Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა ომბუდსმენის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში განიხილა


მიმდინარე წლის ბოლო პლენარულ სხდომაზე, 18 დეკემბერს, დეპუტატები ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის ანგარიშის მოკლე ანალიზი მოისმინეს. საუბარია სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებაზე ”საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ”, რომელიც 2009 წლის პირველი 6 თვის მონაცემებსა და ფაქტებს ეყრდნობა. გიორგი ტუღუშის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიერ შეფასდა როგორც ”მწვავე” და ”ობიექტური”, გარკვეული კრიტიკა მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან.

უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან გამოხატული უკმაყოფილების მთავარი აქცენტები 2009 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციის ხმაურიანი დარბევის ფაქტს უკავშირდებოდა. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ 6 მაისს, თბილისის შინაგან საქმეთა მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პოლიციამ აკრძალული იარაღი - რეზინისა და პლასტიკური ტყვიები - გამოიყენა, რასაც არაერთი ადამიანის დაშავება მოჰყვა, ერთ-ერთმა კი თვალიც დაკარგა. ომბუდსმენი გარკვევით ამბობს, რომ ”სამართალდამცავების მიერ აღნიშნული იარაღის გამოყენება საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ იყო კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან იმ მომენტისთვის აღნიშნული იარაღის გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით არ იყო დაშვებული. პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენება შესაძლებელი გახდა პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც განხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს. ”

პარლამენტის ტრიბუნაზე ნაციონალური მოძრაობის სახელით გამოსული გოკა გაბაშვილი ხელისუფლების ძველებური პოზიციის დამტკიცებას 18 დეკემბერსაც შეეცადა და აღნიშნა, რომ ხსენებული ცვლილებები არა დაშვებას, არამედ დაშვებულის დაზუსტებას ისახავდა მიზნად: ”კანონის ადრინდელ რედაქციაში, და ჩვენ ამაზე ამ დარბაზში ბევრი გვიდავია, დაშვებული იყო ის, რაც არ არის აკრძალული საერთაშორისო კონვენციებით, მაგრამ შემდგომ კანონში გავაკეთეთ უკვე ძალიან კონკრეტული ჩამონათვალი. ანუ ეს იქამდეც არ იყო აკრძალული, მაგრამ ამის შემდგომ ეს ბევრად უფრო გარკვევით არის ასახული კანონში.”

უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ომბუდსმენმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია მომიტინგეთა მხრიდან სამართალდამცველებსა თუ დეპუტატებზე განხორციელებულ სხვადასხვა სახის თავდასხმას. ამის გამო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ომბუდსმენის ანგარიშში წარმოდგენილი ზოგიერთი საკითხი ”პოლიტიზირებულადაც” მოიხსენია, თუმცა თავად ომბუდსმენი ამ ხასიათის შენიშვნებს არ იზიარებს: ”სახალხო დამცველი, კანონიდან გამომდინარე, ყურადღებას აქცევს და რეაგირებას ახდენს იმ ფაქტებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ უფლებადარღვევებს და ჩვენ მიერ ხდება რეაგირება იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა სამართალდარღვევა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან.”

სახელმწიფო მოხელეების მხრიდან არაერთი დაუსჯელი დანაშაულის აღწერისა და დაახლოებით 80 რეკომენდაციის წარმოდგენის მიუხედავად, სახალხო დამცველის ანგარიშმა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკაც გამოიწვია. ოპოზიციონერი დეპუტატების ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ანგარიში არაფერს ამბობს პოლიტპატიმრების შესახებ და რომ მასში მხოლოდ რელიგიური უმცირესობების მისამართით გამოხატული ძალადობის ფაქტებია აღწერილი. ამის გამო, მაგალითად, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გიორგი ტუღუში მართლმადიდებელთა უფლებების იგნორირებაში დაადანაშაულა.

გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ომბუდსმენის ანგარიშში აღწერილი მნიშვნელოვანი კანონდარღვევები შემდგომ რეაგირებას საჭიროებს. ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივის მიხედვით, პარლამენტს უნდა მიეღო დადგენილება, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს ფაქტების შემდგომ გამოძიებას დაავალებდა. უმრავლესობის წარმომადგენლები კი ემხრობოდნენ ომბუდსმენის ანგარიშის ”მოსმენისა და ცნობად მიღების” დადგენილების მიღებას. ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება სულაც არ იქნებოდა ანგარიშში მოყვანილი ფაქტების იგნორირება. საბოლოოდ, 3-საათიანი საკმაოდ მწვავე კამათის შემდეგ, კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგა და მიზეზად არასაკმარისი კვორუმი დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი განხილულად, დღის წესრიგი ამოწურულად, ხოლო საშემოდგომო სესია დასრულებულად გამოაცხადა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG