Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გამოხმაურება მოჰყვა პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარს?


15 ივნისს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განხორციელებული დარბევის ფაქტის ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: საავადმყოფოში მიყვანილი ოცამდე პირიდან ოთხი ჯერ ისევ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას. მათ შორის არის ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ აბაშიძე. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული იყო 38 ადამიანი, მათგან ხუთს ადმინისტრაციული წესით თავისუფლების 30-დღიანი აღკვეთა მიესაჯა, დანარჩენებს კი მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, რომლებსაც, ტელეკომპანიების ინფორმაციით, გადაღებული კადრები გაუნადგურეს და კამერები დაუმტვრიეს. ნაცემია სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დაისაჯა 9 პოლიციელი, თუმცა მათი ვინაობა უცნობია.

”ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა”, - ასე განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 ივნისს მომხდარს, მაშინ როცა ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეების შეფასებით, ეს იყო მოულოდნელი დარბევა და პოლიციის მხრიდან გამომჟღავნებული სისასტიკე.

რადგანაც ის და მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ, ხოლო ტელევიზიების მიერ გადაღებული ძირითადი ვიდეომასალა განადგურებულია, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელს ამ ეტაპზე დანამდვილებით უჭირს იმის თქმა, იცავდნენ თუ არა მომიტინგეები პოლიციის შენობასთან 20-მეტრიან დისტანციას, რომლის დაცვასაც მათ კანონი ავალდებულებს. საუბარია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონზე, რომლის მიხედვითაც, მანიფესტაციების ჩატარება იკრძალება პოლიციის შენობაში და შენობიდან 20 მეტრის რადიუსში.

”თუმცა, თუნდაც ეს შეკრება ყოფილიყო ჩატარებული კანონით აკრძალული პერიმეტრის ფარგლებში, ანუ 20 მეტრის რადიუსში, ამ შემთხვევაშიც კი, პოლიციას აუცილებლად უნდა მიეცა გაფრთხილება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოეყენებინა ძალა. ეს არის პირდაპირ მითითებული პოლიციის შესახებ კანონში. თუმცა, ”აი-ტი-ვის” მიერ გავრცელებულ ძალიან მწირ ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, რომ შეკრების მონაწილეები, უბრალოდ, მშვიდობიანად დგანან, არანაირ ძალადობას არ აქვს ადგილი და ამ დროს ჩანს, როგორ მორბიან პოლიციის თანამშრომლები, კეტებმომარჯვებულები. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პოლიციის მხრიდან არანაირ გაფრთხილებას არ ჰქონია ადგილი, რითაც დაირღვა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა”, - ამბობს ხიდაშელი.

15 ივნისს მომხდარის შედეგად, ბოდიში მხოლოდ იმ ჟურნალისტების მისამართით ითქვა, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მიეცათ. პირველი ასეთი ბოდიში იმავე დღეს მოიხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ, ხოლო ამავე უწყებიდან წამოსული ამავე შინაარსის მეორე ბოდიში 16 ივნისს მის ვებ-გვერდზე გამოიფინა. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ”თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა მოკვლევა, რომლის შედეგადაც სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური - 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.” აქვე ვთქვათ, რომ განცხადებაში მითითებული არ არის დასჯილთა ვინაობა.

თუკი ხელისუფლებამ, ძალის გამოყენების ნაცვლად, ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელ დათმობებზე წასვლა არ დაიწყო, სიტუაცია, შესაძლოა, ბევრად უფრო გართულდეს, - მიაჩნია ექსპერტი რამაზ საყვარელიძეს, რომლის ვარაუდითაც, თუკი საქმეში დასავლეთი არ ჩაერია, ხელისუფლება ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს: ”არავინ თუ ხელი არ შეუშალა, რა თქმა უნდა, ძალას გამოიყენებს... ეჭვი არ მეპარება, რომ არც თითონ სიამოვნებს დიდად ძალის გამოყენება ხელისუფლებას, მაგრამ ადვილად მიდის ძალის გამოყენებაზე. რამემ უნდა შეუშალოს ხელი და ეს რამე შეიძლება იყოს ან შიდა ფაქტორი, - კერძოდ, მოქალაქეების პროტესტი, - ანდა საგარეო ფაქტორი, ან ორივე ერთად. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ფაქტორი, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის. ”

საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები რამაზ საყვარელიძეს არ აძლევს იმედს, რომ ხელისუფლების ქმედებებს უცხოელი დიპლომატები საჯაროდ დაგმობენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG