Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეყოფა თუ არა „ნაბუკოს“ გაზი და პოლიტიკური ნება?


"ნაბუკოს" გაზსადენის მარშრუტი
"ნაბუკოს" გაზსადენის მარშრუტი
„ნაბუკოს“ ალტერნატიული გაზსადენის მშენებლობის ისტორიული შეთანხმება, რომელიც 13 ივლისს გაფორმდა, კვლავაც აქტიური მსჯელობის თემაა. განსაკუთრებული ინტერესის საგანია პროექტის პერსპექტივა და კონკურენტუნარიანობა. გაზსადენის ამოქმედებას დასაწყისისათვის ყოველწლიურად 8 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი სჭირდება, რასაც საკუთარ თავზე აზერბაიჯანი იღებს. თუმცა ზოგიერთი მიმომხილველი კვლავაც კითხულობს, აქვს კი აზერბაიჯანს საკმარისი გაზი და საკმარისი პოლიტიკური ნება და არსებობს თუ არა ბუნებრივი აირის ალტერნატიული რესურსები, თუკი რუსეთის ზეწოლის გამო აზერბაიჯანი უკან დაიხევს?

ქაღალდზე ყველაფერი იოლად ჩანს. 2014 წელს „ნაბუკოს“ გაზსადენი მწყობრში ჩადგება. ევროპისაკენ ბუნებრივი აირის პირველ ნაკადს, 8 მილიარდ კუბურ მეტრს, აზერბაიჯანი ჩატუმბავს. მილსადენი სრულად 2020 წლისთვის ამოქმედდება და ამ დროისთვის, როგორც ნავარაუდევია, ევროპა ყოველწლიურად 31 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, რაც, საშუალოდ, ევროპის წლიური მოთხოვნილების 10 პროცენტს შეადგენს. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრ შეკითხვას წარმოშობს ის, შეძლებს თუ არა აზერბაიჯანი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. აი, რას ამბობს შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯის უსაფრთხოების საქმეთა პროფესორი სტივენ ბლანკი:

“პრობლემა არ არის ის, საკმარისია თუ არა აზერბაიჯანული გაზი ”ნაბუკოს“ მომარაგებისათვის. პრობლემა მხოლოდ ერთია, არის თუ არა საკმარისი ფული იმისათვის, რომ დაფინანსდეს პროექტი და საიმედო გარანტია ჰქონდეს მიმწოდებლებს, რომ ევროპისკენ მიმავალი კასპიის ზღვის მილსადენი მათ ქვეყნებში აშენდება და გაუძლებს რუსეთის კონკურენციას. როგორც ეტყობა, „ნაბუკო“ რუსეთთან კონკურენციას გაუძლებს, თუკი იქნება დაფინანსება. ეს ძალიან ჰგავს დაგეგმილ ქორწინებას და, როგორც დაგეგმილი ქორწინება, რომელიც ხანგრძლივ ვადაზეა გათვლილი, „ნაბუკოც“ ასევე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს საჭიროებს.”

გავრცელებული აზრით, „ნაბუკოს“ მილსადენი ჩაფიქრებულია იმისათვის, რომ რუსეთის გაზზე ევროპის დამოკიდებულება შეამციროს. ევროკავშირის წარმომადგენლები ამას ღიად არ ამბობენ, თუმცა კერძო საუბრებში არ მალავენ, რომ ალტერნატიული წყაროების მოძიება დღის წესრიგში დადგა ბუნებრივი აირის ფასის გამო რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდეგ, როდესაც გასულ ზამთარში ევროპის მრავალ ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირდა.

პროფესორ ბლანკის თქმით, „ნაბუკოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები ერთ რისკად ერთიანდება: რუსეთმა შესაძლოა დაარწმუნოს აზერბაიჯანი, რომ არ გაუშვას თავისი ბუნებრივი აირი „ნაბუკოს“ მილსადენში, რის შედეგადაც, რეგიონში ვეღარავინ შეძლებს იკისროს მილსადენის დაფინანსება და ბუნებრივი აირის მიწოდება. ასეთ შემთხვევაში რუსეთმა შეიძლება მოიგოს ბრძოლა ეკონომიკურ ომში, რომელსაც ის ევროპასთან აწარმოებს.

“თუ „ნაბუკო“ ვერ აშენდა, „ჩრდილოეთის ნაკადი“ [რუსეთის გაზსადენი] ან უკრაინასა და ბელორუსიაზე გამავალი რუსეთის მილსადენი გახდება ერთადერთი უალტერნატივო საშუალება ჩრდილოეთისაკენ და რუსეთს ექნება შესაძლებლობა ევროპაში აწარმოოს ძლიერი თამაში და, როგორც გაზის მონოპოლისტმა სახელმწიფომ, ბერკეტივით გამოიყენოს ბუნებრივი აირი. ეს არის ის, რაც ყველასთვის ცხადია. მე ვგულისხმობ, რომ მათ, რუსებს, სხვა არაფერი შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ უხვად გამოიყენონ მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტრიგები. ეს საშინელია, არაადამიანურია, მაგრამ ეს უფრო მაინც ეკონომიკაა. ეს არის იარაღი და არ არის არმია, რომელიც საზღვრებზე გადაადგილდება. მაგრამ ეს არის ძალის პოლიტიკა.”

მაგრამ აზერბაიჯანი არ არის გაზის ენერგიის ერთადერთი წყარო. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები დიდი ხალისით არ საუბრობენ აზერბაიჯანის ალტერნატივაზე, მაგრამ ამის განხილვა უნდა ხდებოდეს, – ამბობს კენეტ გრინი, ამერიკის მრეწველობის ინსტიტუტის ენერგიის საკითხების მკვლევარი. თუმცა გრინი ხაზს უსვამს, რომ, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზეზების გამო, ყველა ალტერნატიული წყაროს ერთ დონეზე განხილვა შეუძლებელია. მკვლევარს მხედველობაში აქვს ერაყი და ირანი, რომელთა ბუნებრივი რესურსების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება განსხვავებულია:

“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ერაყი ჩაერთოს პროექტში და მიიღოს მოგება ბუნებრივი აირის მიწოდებით, რადგან იგი არის დასავლეთისადმი დემოკრატიულად და მეგობრულად განწყობილი რეჟიმი. არსებობს დიდი მოლოდინი, რომ ერაყი, როგორც გაზის მომწოდებელი, ამას არ გამოიყენებს პოლიტიკური თამაშისათვის. მაგრამ ირანი, რომელიც ბირთვული პროგრამების გამო სანქციების ქვეშ იმყოფება, საშიში ალტერნატივაა შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეებისათვის. მე ვფიქრობ, რომ „გაზპრომის“ ნაცვლად ირანზე დამოკიდებულება იგივეა, რაც გახურებულ ტაფას გაექცე და ცეცხლში ამოყო თავი.”

ირანისაგან განსხვავებით, აზერბაიჯანული გაზის უკეთესი ალტერნატივაა ყაზახეთი და, განსაკუთრებით, თურქმენეთი, ამბობს კენეტ გრინი, მაგრამ ეს ქვეყნებიც ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები არიან, რის გამოც რუსეთს ასევე შეუძლია დაიყოლიოს ისინი, რომ ბუნებრივი აირი, „ნაბუკოს“ მილსადენის ნაცვლად, რუსულ მილსადენში გაატარონ.

თუმცა ექსპერტები ერთ რამეში ნამდვილად თანხმდებიან, რომ იმდენი შესაძლებლობა არსებობს განსახილველად, იმდენი ქვეყანა არსებობს და იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი ირგვლივ, რომ დაუშვებელი ფუფუნებაა იფიქრო, თუ რა დაემართება „ნაბუკოს“ ან მივა თუ არა მისი მშენებლობა ბოლომდე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG