Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან


პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან 18 ივნისის ღამით მომხდარ დაპირისპირებას თვითმხილველები ხელისუფლების პროვოკაციას და საპროტესტო აქციის მიზანმიმართულ დარბევას უწოდებენ. ოფიციალური ინფორმაციით კი, ეს იყო ჩხუბი აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის, ხოლო პოლიცია ადგილზე მათ გასაშველებლად მივიდა. სახალხო დამცველი დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობს, ხოლო პარლამენტარები 15 ივნისის ინციდენტს უბრუნდებიან.

შეკითხვაზე, რა მოხდა 18 ივნისს ღამით პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, სადაც საპროტესტო აქცია უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს, მხარეებს ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები აქვთ. ორივე მხარე აღიარებს, რომ ყველაფერი დაიწყო ჩხუბით აქციის მონაწილეებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შორის, მაგრამ ვინ და რა მიზნით წამოიწყო ეს ჩხუბი? ნაცემი ადამიანები და დარბეული საკნები თავისი თვალით ნახა საქართველოს სახალხო დამცველმა. სოზარ სუბარი ფაქტის გაანალიზებას ცდილობს და მომხდარს რამდენიმე ეჭვს უკავშირებს:

სოზარ სუბარი
”პირველი, ძალიან საეჭვოა თავისთავად, როცა ჩხუბი ხდება და იქ რამდენიმე ასეული თუ ათეული პოლიციელი ჩნდება. ჩნდება ეჭვი, რომ ყველაფერი წინასწარ იყო ინსპირირებული. და მეორე, თუ იქ იყო ხულიგნობა და პოლიციას უნდა აღეკვეთა ხულიგნობა, რატომ დაარბიეს და დაანგრიეს კარვები პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემობის ორივე მხარეს? მათ შორის არის 200-300 მეტრი მანძილი და ერთმანეთთან არაფერი არ აკავშირებს. ”

ნაცემი ადამიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, რასაც სახალხო დამცველი ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობით ხსნის. მისი თქმით, 18 ივნისის მსგავს ინციდენტებს აქციის მონაწილეთა ფიზიკური ხელყოფის არაერთი ის ფაქტი განაპირობებს, რომლებთან მიმართებითაც არავინ დასჯილა.

გარკვეული უკმარობის გრძნობა ამ მხრივ პარლამენტის პარასკევს გამართულ სხდომაზეც გამომჟღავნდა. ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი გიორგი ახვლედიანი 15 ივნისს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარ დარბევას დაუბრუნდა, რომლის შედეგადაც აქციის 5 მონაწილეს 30-დღიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ხოლო 33-ს ფულადი ჯარიმა დაეკისრა: ”შერჩევითი და გამორჩევითი სამართალი დაუშვებელია და ყველამ ერთნაირად, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, პოლიციის თანამშრომელი თუ თითოეული ჩვენგანი, ვინც არ უნდა იყოს, ერთნაირად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე... საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არიან დასჯილი პოლიციელები, რაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან ძალის გადამეტება, რატომ მოხდა მხოლოდ რამდენიმე პოლიციელის მიმართ ეს გადაწყვეტილება მიღებული, დანარჩენები რატომ არ მოხვდნენ ამ მიმართულებით.”

გიორგი ახვლედიანი
გიორგი ახვლედიანი არასაკმარისად მიიჩნევს ბოდიშს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებს მოუხადა იმის გამო, რომ მან 15 ივნისს ”სრულად ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება”. სხვა საკითხია, რომ, თავად ჟურნალისტების აზრით, ბოდიშს ისინი ცემის, განადგურებული აპარატურისა თუ ფირების გამო უფრო იმსახურებდნენ. პარასკევს გამართულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საზოგადოებას თავისი რეაქციაც შეახსენა:

”ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვუხადე ყველა იმ ჟურნალისტს, ვისაც იმ დღეს პრობლემა შეექმნა... და ბუნებრივია, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ასეთი სამწუხარო ფაქტები აღარ განმეორდეს, პირველ რიგში, ცხადია, სწორედ ჟურნალისტებთან მიმართებაში, ვინაიდან ნებისმიერი ზეწოლა და ხელის შეშლა ჟურნალისტების არის დაუშვებელი.”

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ 15 ივნისის ფაქტის გამო ადმინისტრაციული ზომები პოლიციელის ბევრი ოფიცრის მიმართ არის გამოყენებული. თუმცა, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, გარკვეული სასჯელი 9 პოლიციელს შეეხო: ”სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური - 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს შეუჩერდა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე.” მათი ვინაობა ამ ცნობაში მითითებული არ არის და ამით არც სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესებულა, რადგანაც, სოზარ სუბარის თქმით, ადამიანების ცემისა და წამების უამრავი ფაქტისთვის მხოლოდ 9 პოლიციელის და ისიც ასე მსუბუქად დასჯა ნამდვილი დაცინვაა. სახალხო დამცველი ერთ ფაქტს გამოყოფს: "15 ივნისს ქუჩაში ასევე მწარედ იყო ნაცემი ჩემი თანამშრომელი ვახუშტი მენაბდე. შემდეგ ის უკანონოდ დააკავა პოლიციამ. შიგნით ის აღარ უცემიათ, მაგრამ ის იყო მოწმე, როგორ სცემეს მის თვალწინ რამდენიმე ათეულ ადამიანს პოლიციის შენობაში - იატაკზე დაწვენილებს როგორ სცემდნენ ხელკეტებით, ფეხებით..."

ცემასთან დაკავშირებულ ეჭვებზე 19 ივნისს პარლამენტის სხდომაზეც ილაპარაკეს. გაირკვა, რომ თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან 15 ივნისს დაზარალებულ და დაკავებულ პირებს დეპუტატები დიმიტრი ლორთქიფანიძე და ეკა ხერხეულიძე მოინახულებენ. ეს კანდიდატურები ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა დაასახელა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG