Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკრიზისულ საბჭოს მიწისძვრით დაზარალებულთა ბედი აშფოთებს


მიწისძვრით დანგრეული სახლი
მიწისძვრით დანგრეული სახლი
თითქმის ოთხთვიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლა ანტიკრიზისულმა საბჭომ, რომლის წევრებმაც 9 ოქტომბერს ენერგეტიკისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებს მოუსმინეს. რატომ ვერ მოხერხდა რეგიონებში ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება? როგორ ეხმარება ხელისუფლება მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს? ანტიკრიზისული საბჭოს წევრთა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მთავრობის წევრებმა თითქმის ორი საათი მოანდომეს.

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას, ტრადიციულად, მისი თავმჯდომარე, დეპუტატი გია თორთლაძე უძღვებოდა, თუმცა განსახილველი საკითხების ჩამოთვლის შემდეგ სხდომა ჟურნალისტებისათვის დაიხურა, შესვენების დროს გაკეთებული კომენტარებიდან კი გაირკვა, რომ ანტიკრიზისული საბჭოს წევრები შეშფოთებულნი არიან რეგიონებში დენის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენების დაბალი ტემპითა და ონის რაიონში მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეებისათვის გაწეული დახმარების მასშტაბებით. გია თორთლაძის თქმით, მიწისძვრიდან ერთი თვის თავზე ვითარება კვლავ საგანგაშოა:

„400 შენობაა, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას. 600-მდე შენობას მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული... ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს მთავრობის ხედვა, რას აპირებენ. გადასცემენ კომპენსაციებს თუ ახალ სახლებს აუშენებენ... ზამთარი ახლოვდება და გადაწყვეტილება მისაღებია ძალიან სწრაფად.“

ირკვევა, რომ ხელისუფლება მიწისძვრით დაზარალებული მოქალაქეების უმეტესობას ჯერჯერობით მხოლოდ კარვებითა და სურსათით დაეხმარა, თუმცა, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ირწმუნება, სულ მალე დაზარალებულთა ნაწილს ფულად კომპენსაციას გადასცემენ, ნაწილს კი ავარიულ სახლებს შეუკეთებენ. შეფერხებას კი გია ხუროშვილი ასეთ ახსნას უძებნის:

„ბუნებრივია, როცა საქმე გვაქვს ასეულობით სახლის დანგრევასთან, იქნება მცირე ხარვეზი. ერთბაშად ყველა დაზარალებულის მაქსიმალურად დაკმაყოფილება შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ სამთავრობო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ დაზარალებულთა ყოფის შესამსუბუქებლად.“

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ისიც ითქვა, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისათვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო. რაც შეეხება რეგიონებში დენის ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას, ანტიკრიზისული საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მისაღებია კანონი, რომელიც კერძო სადისტრიბუციო კომპანიას აიძულებს, უმოკლეს ვადაში დაამონტაჟოს ინდივიდუალური მრიცხველები. ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ყველა ოჯახი ინდივიდუალური მრიცხველით უნდა სარგებლობდეს.

მისი თქმით, გამრიცხველიანებისათვის საჭირო ოპტიმალური ვადა წელიწად-ნახევარს არ აღემატება. ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური კი განმარტავს, რომ გამრიცხველიანება მხოლოდ დენის აღმრიცხველი ხელსაწყოს გამოცვლას არ გულისხმობს:

„გამრიცხველიანება არის ფართო მასშტაბის სამუშაო და ითვალისწინებს ბოძების, სადენებისა და მრიცხველების გამოცვლას. შესაბამისად, შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშაოს ერთსა და ორ წელიწადში შესრულება, თუმცა ეტაპობრივად ეს ყველაფერი განხორციელდება.“

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დეპუტატი ჯონდი ბაღათურია გამოვიდა ინიციატივით ჩამოიწეროს გაზის, ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა კომუნალური მომსახურების დავალიანება, რომელსაც ასობით ათასი მოქალაქე წლების განმავლობაში ვერ იხდის. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დეპუტატის ამ ინიციატივას ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. გარდა ამისა, 9 ოქტომბერს ანტიკრიზისული საბჭოს წევრებმა უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია საბჭოს მოსალოდნელი დაშლის შესახებ. გია თორთლაძის თქმით, ანტიკრიზისული საბჭო რეგულარულად შეიკრიბება და ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG