Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერა-კითხვის და განათლების დღე


8 სექტემბერს გაერო უკვე ორმოცდამეორედ აღნიშნავს წერა-კითხვისა და განათლების მსოფლიო დღეს. საქართველოში, სადაც ”დედა ენას” ძეგლიც კი დაუდგეს, წერა-კითხვის პრობლემა კარგა ხანია გადაჭრილია, თუმცა სამოქალაქო განათლების სფეროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

იუნესკომ წელს ისევ მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიაქციონ ყურადღება წერა-კითხვის გავრცელების პრობლემას მსოფლიოში, განსაკუთრებით აფრიკის და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, პირველ რიგში კი, ინდოეთში, რომელიც კვლავაც ლიდერობს წერა-კითხვის უცოდინართა რიცხვის მხრივ. მართალია, ბოლო 20 წელია, წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა ათი პროცენტით გაიზარდა; მართალია, შემუშავდა წერა-კითხვის სწავლების ინტენსიური მეთოდები, რომლის დახმარებითაც კითხვის სწავლა ერთ თვეში ხდება შესაძლებელი, 800 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ ვერ ფლობს მშობლიურ ანბანს - არ იცის წერა-კითხვა და ასი მილიონი ბავშვი კვლავაც არ დადის სკოლაში.

საინტერესოა, რომ წერა-კითხვის გავრცელებისა და განათლების მსოფლიო დღეს (ამ დღეს 1967 წლიდან აღნიშნავენ) თავდაპირველად მხოლოდ ”წერა-კითხვის გავრცელების დღე” ერქვა... სიტყვა ”განათლება” იუნესკომ მოგვიანებით დაურთო. როგორც ჩანს, ნათელი გახდა, რომ დედამიწაზე პროგრესის მისაღწევად მხოლოდ წერისა და კითხვის ცოდნა არ იყო საკმარისი. საქართველოში, მაგალითად, სადაც წერა-კითხვის გავრცელების პრობლემა თითქოს საბოლოოდ გადაწყდა საბჭოთა ეპოქაში, კვლავაც უამრავი წინააღმდეგობაა შექმნილი სამოქალაქო განათლების სფეროში...

საქართველოში განათლების სფეროში დასაქმებული სპეციალისტები ხშირად საუბრობენ ”გარდამავალ ეტაპზე” საბჭოთა განათლების სისტემიდან დასავლურზე... გარდამავალი ეტაპისთვის დამახასიათებელია ძველი, საბჭოთა ფასეულობების შეჯახება ახალთან, რასაც პედაგოგები, მშობლები და ზოგჯერ სკოლის მოწაფეებიც კი ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ.. ვინ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა სამოქალაქო განათლებაზე? - ვკითხეთ ფსიქოლოგ მაია გედევანიშვილს, რომელმაც საბჭოთა სკოლა გაიხსენა:

”ხომ გახსოვთ საბჭოთა ეპოქა? როგორ გვიყრიდნენ თავში მშრალ ინფორმაციას? არადა, წარმოდგენა არ გვქონდა არავის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს განათლება... მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ინფორმაციას, რომლის გამოყენება ბავშვმა არ იცის, არამედ იმ უნარებსაც, რომელთაც ის გამოიყენებს მომავალში... რეალურად, სამოქალაქო მენტალიტეტი მაინც სოციუმთან ურთიერთობაში ყალიბდება, მაგრამ საფუძველი, ღირებულებათა სისტემა აუცილებლად სკოლამ უნდა მისცეს.”

1967 წელს, როცა გაერომ წერა-კითხვის გავრცელების მსოფლიო დღის აღნიშვნა დაიწყო, სპეციალურ დეკლარაციაში აღინიშნა, რომ წერა-კითხვისა და განათლების გავრცელებას ცალკეული ქვეყნების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. თუმცა მხოლოდ გაჭირვება არ უნდა იყოს პრობლემის მიზეზი... სპეციალისტები დღეს აღზრდის ტრადიციებზე, თაობათა ურთიერთობის ტრადიციებზეც საუბრობენ.

”წერა სიყვარულის ახსნას ნიშნავს” - უთქვამს ჰანს ქრისტიან ანდერსენს, რომელსაც, სხვათა შორის, ხშირად იხსენებენ სექტემბერში, წერა-კითხვისა და განათლების გავრცელების დღეს. ინფორმაციის მიღება, კითხვა და ამ ინფორმაციის გაზიარება კომუნიკაციას, ადამიანურ ურთიერთობებს, უცხოს მიღებას და საზღვრების გარღვევას უწყობს ხელს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი აქტივისტები ოდესღაც სწორედ ამისთვის იღვწოდნენ. ჰყავთ თუ არა მათ დღეს მემკვიდრეები სამოქალაქო განათლების ”ანაბანას” შესასწავლად? თუკი გავიხსენებთ, რაოდენ რთული გახდა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, უნდა ვივარაუდოთ, რომ განმანათლებელთა რიცხვი არც ისე მაღალია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG