტმომხმარებელიც გამოავლენს. ინტერნეტ პორტალ ლიტერატურა.გეზე უკვე დაიწყო ხმის მიცემა ფავორიტი მოთხრობისათვის, რომელიც სწორედ ამ ინტერნეტმოთხრობის ნომინაციაში გამარჯვებული იქნება.
პირველი სამეულის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოა. ვერც მე გეტყვით.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG