Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ედავებიან შამბას ალასანიასთან დაკავშირებით


სერგეი შამბა, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი შამბა, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე აფხაზეთში დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდა, თუმცა ამ დაპირისპირების თემა ახალი არ არის და ის შეეხება პროცესს, რომელსაც იმხანად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი ირაკლი ალასანია უძღვებოდა. საუბარია საგანგებო დოკუმენტზე, რომლის ხელმოწერაც ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ვეღარ მოხერხდა და რაშიც აწ უკვე ოპოზიციონერი ალასანია ხელისუფლებას ადანაშაულებს. რა არის ცნობილი ამ დოკუმენტის შესახებ და მართლაც მოდიოდა თუ არა სერგეი შამბა დათმობაზე?

აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მართლება 23 ნოემბერს საგანგებო პრესკონფერენციაზე სცადა. სერგეი შამბა ძველი ბრალდების მოგერიებას სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას თავდასხმის შედეგად ცდილობდა.

ხაჯიმბამ შამბას ის ხელმოუწერელი დოკუმენტი გაახსენა, რომელზეც ქართულ-აფხაზური მხარეები წლების მანძილზე ერთობლივად მუშაობდნენ. სერგეი შამბას, რომელიც მოლაპარაკებებზე აფხაზურ მხარეს წარმოადგენდა, რაულ ხაჯიმბა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით აფხაზეთის ინტერესების საწინააღმდეგო კომპრომისში და ირაკლი ალასანიასთან გარკვეულ პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს.

ირაკლი ალასანია, პრეზიდენტის ყოფილი
წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქ- ტის დარეგულირების საკითხებში
ალასანია იმხანად პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი გახლდათ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში, ის აქტიურად იყო ჩაბმული პროცესებში და ამ მიზნით 2008 წლის მაისში სოხუმსაც კი სტუმრობდა. მისი ინფორმაციით, დოკუმენტის მიზანს ”საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობა” და ”დევნილების დაბრუნების საკითხის დარეგულირება” წარმოადგენდა. ამის შესახებ მან პირველი განცხადებები გასული წლის 24 დეკემბერს გააკეთა - სწორედ იმ დღეს, როდესაც, გაეროში საქართველოს მუდმივი ელჩის პოსტის ნებაყოფლობით დატოვების შემდეგ, თბილისში დაბრუნდა და საზოგადოების წინაშე პირველად წარდგა, როგორც ოპოზიციონერი. იმ დღეს ალასანიამ ისიც თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერის რეალური შანსი არ გამოიყენა, რამაც აგვისტოს ომის პროვოცირების რისკიც კი გაზარდა. ალასანიამ აღნიშნა, რომ დოკუმენტი შეთანხმებული იყო და ის ”ორივე მხარის ინტერესებს ასახავდა”.

ირაკლი ალასანიამ გასული წლის 24 დეკემბერს პირველად დაასახელა პოსტის დატოვების მიზეზი. ეს, მისი თქმით, იყო ”ძირეულად განსხვავებული ხედვები” მასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ”ქვეყნის შიდა და სამხედრო პოლიტიკური განვითარების საკითხებში, მათ შორის - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.”

ასეა თუ ისე, ალასანიას მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებები, რომელშიც, გარკვეულწილად, ევროკავშირის სახელმწიფოთა ელჩებიც იყვნენ ჩართული, დოკუმენტის ხელმოწერით ვერ დაგვირგვინდა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის აზრით, ამგვარი შედეგი რუსეთის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ განსაზღვრა. მალაშხიასთვის აშკარაა, რომ კრემლს სეპარატისტების აყოლიება არასდროს უჭირდა.
”ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ მოიხსნას რუსეთის ზეწოლა რეგიონზე, რათა აფხაზებმა მიიღონ თითონ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ არის აფხაზებსა და ქართველებს შორის მოლაპარაკება.”

და მაინც, რა პასუხი აქვს სერგეი შამბას პოლიტიკური ოპონენტის ბრალდებაზე, რომ ის, ხელმოწერის გარეშე დარჩენილი ქართულ-აფხაზური დოკუმენტის ფარგლებში, კოდორის ხეობასთან მიმართებით თბილისთან გარკვეულ კომპრომისზე მიდიოდა?

23 ნოემბერს შამბამ თავი ასე იმართლა: ”გვესმოდა, რომ ქართველები არასოდეს დათანხმდებოდნენ იმას, რომ საკუთარი ნებით გამოეყვანათ ჯარები კოდორის ხეობიდან და ამიტომ ჩვენ გამოვხატავდით მზადყოფნას განგვეხილა საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტი. თუმცა ამის პარალელურად ვამზადებდით სამხედრო ოპერაციასაც. კოდორის ხეობის ჩაბარებას არავინ აპირებდა. მე შემიძლია განახვოთ დოკუმენტი, რომელიც ალასანიასთან ერთად შევქმენით. იქ მსგავსი არაფერია ნახსენები. დოკუმენტში კოდორის ხეობას ერთი პატარა პუნქტი ეხება, სადაც ნათქვამია, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და გააგრძელებენ ხეობის პრობლემის გადაწყვეტის მშვიდობიანი გზების ძიებას. ”

მილიტარისტული გეგმის კიდევ ერთხელ აღიარების მიუხედავად, შამბა იქვე აღნიშნავს, რომ მისი საგარეო საქმეთა სამინისტრო ”სამხედრო უწყება არ არის” და რომ მისი უწყების ამოცანას ”პრობლემის დარეგულირების მშვიდობიანი საშუალებების ძიება წარმოადგენს.” ”ხოლო რა იქნება ამა თუ იმ პირობებში უფრო მართებული - სამხედრო თუ დიპლომატიური საშუალებები - ეს ქვეყნის ხელისუფლების გადასაწყვეტია.”

სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე შამბა ცდილობდა დაერწმუნებინა ჟურნალისტები, რომ მისი ხელისუფლება კოდორის ხეობასთან მიმართებით, უბრალოდ, ყველა შანსის მოსინჯვას აპირებდა და რომ მისი სახით აფხაზეთის მხარე დიპლომატიურ ჩარჩოებში მოქმედებდა.

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი
იმხანად პროცესებს თვალყურს ადევნებდა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, რომელიც ალასანიას მიერ წარმოებული მოლაპარაკებების ფარგლებში იმთავითვე არ მოელოდა გარდატეხას. ”მოლაპარაკებები, დიალოგი, ურთიერთობის აღდგენა - ეს შესაძლებელი იყო... სოხუმი ამაზე მუდამ დიდი სიამოვნებით წამოვიდოდა და დღესაც წამოვა, თუ, რასაკვირველია, საქართველო დე ფაქტო აღიარებს მის დამოუკიდებლობას. სხვა რაიმე მონაცემები იქ არ ჩანდა, უბრალოდ”, - ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას. შესაბამისად, სერგეი შამბას იმდროინდელ ქმედებებში მას კომპრომისის სურვილი არ შეუნიშნავს, თუმცა ექსპერტებს შორის არცთუ იშვიათად ლაპარაკობენ თბილისის მიერ გაშვებულ შანსზე - იმაზე, რომ პირდაპირი დიალოგის უფრო შედეგიანად გამოყენება შეიძლებოდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG