Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კოდექსზე დისკუსიამ პარლამენტში გადაინაცვლა


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაზე NDI-ის ფორმატში მომუშავე ჯგუფის წევრებისადმი შეთავაზების ვადა ამოიწურა. ეროვნულ-დემოკრატებმა ჯგუფის პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდეს 9 თვის განმავლობაში შეთანხმებული საკითხები ხელმოწერით დაედასტურებინათ. საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის 11 სუბიექტიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივას მხოლოდ „ალიანსი საქართველოს“ წევრი პარტიები არ გამოეხმაურნენ - უფრო ზუსტად კი, ნეგატიურად გამოეხმაურნენ და მხარი არ დაუჭირეს კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობის პროცესის პარლამენტში გადატანას. ისინი მოლაპარაკებების კვლავ NDI-ში გაგრძელების წინადადებით გამოდიან, საკანონმდებლო ორგანოში კი უკვე შეჯერდნენ შეთანხმებული საკითხების დაჩქარებული წესით განხილვისა და შეუთანხმებელ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციების წარმოების შესახებ.

NDI-ის ფორმატში შეჯერებულ საკითხებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, სავარაუდოდ, 2 კვირაში გაიტანენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, პირველი საკანონმდებლო მოთელვა ინტერფრაქციული ჯგუფი წევრებმა 26 ნოემბერს გაიარეს. სწორედ პავლე კუბლაშვილის მიერ ორგანიზებულ კონსულტაციაზე გადაწყდა, რომ სადავო საკითხებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

“ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ, საერთო კონსენსუსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი უნდა გავაჩეროთ, ხელები დავიკრიფოთ და ვთქვათ, რომ არჩევნები გაზაფხულზე ჩავატაროთ ისე, როგორც ჩატარდა 2006 წელს, როდესაც აპრიორი 80 პროცენტი თბილისში გარანტირებული ჰქონდა ერთ პარტიას. უნდა მოვახერხოთ პროცესის წარმართვა ისე, რომ იმაზე უკეთესი საარჩევნო გარემო შევქმნათ, რაც იყო მანამ“, - ამბობს ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე.

იმ 8 საკითხს შორის, რომელიც სადავოდ უკვე აღარ ითვლება, არის თბილისის მერის არჩევნებში 30 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწესება:

“ბარიერის საკითხი როგორც განისაზღვრა, ისე დარჩა. მაგრამ მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობდით 8 თვის განმავლობაში, თითქმის მიყვანილია, ასე ვთქვათ, კონსენსუსამდე. ამიტომ გვჭირდება პერიოდი და მეორე მოსმენისთვის, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე საკითხზე შევთანხმდებით“, - განმარტავს დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი გია თორთლაძე.

შეთანხმებულ საკითხთა შორისაა ასევე საკრებულოში პარტიული და მაჟორიტარული წესით დეპუტატების თანაბარი - 25-25-ზე - ფარდობით არჩევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ სამი კანდიდატურის დასახელება და მათგან ოპოზიციის მიერ შერჩეული კანდიდატის დამტკიცება, საარჩევნო კომისიების პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტება, სპეცუბნების გაუქმება, გასაჩივრების ვადის 48 საათამდე გაზრდა და სხვ.

“ჩვენ უნდა მოვასწროთ საარჩევნო კოდექსის მიღება უკვე თვითმმართველობის არჩევნებამდე და ის, რა პრინციპებზეც შევთანხმდით, ასახვას პოვებს კანონმდებლობაში. არის საკითხები, რაზეც ვერ შევთანხმდით, სადავოა და, ბუნებრივია, ჩვეულებრივი პროცესია, რომ პარლამენტში ვიმუშავებთ.“

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძისაგან განსხვავებით, ამ ეტაპზე და ამ ფორმით საარჩევნო კანონმდებლობის საკითხებზე მსჯელობის პარლამენტში გადატანას არ ეთანხმებიან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ალიანსი საქართველოსათვის“ წევრები. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ფორმატში კონსენსუსის მიუღწევლობის მთავარი მიზეზი დედაქალაქის მერის არჩევნებზე ბარიერის საკითხი გახდა. პოლიტიკური გაერთიანება, 30-ის ნაცვლად, 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ითხოვს. კომპრომისი, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე „ალიანსმა“ დაუშვა, ბარიერის 45 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებდა. კომპრომისებისთვის მზაობაზე „ალიანსის“ სუბიექტები დღესაც საუბრობენ. „ალიანსი საქართველოსათვის“ სახელით, ზურაბ აბაშიძე განმარტავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების ჯგუფში გადაწყვეტილებების მიღების ახალ წესზე, ანუ კონსენსუსის შეცვლაზეც, შეიძლებოდა მოლაპარაკება.

“NDI-ის ფორმატი შეთანხმების კონსენსუსის სახით მიღებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, რომ ხელი მოვაწეროთ შეთანხმებულ საკითხებს, ჩვენთვის მიუღებელია. მაშინ უნდა შეიცვალოს თვითონ წესი შეთანხმების ამ ფორმატში და მაშინ უნდა შევიკრიბოთ ხელახლა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, თუ როგორ და რანაირად ვაპირებთ ვიმოქმედოთ“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინტერპარტიული ჯგუფის საკითხი კი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ხელისუფლებამ ამ ჯგუფის ფორმატი დახურულად მას შემდეგ ცნო, რაც საარჩევნო პაკეტზე კენჭისყრა ჩავარდა, ანუ „ალიანსმა“ მხარი არ დაუჭირა პროექტს, რომელიც თბილისის მერის არჩევნებზე 30 პროცენტიანი ბარიერის დაწესებას ითვალისწინებდა. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსზე მსჯელობას პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში გააგრძელებს. მსჯელობამ 26 ნოემბრიდან უკვე საპარლამენტო პროცედურის ხასიათი მიიღო:

“რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ მსჯელობა აბსოლუტურად გაუგებარ ბარიერთან და საკანონმდებლო რეგულირებებთან დაკავშირებით და ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ, როგორ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დგას თბილისელების, ტყიბულელების, ყველა მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა წინაშე და ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე.“

ეგრეთ წოდებული შეთანხმებული საკითხების საფუძველზე შექმნილი საარჩევნო კანონპროექტი 30 ნოემბერს პარლამენტის ბიუროზე იქნება გატანილი.
XS
SM
MD
LG