Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის წლისთავი – “დავითისა და გოლიათის” უთანასწორო ბრძოლა


2008 წლის 9 აგვისტო რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში, საბრძოლო თვალსაზრისით, გადამწყვეტი აღმოჩნდა. რუსულმა ავიაციამ, რომელიც ბატონობდა ქართულ ცაში, ყველაზე სასტიკი იერიში მიიტანა რამდენიმე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტზე. დაიბომბა კოდორის ხეობაც. პარალელურად ცხინვალზე კონტროლი სრულად დაამყარა და მიმდებარე სოფლებიდან, ქართული ნაწილების შევიწროება დაიწყო რუსეთის 58-ე არმიამ, თუმცა მისი ავანგარდი ქალაქის შესასვლელთან ქართველი მზვერავების გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა.

საქართველოს მხრიდან ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, 58-ე რუსული არმიის მოწინავე ნაწილები 8 აგვისტოს ღამით ძარის გზით განაგრძობდნენ შემოსვლას. საზღვარი რამდენიმე ასეულმა ჯავშანტექნიკამ, ტანკმა და საარტილერიო დანადგარმა გადმოლახა, თუმცა ღამის ხედვისა და დამიზნების მოწყობილობით აღჭურვილმა ქართულმა არტილერიამ და სატანკო ჯგუფებმა შეძლეს მათი წინსვლის შეჩერება. აი, რა უთხრა ამ ბრძოლების შესახებ რადიო თავისუფლებას რუსული ტელეკომპანია “ერ-ტე-ერის” ჟურნალისტმა ალექსანდრ სლადკოვმა, რომელიც 58-ე არმიის პირველ კოლონასთან ერთად გადაადგილდებოდა ჯავიდან ცხინვალისკენ:

”მე იქ ვნახე პირველი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცები. დილის 8 საათიდან 12-მდე, თითქმის 4 საათი, გრძელდებოდა ბრძოლა ამ სიმაღლის ასაღებად. ტბის[ერცოს ტბის] მხრიდან პოზიციებზე გამოვიდა 4 ქართული ტანკი. ტანკები ისროდნენ პირდაპირი დამიზნებით. მათ პასუხობდა ჩვენი ნაღმსატყორცნთა ბატარეა, ესროდა თვითმავალი საარტილერიო დანადგარების დივიზიონი. მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლა სიმაღლისათვის. ჩემს თვალწინ ბევრი მოკლული იყო. უფრო ზუსტად, რამდენიმე იყო მოკლული, რამდენიმე დაჭრილი. მათ ადგილზევე, ღია ცისქვეშ, ეხმარებოდნენ ექიმები. მათი ტრანსპორტით ევაკუირება შეუძლებელი იყო, რადგან ზუსტად ძარის გზა იბომბებოდა. და რამდენადაც ვიცი, ინტენსიური ცეცხლისა და დიდი დანაკარგის გამო, რუსი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ დაეთმოთ ეს სიმაღლე.”

მაგრამ ამ ბრძოლების შესახებ საქართველოში არც ინფორმაცია და არც ამსახველი კადრები ჯერ კიდევ არ არსებობდა. საერთოდ, ცოტა უცნაური იყო ომის საინფორმაციო პოლიტიკა. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული, მაგრამ პრესცენტრში არც ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი არ გამოჩენილა, რომ პლანშეტზე აეხსნა რა ხდება, სად არის ბრძოლის ეპიცენტრი, როგორია განვლილი დღის საბრძოლო ქრონიკა. თვალშისაცემი იყო ტრადიციული ქართული ქაოსი: არანაირი კომენდანტის საათი არ მოქმედებს, არავინ ამოწმებს დოკუმენტებს, არავინ აფრთხილებს მოსახლეობას მოსალოდნელი საავიაციო დაბომბვის შესახებ. არადა, 8 აგვისტოს გორთან უკვე ჩამოყარეს საავიაციო ბომბები. იგივე განმეორდა 9 აგვისტოს დილით.

ტელეკომპანია „აჭარის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მანქანით გავრბივართ კვამლის მიმართულებით.

საბედნიეროდ, დაუსახლებელი ადგილი აღმოჩნდა - გაუქმებული კომბინატი. სურათები გადავიღეთ და ის იყო მოვშორდით დაბომბილ ადგილს, რომ ცაში კვლავ გამოჩნდნენ ბომბდამშენები.

კვამლისა და ცეცხლის ალი გორის შემოსასვლელთან ავარდა. 5 წუთში შემთხვევის ადგილზე ვართ. შემზარავი სურათია. სამხედრო ნაწილთან ერთად რაკეტები მოხვედრილი აქვს 40-50 მეტრში მდგარ საცხოვრებელ სახლებს. ზოგიერთს ცეცხლი უკიდია. პირველ კორპუსთან, ეზოში, სამი მოხუცი ქალის გვამია. სურათს ვუღებ. თან საკუთარ თავზე ვბრაზდები, რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. 5 წუთში ჰაერში კვლავ ჩნდება ორი თვითმფრინავი და ზუსტად იგივე ტერიტორია იბომბება. სასწრაფო დახმარების მანქანები და რეზერვისტები მუშაობენ, პირდაპირ ცეცხლის ალიდან გამოჰყავთ დაჭრილები.

გორის შემოსასვლელთან საცხოვრებელი სახლების დაბომბვის დროს, ოფიციალური ინფორმაციით, 16 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა. იზრდებოდა დახოცილებისა და დაჭრილების სია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლის ეზოს შესასვლელთან დაკიდებულე დაფაზე იყო გაკრული.

9 აგვისტოს დილით დაბომბვა განხორციელდა ასევე ცხინვალთან ახლოს, ქართული ჯარის პოზიციებზე, სოფელ ხიდისთავთანაც, სადაც საინჟინრო საწყობები იყო. რამდენიმე წუთში რუსულმა ავიაციამ პირველად დაბომბა კოდორის ხეობაც. ეს არ იყო, უბრალოდ, საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება. რუსული ავიაცია გზას უხსნიდა ქვეით ნაწილებს, რომ შესულიყვნენ ცხინვალში, თუმცა ცხინვალთან ჯერ კიდევ ეკავათ პოზიციები ქართველ სამხედროებს. მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფმა 58-ე არმიის ავანგარდს ცხინვალის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლა გაუმართა. ე.წ. შანხაის დასახლებაში რუსეთის სამხედრო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს ყუმბარსატყორცნებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, რომლებიც დაყენებული იყო ქართული სპეცნაწილების ამერიკულ ”ლენდროვერებზე”. ბრძოლა საათ-ნახევარს გრძელდებოდა. „ეს იყო საცეცხლე კონტაქტი 5, 10,20 მეტრის სიახლოვეში. ჯარისკაცები იბრძოდნენ ხელჩართულნი, დანების გამოყენებით”,- იხსენებს რუსი ჟურნალისტი ალექსანდრ სლადკოვი, რომელიც არმიის სარდალ გენერალ ანატოლი ხრულიოვის კოლონაში იყო და თავადაც დაიჭრა:

”ეს იყო სიტუაცია, როდესაც დაიჭრა ჩვენი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის რამდენიმე ოფიცერი და რიგითები იძულებულნი გახდნენ ასეულების მეთაურობა ეკისრათ. ასეთ რამეს არც კი მოველოდი. ბრძოლაში დაიწვა 22-დან 5 რუსული სამხედრო მანქანა, დაიღუპა 6 ადამიანი, მაგრამ იყვნენ დიდი რაოდენობით დაჭრილები. ბრძოლა საათ-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.”

მაგრამ ამ წარმატებულმა საბრძოლო ეპიზოდმა და ქართული არტილერიისა და ტანკისტების მოქმედებამ რუსეთის 58-ე არმიის წინსვლა ვერ შეაჩერა.

ცხინვალის ქუჩები სავსე იყო დახოცილი ქართველი ჯარისკაცების გვამებით. ძალიან ბევრი გვამი იყო მუხრანში, ცხინვალის შესასვლელთან, რომელიც რუსულმა არმიამ 8 აგვისტოს შუადღეზე დაბომბა. ერთი წლის წინ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა რუსულ გაზეთ „კომერსანტის” ჟურნალისტმა ოლგა ალენოვამ, რომელმაც რადიო თავისუფლებას მაშინ ასეთი რამ უამბო:

”იქ, მართლაც, საშინელი სურათი იყო. ვნახე ბევრი დანგრეული სახლი, 4 თუ 5 დამწვარი ტანკი, რომელზეც ამბობდნენ, ქართველებისა არისო. ვნახე ძალიან ბევრი გვამი. ეს იყო, ძირითადად, ქართველი ჯარისკაცების გვამები, რადგან ადგილობრივები უკვე დაკრძალული ჰყავდათ. ვნახე ასევე სამი რუსი ჯარისკაცის გვამი, მაგრამ ბევრი იყო ქართველი ჯარისკაცის გვამი - მათი ცხედრები მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული. ცხინვალის მე-12 სკოლასთან 10 ქართველი ჯარისკაცის გვამი იყო. ბევრი იყო ცხინვალის გარეუბანშიც, ეგრეთ წოდებულ მუხნარში - ალბათ, ერთი 20 ჯარისკაცი მაინც იქნებოდა. როგორც გავიგე, ისინი დაბომბვისას დაღუპულიყვნენ...”

9 აგვისტოს შემდეგ ქართული საჯარისო ნაწილები განაგრძობდნენ უკან დახევას. წარუმატებლად დასრულდა შეტევა ჯავაზეც, სადაც ალყაში მოქცეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ნაწილებმა უკან ტყე-ტყე დაიხიეს. მოწინააღმდეგე ქალაქ საჩხერისაკენ მოდიოდა. ჯერ კიდევ პოზიციას ინარჩუნებდა კოდორის ხეობის დაჯგუფება, თუმცა ალყა ვიწროვდებოდა. აფხაზეთიდან შემოსული რუსული დაჯგუფება, რომელმაც ზუგდიდი უბრძოლველად აიღო, ჯვარისაკენ მიემართებოდა, რათა გადაეჭრა ზემო აფხაზეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო არტერია და გაენადგურებინა კოდორის დაჯგუფება. 2008 წლის 9 აგვისტოს ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. თუმცა მსოფლიომ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რუსეთი საქართველოს ხელახალ ოკუპაციას იწყებდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG