Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობაში?


საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესს უერთდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის, პოლიტიკური ძალა - ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის”. ის მხარს დაუჭერს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ სიმბოლური ფიგურა იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის მუშაობაში ჩართვის ინიციატივა არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა ძალებს ჯერჯერობით არ გამოუხატავთ - მათ შორის, არც მათ,ვინც, გაერთიანების შექმნის მიზნით, კონსულტაციებს აწარმოებს ზურაბ ნოღაიდელთან. თუმცა მსგავსი შესაძლებლობა არ გამოირიცხება.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წევრი უნდა გახდეს და მან უნდა დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა, პრეზიდენტი კი პარლამენტის მიერ არჩეული სიმბოლური ფიგურა იქნება. - ძალიან მოკლედ ასე აღიწერება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გუნდისთვის სასურველი მოდელი. ზურაბ ნოღაიდელი პროცესში ჩართვას აუცილებლობით ხსნის. ის ამბობს, რომ ქვეყნისთვის სამოქალაქო დაპირისპირების აშორება მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია და რომ ამას სწორედ კონსტიტუციის შეცვლა უნდა უსწრებდეს წინ. განცხადება მან 1 ივნისს ტელეეთერით გააკეთა:

ზურაბ ნოღაიდელი

”ის ხალხი, ვინც საკონსტიტუციო კომისიაში იმუშავებს, კვალიფიციური ადამიანებია და ეჭვი არ გვეპარება, რომ მათ შეუძლიათ და დადებენ კიდეც ტექნიკურად და იურიდიულად გამართულ დოკუმენტს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები იურიდიული დოკუმენტი არ არის მარტო, ის პოლიტიკური დოკუმენტია... ამით იმართება ქვეყანა და, პირველ რიგში, პრეზიდენტმა და მისმა გარემოცვამ პირადად უნდა გამოაცხადოს, თუ საითკენ მიდის ეს საკონსტიტუციო ცვლილება.”

ის, რისი მოსმენაც ზურაბ ნოღაიდელს სურს, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის პოზიციებს არ შეესაბამება. ამის მიხვედრა იოლია, თუნდაც იმ განცხადების მიხედვით, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა 18 მაისს წინანდალში გააკეთა:

”საკონსტიტუციო კომისიის მიზანი ის კი არ არის, რომ რომელიმე შტო ხელისუფლების შეასუსტოს ან ვიღაც ცალმხრივად გააძლიეროს... ჩვენ გვჭირდება - ჩვენისთანა ქვეყანას, რომელსაც აქვს ასეთი გამოწვევევები, სჭირდება - ძალიან ეფექტური საპრეზიდენტო ინსტიტუტი (და მე ვამბობ ამას, ადამიანი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო ვადაში იმყოფება და ამიტომ ამას ნამდვილად ჩემთვის არ ვიმზადებ...); სჭირდება ძლიერი პარლამენტი, რომელიც ყოველდღიურად გააკონტროლებს ყველას, დაწყებული ყველა ადგილობრივი გამგებლით და დამთავრებული ყველა მინისტრით და პრეზიდენტის ადმინისტრაციით, და სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ვითარდება საქართველოში...”

აქვე გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ეს განცხადება, რომელშიც ”ძალიან ეფექტური საპრეზიდენტო ინსტიტუტის” საჭიროებაზეა საუბარი, ზეწოლის მცდელობად აღიქვა საპარლამენტო ოპოზიციამაც, რომელიც აქტიურად არის ჩართული საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებისა და სამომავლო მუშაობის პროცესში. ცნობილია, რომ ჯგუფის უდიდესი ნაწილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს უჭერს მხარს.

პროცესს ამ ეტაპზე არ უერთდებიან 9 აპრილის აქციების ორგანიზატორი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კონსტიტუციის შეცვლამდე ქვეყანაში ჯერ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ამასთან მიმართებით არაფერს ცვლის ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური ძალის მიერ გამოხატული თანხმობა, რადგანაც ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” არასოდეს იგულისხმებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციურ ერთობაში: გაჭირდა საერთო ენის გამონახვა და, რიგ შემთხვევებში, სერიოზულმა დაპირისპირებამაც კი იჩინა თავი. სამაგიეროდ, ნოღაიდელის პოლიტიკური გუნდი, ერთგვარი გაერთიანების შესაქმნელად, ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ძალებთან, რომლებსაც კოალიცია ”თავისუფლებისთვის” აერთიანებს. იგულისხმება კონსტანტინე გამსახურდიას პარტია ”თავისუფლება”, აკაკი ასათიანის ”ტრადიციონალისტთა კავშირი” და გუგული მაღრაძის ”ქალთა პარტია”. აქვე ვთქვათ, რომ კოალიციის მეოთხე წევრმა, გია მაისაშვილის ”მომავლის პარტიამ”, საკუთარი გზით წასვლა არჩია. სამაგიეროდ, სამომავლო გაერთიანებაში, შესაძლოა, სხვა პოლიტიკური ძალებიც ვიხილოთ. კონსულტაციების დასრულებამდე მომავალი წევრები საკითხების დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ, თუმცა, გუგული მაღრაძის თქმით, პარტიების გაერთიანების საფუძველს საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა წარმოადგენს:

გუგული მაღრაძე

”ჩვენ ვცდილობთ, რომ ის პარტიები, რომლებიც საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერენ მხარს, რაღაც მეტ-ნაკლებ კოორდინაციაში ვიყოთ ერთმანეთთან. ძალიან დიდი სურვილია, რომ გავიტანოთ, ყოველ შემთხვევაში, ისეთი მოდელები, რომლებიც უახლოეს მომავალში ხელს შეუწყობს საპარლამენტო რესპუბლიკას საქართველოში.”

მიუხედავად ამისა, მაღრაძის პარტია ამ ეტაპზე მიზნად არ ისახავს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვას. ის ამბობს, რომ სამომავლო გაერთიანებაში შემავალი პარტიები არჩევანს თავად გააკეთებენ და რომ ეს უფლება ყველა საკითხთან მიმართებით შენარჩუნდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG