Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოელის საქართველო ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის სანაცვლოდ


ქართველი ჯარისკაცების სამხედრო სწავლება
ქართველი ჯარისკაცების სამხედრო სწავლება
შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი კორპუსის ინსტრუქტორები, რომელთა პირველი ნაკადი საქართველოში გასული კვირის ბოლოს ჩამოვიდა, საქმეს 1 სექტემბრიდან შეუდგებიან და ეს პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს. მათ მიერ გაწვრთნილი 750-კაციანი გაძლიერებული ბატალიონი ავღანეთში 2010 წელს გაემგზავრება. მანამდე კი ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებული ასეული, 170 კაცის შემადგენლობით. მათ ფრანგი ინსტრუქტორები გაწვრთნიან. მას შემდეგ, რაც საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში თავისი წვლილის მნიშვნელოვნად გაზრდა გადაწყვიტა, აზრები გაიყო და დაიბადა ბუნებრივი შეკითხვა: რას ელოდება ყველაფერი ამის სანაცვლოდ ქვეყანა, რომელიც ერთი წლის წინ თავად იყო გახვეული ომის ქარცეცხლში?

საქართველოდან ავღანეთში ასეულისა და ბატალიონის - დაახლოებით 920 სამხედროს - გაგზავნის გადაწყვეტილებამ პარლამენტის მხარდაჭერა 6 აგვისტოს მოიპოვა; ხოლო 4 დღის შემდეგ, 10 აგვისტოს, პირველად გაცხადდა, რომ ქართველ სამხედროებს, ფრანგების გარდა, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორები მოამზადებდნენ.

ამერიკელი სპეციალისტების პირველი ნაკადის ჩამოსვლას წინ უსწრებდა პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეფ მორელის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ წვრთნის პროგრამა ქართველი სამხედროების მხოლოდ და მხოლოდ ავღანეთისთვის მზადებას ისახავს მიზნად და რომ ამას არაფერი აქვს საერთო ქართველი ჯარისკაცების ქვეყნის შიდა თავდაცვის მიმართულებით მომზადებასთან. ეს უკვე ჰგავს რუსეთის ეჭვების გასაფანტად გავრცელებულ ინფორმაციას, თუმცა 13 აგვისტოს კომენტარში ჯეფ მორელი ამბობს იმასაც, რომ შეერთებულმა შტატებმა გულწრფელად უამბო რუს კოლეგებს, თუ რას აპირებს ის საქართველოში.

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის დაკვირვებით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ვაშინგტონი მოსკოვს წინასწარ აყენებს საქმის კურსში: ”ეს გახლავთ ”გადატვირთვის” პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება ცუდი არ იყოს... თუმცა, გარკვეულწილად, ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს, გვინდა თუ არ გვინდა, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოსთან მიმართებაში. ”

რუსეთის ზეგავლენებთან დაკავშირებით საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს თავად შეერთებული შტატები, რომლის პრინციპული მიდგომა სხვადასხვა დონეზე არაერთხელ გამოითქვა - კერძოდ ის, რომ მოსკოვს უფლება არა აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მისი მეზობელი სუვერენული ქვეყნების არჩევანს, მოიქცნენ ისე, როგორც ისინი ამას საჭიროდ ჩათვლიან და რომ მოსკოვთან ურთიერთობის განახლებას ვაშინგტონი საქართველოს ინტერესების ხარჯზე არ აპირებს. თუმცა ბოლო ხანებში ვაშინგტონს მოსკოვისთვისაც ბევრჯერ მოუხდა იმის ახსნა, რომ ის საქართველოს შეიარაღებას აღარ განაგრძობს, რომ აქცენტი, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული დონის ამაღლების სტრატეგიაზე კეთდება და რომ უახლოესი მომავლის ამოცანა საქართველოს შეიარაღებული კონტინგენტის ავღანეთის ოპერაციისთვის მომზადებაა. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ”ინტერფაქსის” მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუშიც ხაზგასმით ილაპარაკა. ვერშბოუმ იქვე წუხილი გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ჯერ ისევ აქვს ეჭვები ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობასთან დაკავშირებით.

სხვათა შორის, ავღანეთი ერთ-ერთ იმ საკითხად სახელდება, რომელთან მიმართებითაც იკვეთება რუსეთისა და ამერიკის ინტერესები. ორი ქვეყნის პრეზიდენტები მოსკოვში შეხვედრისას, ივლისის დასაწყისში, შეთანხმდნენ, რომ რუსეთი გაატარებს ავღანეთისკენ მიმავალ ტვირთებს. ალექსანდრ ვერშბოუ ამ შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც ხელმოწერიდან მე-60 დღეს, ანუ ყველაზე ადრე 6 სექტემბერს, შეიძლება დაიწყოს, პრეზიდენტების მოსკოვური შეხვედრის მეტად მნიშვნელოვან ნაყოფს უწოდებს. თუმცა უცხოელი ექსპერტები არცთუ იშვიათად სვამენ შეკითხვას - რამდენად საიმედოა ეს გზა?

ამასთან, მოსკოვის ეჭვიან მიდგომებს თუ გავითვალისწინებთ, შეუძლებელია მას თავისთავად არ აღიზიანებდეს ის ფაქტი, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ნატოს მისიაში აპირებენ ჩართვას.

ასეა თუ ისე, ამერიკელი ინსტრუქტორები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის წვრთნას პირველი სექტემბრიდან დაიწყებენ და 750 ქართველი სამხედრო მიღებული ცოდნის გამოყენებას ავღანეთში, ამერიკული სარდლობის ეგიდით, 2010 წლიდან შეუდგება. მათ იქ უკვე დახვდება ფრანგი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი 170 კოლეგა, რომლებიც, უსაფრთხოების ხელშემწყობი ნატოს საერთაშორისო ძალების საფრანგეთის კონტინგენტის ფარგლებში, სამხედრო ამოცანების შესრულებას წელს - სავარაუდოდ, გვიან შემოდგომაზე - შეუდგებიან.

ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ავღანეთში სამხედროების გაგზავნით საქართველო უსაფრთხოების პირდაპირ გარანტიებს ვერ იღებს და ეს ვერც ნატოში გაწევრიანების გარანტიად გამოდგება, მაგრამ, როგორც პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, ”საქართველოს სტაბილურობა და უსაფრთხოება მხოლოდ და მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული. და ამიტომ, რომ არ განელდეს და, პირიქით, უფრო განმტკიცდეს ეს პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი მხრიდან წყვეტა არ უნდა იყოს დასავლეთის მიმართ ერთგულების გამოხატვის პროცესში.”

თბილისში აცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომელიც ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო ყულაბაში წვლილის შეტანას გულისხმობს. ეს რომ ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსკოვური ვიზიტის ერთ-ერთ ეპიზოდშიც აღინიშნა. უშუალოდ მას შემდეგ, რაც საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, 7 ივლისს, მოსკოვში ახალი ეკონომიკური სკოლის აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, ბარაკ ობამამ ასეთი რამ თქვა:

”ამერიკა თავს არასოდეს მოახვევს სხვა ქვეყანას უსაფრთხოების საკითხის ორგანიზებას... იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანა გახდეს ისეთი ორგანიზაციის წევრი, როგორიც, მაგალითად, ნატოა, ამაზე თანხმობა უნდა განაცხადოს ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა; მათ უნდა განახორციელონ რეფორმები და უნდა შეძლონ წვლილის შეტანა ალიანსის მისიაში.”

მიუხედავად ამისა, თავადაც ომგამოვლილი საქართველოს მიერ ავღანეთში 920 სამხედროს გაგზავნა მაინც ძალიან ებევრება სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, ”არსენალის”, მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს: ”კი, ნატოს პროგრამაში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ეს უნდა იყოს სიმბოლური და არავითარ შემთხვევაში თითქმის 1000 კაცი. სიმბოლური შეიძლება ყოფილიყო ერთი ოცეულის დონეზე ან ერთი ასეულის დონეზე...”

თითქმის ორჯერ ნაკლები იყო ავღანეთში გასაგზავნი კონტინგენტის რიცხოვნება იდეის გახმაურების პირველ ეტაპზე, ერთი წლის წინათ. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ნატოს ბუქარესტის სამიტზე წამოყენებულ წინადადებას ავღანეთის მისიაში ჩართვასთან დაკავშირებით, ალიანსის წევრი ქვეყნები დიდი კმაყოფილებით შეხვდნენ. მართალია, იმავე ბუქარესტის სამიტზე ამ ქვეყნებიდან არაერთმა უთხრა საქართველოს უარი გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ასე ნანატრი მეპის, მიღებაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ სამიტზე უკრაინასა და საქართველოს ნატოში სამომავლოდ გაწევრიანების პირობა მისცეს და ეს დაპირება დღესაც ხშირად ისმის ხოლმე სხვადასხვა მაღალი ტრიბუნიდან. შესაბამისად, საქართველოს რჩება ვალდებულება თავისი წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და, შესაბამისად, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შესაძლოა სწორედ ამას ემყარება თბილისის ლოგიკა: რაც უკეთ გამოიჩენს ქვეყანა თავს და რაც უფრო დიდი კონტინგენტით იქნება წარმოდგენილი, მით უკეთესი სამომავლოდ.

მაგრამ რას მოელის საქართველო უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში?

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, ”არსენალის”, მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი სკეპტიკურად უყურებს ექსპერტთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთში მიღებული გამოცდილება დიდი შენაძენი იქნება საქართველოს თავდაცვის მიმართულებითაც:

”კი, ერთი მხრივ, კარგია, რომ გაივლიან ანტიპარტიზანულ მოქმედებებს ახლო დისტანციაზე და თანაც ქალაქის პირობებში, ან დასახლებულ პუნქტებში ბრძოლის წესებს... თუმცა ცხინვალის ომმა გვაჩვენა გასულ წელს, რომ ძირითადი ბრძოლები მაინც დისტანციური იყო და ძირითადი საფრთხე ჩვენთვის რუსეთია. ღმერთმა არ ქნას და, თუ ისევ მოგვიწევს რუსეთთან ომი, იქნება ისევ ამ სახის. ეს იქნება ბრძოლა არტილერიასთან, ავიაციასთან და ტანკებთან.”

პროფესიული დონის ამაღლებასა და ავღანეთში მიღებული გამოცდილების საქართველოს შეიარაღებული ძალების პრაქტიკაში შემდგომ გამოყენებასთან დაკავშირებით ექსპერტებს შორის უფრო ოპტიმისტური მოსაზრებებიც არსებობს. თუმცა რაც შეეხება ნატოს დახმარებას რუსეთის მორიგი აგრესიის შემთხვევაში, ექსპერტები ამას პრაქტიკულად გამორიცხავენ. პირდაპირი დახმარება, ოფიციალური განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არც შეერთებული შტატებისგან არის მოსალოდნელი.

ექსპერტებს ამას შარშანდელი გამოცდილებაც უკარნახებს. ფაქტია, რომ საქართველომ, რომელიც 1999 წლიდან მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში კოსოვოსა თუ ერაყში, ნატოს წევრი თუ მოკავშირე ქვეყნების მხარდამხარ, არ მიიღო პირდაპირი დახმარება აგვისტოს ომის დროს. აქვე ვთქვათ, რომ ქართველი სამხედროების ასეულმა ბალკანეთი 2008 წლის მარტში დატოვა, ხოლო ერაყიდან 2000 ქარველი სამხდრო სამშობლოში აგვისტოს ომის დროს დაბრუნდა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს 5 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 20-მა სამხედრომ სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო.

რაც შეეხება ავღანეთს, 2004 წელს ქაბულში მივლენილი იყო 50 ქართველი სამხედრო, ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ავღანეთში იმყოფება მხოლოდ ერთი ”ექიმი-ქირურგი, კაპიტანი გვალია, რომელიც ირიცხება ლიტვის რესპუბლიკის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში.”

დაბოლოს, ცოტა რამ ავღანეთის ომის შესახებ:

ომი, რომელიც ავღანეთში ამჟამად მძვინვარებს, 2001 წლის ოქტომბერში დაიწყო. პირველი სამხედრო ნაბიჯები იქ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ბრიტანეთმა გადადგეს. პროცესის დაწყება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა და მას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ”ტერორიზმთან ომი ” უწოდა. ავღანეთში შეჭრის მთავარ ამოცანებად ოფიციალურად სახელდებოდა ტერორისტული ქსელის - ალ-ყაიდის - განადგურება, მისი ლიდერის ოსამა ბინ ლადენის დაკავება და ალ-ყაიდის მხარდამჭერი თალიბანის რეჟიმის დამხობა. რეჟიმი მართლაც დაემხო, თუმცა თალიბები, ალ-ყაიდის ტერორისტულ ქსელთან თანამშრომლობით, უკან დახევას არ აპირებენ. ჯერ ისევ უვნებელია ოსამა ბინ ლადენიც. ბრძოლა უკვე დაახლოებით 8 წელია მიმდინარეობს და დღე არ გავა, რომ ავღანეთიდან არ გავრცელდეს ცნობები შეტაკებების, აფეთქებებისა და მსხვერპლის შესახებ.

ერაყისგან განსხვავებით, ავღანეთის სამშვიდობო სამხედრო ოპერაცია პრიორიტეტულ მნიშვნელობას ობამას ადმინისტრაციის პირობებშიც ინარჩუნებს. ნატოს ეგიდით მოქმედი უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალები ამჟამად დაახლოებით 60 ათას სამხედროს ითვლის, სადაც ნახევარზე მეტს ამერიკელი ჯარისკაცები წარმოადგენენ. ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ნატოს წევრი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG