Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენის კონფერენცია ჩიხში მოაქცია უთანხმოებამ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის


კლიმატის საკითხზე კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია ჩიხშია მოქცეული განვითარებად და მდიდარ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო. სენეგალის პრეზიდენტმა აბდულაიე ვადემ მდიდარი ქვეყნები თავიანთი დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ბოლივიისა და ვენესუელის პრეზიდენტებმა, ევო მორალესმა და უგო ჩავესმა კი განაცხადეს, რომ მდიდარი ქვეყნები „მსოფლიოს იმპერიული დიქტატურის“ შექმნას ცდილობენ. გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრის, ნორბერტ რიოტგენის განცხადებით, 25 ქვეყნის, მათ შორის ბრიტანეთის, გერმანიისა და სხვა ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენელთა ჯგუფში მსჯელობენ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა კოპენჰაგენის კონფერენციის თავმჯდომარე კონი ჰედეგაარდი, რომლის პოსტიც დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოეკკე რასმუსენმა ჩაიბარა. ჰედეგაარდი დახურულ კარს მიღმა შეხვედრებს გაუძღვება. იუწყებიან აგრეთვე, რომ პოლიციამ ცრემლმდენი ნივთიერება და ხელკეტები გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რათა არ დაეშვა მათი შეჭრა იმ ადგილას, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს. დღეს, სულ ცოტა, 250 დემონსტრანტი დააკავეს.
XS
SM
MD
LG