Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას ცნობს


უგო ჩავესი მოსკოვში, ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში გამოსვლისას
უგო ჩავესი მოსკოვში, ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში გამოსვლისას
რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ტანკები და სხვა იარაღი მიჰყიდოს ვენესუელას. ეს განცხადება, საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, მოსკოვში გაკეთდა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან მედვედევის შეხვედრის შემდეგ. მანამდე კი, შეხვედრის დაწყებამდე, ჩავესმა გამოაცხადა, რომ ვენესუელა აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამდენად, სამამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობენ.

მოსკოვი სულ უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებს ვენესუელასთან, რომლის ლიდერიც 1998 წლიდან რჩება პრეზიდენტის პოსტზე და, უწინარეს ყოვლისა, ცნობილია მწვავე კრიტიკით აშშ-ის მისამართით. კარაკასსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა, რომელიც მოსკოვში ჩავესის ამჟამინდელი ვიზიტით, როგორც ჩანს, ახალ საფეხურზე ავიდა, არა მარტო სამხედრო სფეროს მოიცავს. აი რა თქვა რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ანდრეი ნესტერენკომ დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე:

“მოსალოდნელია, რომ განსაკუთრებული ყურადღების საგანი იქნება მსხვილი ერთობლივი პროექტების რეალიზება ენერგეტიკის, სამთო მრეწველობის, მანქანათმშენებლობის, ნავთობქიმიის და მაღალი ტექნოლოგიების დარგებში. ვიზიტის ჩარჩოებში, ვენესუელის პრეზიდენტი აპირებს მთელ რიგ შეთანხმებებზე ხელმოწერას სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო თანამშრომლობის, საწვავ-ენერგეტიკულ კომპლექსში ურთიერთქმედების სფეროებში”.

ამ ვრცელ ჩამონათვალში, როგორც ნახეთ, არ იყო ნახსენები ჩავესის ის ნაბიჯი, რომელმაც ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო: საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ვენესუელა დღეიდან სუვერენულ სახელმწიფოებად განიხილავს სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთსო, განაცხადა მოსკოვში უგო ჩავესმა, რის საპასუხოდაც მისმა მასპინძელმა, დმიტრი მედვედევმა აღნიშნა: “ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ, რომ ყველა სახელმწიფოს სუვერენული საქმეა, აღიარებს თუ არა საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტებს. მაგრამ ჩვენთვის, რასაკვირველია, სულერთი არ არის ამ სახელმწიფოების ბედი და მინდა, მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ”, ასე გამოხატა პრეზიდენტმა მედვედევმა მადლიერება ვენესუელელი კოლეგის მიმართ.

დადებითია სეპარატისტების გამოხმაურებაც, ბუნებრივია, საქართველოსაგან განსხვავებით. თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვის თქმით, უგო ჩავესმა გადაწყვეტილება მოსკოვის ზეწოლის შედეგად მიიღო და მისი ნაბიჯი ლეგიტიმურობას ვერ შესძენს “მარიონეტულ რეჟიმებს”. ხოლო სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილმა, საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესთან” ინტერვიუში ჩავესი “მარგინალურ” პოლიტიკოსად მოიხსენია, ისევე როგორც დანიელ ორტეგა - ნიკარაგუის პრეზიდენტი. დღემდე ნიკარაგუა, რუსეთის გარდა, ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელსაც აღიარებული ჰქონდა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობა (ნიკარაგუის პარლამენტს დანიელ ორტეგას ეს გადაწყვეტილება ჯერ არ დაუმტკიცებია).

“მარგინალურია” თუ არა, ჩავესი ბოლო დღეებში დიდი აქტიურობით გამოირჩევა. გარდა იმისა, რომ მას ლამის ვარსკვლავის მიღება მოუწყეს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნის დოკუმენტური ფილმი აჩვენეს ვენესუელის ლიდერზე, უგო ჩავესი ბელორუსიაში სტუმრობდა, მანამდე კი ირანსაც ეწვია და, ირანის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის ლიდერებს ვენესუელასა და ირანს შორის ურთიერთობის განვითარებაზე მოელაპარაკა. სხვათა შორის, ჩავესი ერთ-ერთი პირველი უცხოელი პოლიტიკოსია, რომელმაც აჰმადინეჟადს წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - არჩევნებში, რომელთაც, როგორც ცნობილია, ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

რამდენიმე დღის წინ კი ვენესუელაში, კოლუმბიასა და ევროპის რამდენიმე დედაქალაქში გაიმართა ჩავესის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები. დემონსტრანტები აკრიტიკებენ პრესის თავისუფლების სულ უფრო შეზღუდვას და ოპოზიციის შევიწროებას.
XS
SM
MD
LG