Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მიგრანტები გერმანიაში - მიუნხენი


მიგრანტები მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მიმავალ ავტობუსში
მიგრანტები მიუნხენის ქართულ ეკლესიაში მიმავალ ავტობუსში
გერმანია ის ქვეყანაა, სადაც საქართველოდან გადახვეწილი ქართველების დიდი ნაწილი ცხოვრობს. გზა, რომელსაც იქ დასამკვიდრებლად ქართველები გადიან, არც ისე იოლია, მით უფრო, ბოლო წლებში, როცა გერმანიის მთავრობა ყოველწლიურად ამკაცრებს მიგრაციასთან დაკავშირებულ კანონებს. გთავაზობთ პირველ წერილს ციკლისა, რომელიც ჟურნალისტურ მოკვლევას ეფუძნება. ეს მოკვლევა სამ ქვეყანაში ჩატარდა - საქართველოში, ჩეხეთსა და გერმანიაში და ეხება ლეგალური და არალეგალური მიგრაციის პრობლემებს.

მიუნხენში მცხოვრებ ქუთაისელებს არ უკითხავთ, აშენდა თუ არა ხიდი მათ ქალაქში. "მიმინოს" პერიოდისგან განსხვავებით, ახლა მათ სამშობლოსთან, ოჯახებთან ყოველდღიური აქტიური კონტაქტი აქვთ და ისიც იციან, როგორ გამოიყურება მათი ქალაქი. გერმანიაში ოფიციალურად, როგორც იქაური ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ლერი დათაშვილი გვეუბნება, 15 000 ქართველი ცხოვრობს. ეს, ვინც რეგისტრირებულია, არალეგალი ქართველების საერთო რაოდენობა კი 50 000-ს აღწევს. ძირითადი ნაწილი სტუდენტები და ოჯახებში მომუშვე ხალხია - ე.წ. ოპერებად წასული ახალგაზრდობა.
არალეგალებს ქართულ დიასპორასთან ნაკლები შეხება აქვთ:

ლერი დათაშვილი
”არალეგალებთან ნაკლები შეხება გვაქვს, რადგან ეკლესიაში იშვიათად მოდიან. თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, ტელეფონით გვიკავშირდებიან ხოლმე.”

სატელეფონო ზარების მიზეზი, როგორც წესი, დახმარების თხოვნაა. დათაშვილი ვარაუდობს, რომ რუსეთის, ამერიკის, საბერძნეთის, თურქეთის შემდეგ გერმანიაა ის ქვეყანა, სადაც ამდენი ქართველი ცხოვრობს.

ქართველების პოვნა ადვილია - მიუნხენში არის ერთი ადგილი, საიდანაც ავტობუსი მიუნხენის ქართულ ეკლესიამდე მიდის და ამ ავტობუსში ყველა ქართველია.

ლევან ებრალიძეც ამ ავტობუსში ვიპოვეთ. ის წელიწადი და რვა თეა უკვე გერმანიაშია. დღეს კვირაა და ეკლესიაში მიდის. მანაც ის გზა გაიარა, რაც ბევრმა ქართველმა: თავიდან ოჯახში მუშაობდა, შემდეგ ენის კურსებზე იარა და ახლა სტუდენტობისთვის ემზადება. ვკითხეთ, რამდენად ძნელია მამაკაცებისთვის სამსახურის პოვნა და სად მუშაობს თავად, რადგან, სტატისტიკით, ემიგრანტების უმრავლესობა ქალია:

”მე გაზეთების გამანაწილებელ ფირმაში ვმუშაობდი და ახლაც იქ ვარ.”

ვახტანგი 2005 წელს ჩავიდა მიუნხენში - პირდაპირ წინანდლიდან. უცნაური სამსახური აქვს:

”საქართველოში არ არის ასეთი სამსახური, მე მგონი. ხეებს რომ ალამაზებენ, მე დაბლა ვდგავარ და ვაკონტროლებ, ჩამოვარდნილი ტოტი ვინმეს არ დაეცეს. თან ვალაგებ იქაურობას. ყოველდღიური სამუშაო მაქვს, თუ წვიმა არ არის.”

დღეში რვა საათს და მეტ ხანს მუშაობს. თვეში 1200 ევრო გამოსდის. ამბობს, რომ აქ ფული უფრო იოლად იშოვება. დღეში 50 ევროს ისე დახარჯავ, ვერც მიხვდები, იქ კი ათი ლარის დახარჯვა დღეში ძალიან ძნელიაო. დაბრუნებას 4 წელიწადში გეგმავს. დაახლოებით ნახევარ საათში ქართული ეკლესიაც გამოჩნდა. ეს ქართველი მიგრანტების შეხვედრის ადგილია. ამ ადგილას სამი წლის წინ გადმოინაცვლეს. ისე კი, ქართული ეკლესია მიუნხენში 2001 წლიდან არსებობს.

ეკლესიის ეზო ქართველებითაა სავსე. ლერი დათაშვილი გვეუბნება, რომ დღეს გაცილებით გართულებულია გერმანიაში ჩასვლა ლეგალურად და თავის დამკვიდრება. ნდობა მიგრანტების და, მათ შორის, ქართველების მიმართაც საგრძნობლად შემცირდა. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო:

”მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, მართვის მოწმობა: საქართველოში ის ყველას ჰქონდა, ვისაც კი მოუნდებოდა. აქ რომ ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ მძღოლის მოწმობა აქვთ, მათ მიმართ ნდობა დიდი იყო, მაგრამ შემდეგ ავტოსატრანსპორტო შემთხვევებმა აჩვენა, რომ არც ისე სუფთად იყო ყველაფერი და ძალიან მალე ეჭვქვეშ დადგა მძღოლის მოწმობის რეალურობა. ნდობაც შემცირდა.”

ნათია ქველიძე
გერმანიაში რომ დარჩე და მუშაობის უფლებაც გქონდეს, სტუდენტობის გარდა, არის კიდევ ერთი გზა - განსაკუთრებით გოგონებისთვის - ადგილობრივზე გათხოვება. სიყვარული უცხო ქვეყანაში ბევრს ეწვევა ხოლმე. ქუთაისელი ნათია ქველიძე, რომელიც 26 წლისაა და უკვე სამი წელია იქ ცხოვრობს, ერთ-ერთი მათგანია. მერე რა, რომ ის და მისი გერმანელი მეუღლე ყველაზე დიდხანს ერთმანეთს შაბათ-კვირას ხედავენ.

ნათიას მიუნხენში, ინგლისურ ბაღში, შევხვდით. თვითონ გვიხსნიდა ეს რა ადგილია, ოღონდ გერმანულ-ქართულად. საქართველოდან წასვლა ყოველთვის უნდოდა:

”საზღვარგარეთ წასვლა სულ მინდოდა - უფრო ინგლისში, სასწავლებლად. მაგრამ შემდეგ ისე გამოვიდა, რომ გერმანიიდან მივიღე მოწვევა, ოჯახიდან, სადაც ოპერად ვმუშაობდი. გერმანული კი ვიცოდი იმ დონეზე, რომ არ დავკარგულიყავი.”

მერე მოვიდა სიყვარული. დღეს ორივე მუშაობს, ნათიაც და მისი მეუღლეც. ნათია - საბავშვო ბაღსა და კაზინოში. ყველა წუთი გაწერილია:

”ყოველი დღე, ყველა წუთი დაგეგმილი მაქვს, როდის უნდა ავდგე და გავიდე სახლიდან. ჩემი დილა დილის ხუთი საათიდან იწყება. სახლში ათზე, ხან თერთმეტზე ვბრუნდები. მივდივარ ბაღში, სადაც ჩემს ჯგუფში 16 ბავშვი მყავს და მათთან ერთად ვატარებ დროს. შემდეგ მაქვს პაუზა. მოვდივარ სახლში, ვიძინებ და მერე ვმუშაობ კაზინოში.”

იქ ყოფნის მოტივაცია ისე ძლიერია, რომ დღემდე არ უტირია. არადა, ბევრს იქ გაძლება უჭირს. სამ წელიწადში ნათია ქველიძე ბაღის მასწავლებელი გახდება და პერსპექტივაც მეტი ექნება. საქართველოში დაბრუნება არ სურს. ამბობს, რომ იქ ახალგაზრდობა დროს ძილში ატარებს, ის კი ფხიზელ ცხოვრებას ძალიან შეეჩვია. თან ხუთ წელიწადში მოქალაქეობასაც მიიღებს. ჩვენი საუბრის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იტირა:

”ყველაზე მეტად საქართველოში მენატრება ჩემი სოფელი, ჩემი მამიკოს საფლავი მენატრება. ქუთაისიც მენატრება...”

ქართულ ეკლესიაში
აქ კი, საქართველოში, კიდევ ბევრია ისეთი, ვისაც წასვლა სურს. ქუთაისში არსებობს ქართულ-გერმანული ცენტრი, რომელიც საუკეთესო სტუდენტებს გერმანიის საზაფხულო სკოლებში უშვებს,სადაც მათ მუშაობაც შეუძლიათ. სალომე გიორგაძე ამ ზაფხულს გერმანიაში გაატარებს. ის იქ უკვე მეორედ მიდის. ყველაზე მეტად რაც ხიბლავს, ისაა, რომ თავისი შრომით ფულის შოვნა შეუძლია და რომ მუშაობა სტუდენტისთვის იქ სირცხვილი არ არის:

"აქ შეიძლება ასე მუშაობა გამჭირვებოდა, მაგრამ იქ რომ შევხედე, რომ არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ თავად მაკდონალდსის მეპატრონე ჩემზე უარეს საქმეს აკეთებდა, ჩემთვისაც აღარ იყო პრობლემა და ძალიან მინდა, რომ საქართველოშიც ნელ-ნელა დამკვიდრდეს აზრი, რომ მუშაობა სტუდენტისთვის არ არის სამარცხვინო და არ ითვლებოდეს კომპლექსად."

სალომეს იქ დარჩენა არ უნდა. დღეს ასეთია მისი სურვილი. თუმცა კონკრეტულად ამ ერთი გერმანულ-ქართული ცენტრის მიერ გაგზავნილი ახალგარზდების დიდი ნაწილი, საბოლოოდ, მაინც გერმანიაში დარჩა. იქ ქართველებს უკვე იცნობენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG