Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარშანდელი ხანძრის მიზეზად ბორჯომელები მხოლოდ რუსეთის სამხედრო აგრესიას არ მიიჩნევენ


აალებული ტყე ბორჯომის ხეობაში
აალებული ტყე ბორჯომის ხეობაში
ამ კვირაში ზუსტად ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძარი დაიწყო. პირველი ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ შარშან, 17 აგვისტოს, გაავრცელა და განაცხადა, რომ რუსულმა სამხედრო ავიაციამ წაღვერის ტყეში ე.წ. აალებადი ჭურვები ჩამოყარა. მოგვიანებით ხანძარი გაცილებით დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა და ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა. ამ ფაქტის გამო, საქართველოს მთავრობამ რუსეთი, გენოციდის გარდა, ეკოციდშიც დაადანაშაულა. თავად ბორჯომის ხეობის მცხოვრებნი არ გამორიცხავენ, რომ შარშანდელ ხანძარს, რუსეთის სამხედრო ავიაციის მოქმედების გარდა, სხვა მიზეზიც ჰქონდა.

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. წინასწარი შეფასებით, შარშანდელმა ხანძარმა ბორჯომის ხეობაში ტყის მასივები, ნიადაგი, ფლორა და ფაუნა გაანადგურა და ეროზიის საფრთხე შექმნა. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ ტრისტან ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ შარშანდელმა ხანძარმა კატასროფული მდგომარეობა შექმნა. მისივე ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული ტერიტორიები ამჟამად შემოღობილია და გადარჩენილი ხეების მოჭრა აკრძალულია.

ბორჯომის ხეობაში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ შარშანდელი ხანძრის შემდეგ კლიმატი შეიცვალა. „სიცივე, წვიმა და მუდმივი ქარი ბორჯომს არასდროს ახასიათებდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ხეობის ერთ-ერთმა მკვიდრმა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ შარშანდელი ხანძრის გამო დამნაშავე მხოლოდ რუსული ავიაცია არ არის. ასეთი ვარაუდის საფუძველს ბორჯომელებს ის უქმნის, რომ ხანძარი გაჩნდა იმ ადგილებშიც, სადაც რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ. მოსახლეობა ეჭვობს, რომ მანამდე უკანონოდ გაჩეხილ მასივებში, კვალის დასაფარად, გარკვეულმა პირებმა ცეცხლი განზრახ გააჩინეს. საგულისხმოა, რომ გასული წლის მიწურულს ადგილობრივი სატყეო სამმართველოს დღეს უკვე ყოფილმა უფროსმა მალხაზ გიქოშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დაადასტურა, რომ ომით და ხანძრით ადამიანების ნაწილმა ისარგებლა. „თუმცა ისინი ერთეულები არიან. საქმე აღიძრა და დაიხურა, რადგან კონკრეტული დამნაშავე ვერ ვნახეთ. ხანძრის ჩაქრობისას ტყეებში საწვავით სავსე ბოთლები ვიპოვეთ და ტყეში „სალიარკას“ რა უნდოდა?!“ - ამბობდა მაშინ მალხაზ გიქოშვილი.

შარშანდელ ხანძართან მხოლოდ რუსეთის კავშირს ხედავს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ტრისტან ცუცქირიძე. მისი შეფასებით, 2 რუსული თვითმფრინავის მიერ ტყეში ჭურვების ჩამოყრას მოწმეები ჰყავს, ხოლო ის ფაქტი, რომ რუსი სამხედროები ხანძრის ჩაქრობაში ხელს უშლიდნენ როგორც ადგილობრივ, ასევე თურქ და უკრაინელ მაშველებს, იმის დასტურია, რომ ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა. ხელისუფლების გარდა, შარშანდელი ხანძრის გაჩენაში მხოლოდ რუსეთის დანაშაულს ხედავს ექსპერტთა ნაწილი და აგრეთვე ადგილობრივი მეტყევეები, თუმცა, იმასაც ადასტურებენ, რომ სტიქიამ განსაკუთრებულად ხანძრამდე გაჩეხილი ტერიტორიები დააზარალა
XS
SM
MD
LG